ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინას შეუძლია რღვევის პროცესში მყოფ რუსეთის რეჟიმს ბოლო მოუღოს“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ალბათ, ერთადერთი, რაც შეიძლება დარწმუნებით ითქვას „ვაგნერის“ მხრიდან გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის არის, რომ რუსეთს არათუ მსხვილი ქალაქების, არამედ საკუთარი საზღვრების დაცვაც არ შეუძლია. შესაბამისად, დასავლეთმა ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გააკეთოს: უკრაინას იმდენი თავისუფლება და ინსტრუმენტები უნდა მისცეს, რომ კიევმა რუსეთის სისუსტით ისარგებლოს და ვლადიმერ პუტინის რეჟიმი საბოლოოდ დაამხოს.
მთელი ამ ომის განმავლობაში პუტინი ეყრდნობოდა იმ ვარაუდს, რომ უკრაინის საომარი მოქმედებები მხოლოდ მისივე ტერიტორიით იქნებოდა შემოფარგლული. კრემლს ეგონა, რომ ომს თითზე ჩამოსათვლელ დღეებში დაასრულებდა. ახლა პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთი უკრაინის არმიას თავისი საზღვრების გარეთ გასვლის ნებას არ მისცემს. რუს დიქტატორს ჰგონია, რომ ნატოს ეშინია და ამიტომ უკრაინის ჯარის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას არ დაუშვებს.
მაგრამ რატომ არ უნდა შეიჭრას უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე? მოსკოვი უკვე დასავლეთიდან ეკონომიკურად იზოლირებულია, მისი არმია ძლივძლივობით იცავს თავს და აქედან გამომდინარე, აღორძინების პროცესში მყოფი დასავლეთისადმი მას წინააღმდეგობის გაწევა უჭირს.
რა თქმა უნდა, უკრაინის არმიას აქვს შესაძლებლობა ღია მასიური დარტყმა მიაყენოს საკუთრივ რუსეთის ტერიტორიას. გასული დღეების მოვლენები ექსტრაორდინარული იყო: რამდენიმე ათასმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა იოლად გაიარა ასობით კილომეტრი და მოსკოვს მიუახლოვდა. და ამ დროს, თქვენ წარმოიდგინეთ, რას იზამს ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის რეგულარული არმია, რომელიც უახლესი დასავლური იარაღით არის შეიარაღებული?
რუსეთის მიერ განცდილმა დანაკარგებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ მისი არმია ახალწვეულებისა და იმ ქვედანაყოფების იმედზეა, რომლებიც დიდი მანევრირებულობით არ გამოირჩევიან. შესაბამისად, უკრაინას უჩნდება შესაძლებლობა, რომ მან კონტრშეტევა, კარგი მომზადების წყალობით, უფრო შედეგიანად წარმართოს და გაარღვიოს მოწინააღმდეგის გამაგრებული ზღუდეები, რომლებსაც რუსეთი თითქმის ერთი წელი აშენებდა.
დასავლურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ აქვთ იმის შიში, რომ თუ ვლადიმერ პუტინი მარცხს იგრძნობს, ის „ბირთვული იარაღის ჟღარუნს დაიწყებს“. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არის დიდი რისკი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა, მაგრამ განა რუსეთში ყველას სურს ბირთვული ომის დაწყება?
და თუ ვლადიმერ პუტინს ბირთვულქობინებიანი რაკეტების გაშვება სურს, მას ამის საბაბი დიდი ხანია აქვს – რუსული სამხედრო დოქტრინა პრეზიდენტს უფლებას აძლევს ბირთვული იარაღით ისარგებლოს, თუ მოწინააღმდეგე მის ტერიტორიას შეუტევს. კრემლმა ოკუპირებული დონბასი თავის ტერიტორიად იურიდიულად გამოაცხადა და როცა უკრაინის არმია ახლა დონბასს უტევს, მოსკოვს შეუძლია ზემოხსენებული უფლება გამოიყენოს. მაგრამ მას დღემდე არაფერი არ გაუკეთებია. და არც მაშინ არ გააკეთებს, როცა უკრაინა 2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიის (ყირიმის) გათავისუფლებას დაიწყებს.
გავიხსენოთ, რომ კრემლი იმუქრებოდა – თუ უკრაინა ნატოს ქვეყნების მიერ მიცემულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა, რუსეთის ამგვარ ქმედებას ნატოს აგრესიად ჩათვლიდა. ბელგოროდში შეჭრილმა უკრაინის დაქვემდებარებაში მყოფმა „რუსულმა ლეგიონმა“ ჩეხური და ბელგიური იარაღი გამოიყენა. რა გააკეთა საპასუხოდ რუსეთმა? არაფერი.
ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უბრალოდ, მას არ შეუძლია ამის გაკეთება. მან კარგად იცის, რომ თუ იგი წითელ ღილაკზე თითით დაჭერას შეეცდება, ეს ფიზიკურად მის სასიკვდილო განაჩენსაც ნიშნავს, გარანტირებული განადგურების ან შიდა სასახლის გადატრიალების სახით. პუტინი ის კაცი არ არის, რომელიც ასეთ რისკზე წასვლად გადაწყვეტს. „ვაგნერის“ ამბოხებამ მის ავტორიტეტს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა: ჩვენ პირველად ვნახეთ მისი ხელისუფლების საფრთხე რუსეთის შიგნით, თუ როგორ დაიხია უკან ე.წ. „ძლიერმა კაცმა“.
იმდენად, რამდენადაც, როგორც ჩანს, მისი ხელისუფლება მართლაც დასუსტდა, ჩვენ არავითარი სინდისის ქენჯნა არ უნდა გვქონდეს, თუ მისი დამხობისათვის მოვლენებს დავაჩქარებთ. ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ სიფრთხილე დავიცვათ, რადგან შეიძლება პუტინის მემკვიდრე უფრო უარესი აღმოჩნდესო. მაგრამ ჩვენ უკვე ერთხელ დავუშვით მსგავსი შეცდომა, როცა ერაყის პირველი ომის დროს სადამ ჰუსეინს ხელისუფლებაში დარჩენის უფლება მივეცით. თუ დიქტატორი მეზობლების წინააღმდეგ ომს იწყებს, ასეთ სიტუაციაში ყველა ალტერნატივა უკეთესია. მისი მემკვიდრე უფრო უარესი რუსეთისათვის იქნება და არა ჩვენთვის.
წყარო