აშშ-ის სამთავრობო სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე სათაურით „ახლა უკრაინის ძალებში ეჭვის შეტანის დრო არ არის“, აქვეყნებს ინტერვიუს თადარიგის გენერალ ფილიპ ბრიდლოვთან.
გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:
„უკრაინის შეიარაღებული ძალები რუს ოკუპანტებს რამდენიმე მიმართულებით უტევენ. მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში, კონტრიერიშის მიმართ მოლოდინები უკიდურესად მაღალია და კიევისგან ბრძოლის ველზე გამარჯვების ჩვენების წნეხიც არ მცირდება, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე – ამას ისურვებდნენ, მაგრამ ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ რუსებს თავდაცვის ხაზების გასამაგრებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ.
ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი და 40-წლიანი სამხედრო კარიერის მქონე თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაჭარბებული მოლოდინი მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ, ვისაც არ ესმის როგორ მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები თანამედროვე სამყაროში. სინამდვილეში კი უკრაინელები რამდენიმე მიმართულებას ამოწმებენ და პარტნიორები, რომლებმაც ნახეს, როგორი წარმატებული სტრატეგიით განდევნა უკვე უკრაინამ რუსები თავისი ტერიტორიებიდან, ამჯერადაც უნდა ენდონ მათ. მოვლენებს კი სიმშვიდითა და მოთმინებით დააკვირდნენ.
– უკრაინის კონტრშეტევა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, დაწყებულია. პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, რომ პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე – ისურვებდნენ. თუმცა იქვე ამბობს, რომ არ აპირებს საკუთარ ჯარისკაცებს ნაჩქარევად დანაღმული ტერიტორიებისკენ უბიძგოს. როგორ ფიქრობთ, რა ვითარებაა ახლა და როგორ გამოიყურება ის თქვენთვის სამხედრო თვალსაზრისით?
– ვფიქრობ, ყველა ცოტათი უნდა მოდუნდეს. ჩვენ ახლა ვხედავთ იმას, რაც მოსალოდნელი იყო უკრაინული ძალებისგან. ისინი არიან შემოწმების და გამოცდის ფაზაში. ამ პროცესში მათი ძალების დაახლოებით 30 %-ი ან ნაკლებია ჩართული. ისინი იწყებენ გარკვეული წარმატების მოპოვებას 1-2 მიმართულებით და ნაკლები წარმატება აქვთ სხვა მიმართულებებით. ჩვენ ახლა ვხედავთ მათ სამზადისს იმისთვის, თუ როგორ გამოიყენონ შემდეგ თავიანთი ძალების უფრო დიდი ნაწილი და – სად.
იმის მიხედვით, რასაც ყოველ დილით ვხედავ, დაახლოებით 4 ნაწილია, სადაც ისინი განსაკუთრებით ცდილობენ ძალების მოსინჯვას. მათგან ნახევარი დიდად ნაყოფიერი არ არის. ერთ მხარეს ისინი იწყებენ წარმატების მოპოვებას თავდაცვის პირველ ხაზებში. შემდეგ კი ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის დარტყმა, რომელიც იქნება სანაპიროსკენ მიმართული და რომელიც აჩვენებს გარკვეულ წარმატებას ახლა თავდაცვის მეორე ხაზების მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ ვართ, იქ, სადაც მოსალოდნელი იყო, რომ ვყოფილიყავით.
დიახ, იყო ცუდი მოლოდინი. იყო ხალხი, ვინც ელოდა, რომ ნახავდა დროშების ფრიალს და ბალაკლავის ბრძოლისას “მსუბუქი ბრიგადის შეტევის“ მსგავს მოძრაობად ქცევას. (ბრიტანული კავალერიის იერიში რუსული ჯარების წინააღმდეგ ყირიმში, მე-19 საუკუნეში). თანამედროვე ომი ასე არ მიმდინარეობს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რუსებს ამდენი თვე ჰქონდათ თავიანთი თავდაცვის მოსამზადებლად. მე ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი. მიეცით საშუალება უკრაინელებს გააკეთონ თავიანთი საქმე, მიეცით საშუალება მიიღონ კარგი გადაწყვეტილებები, ისეთი, როგორსაც ამ ომში აქამდეც იღებდნენ და ვნახავთ, როგორ წარიმართება მოვლენები.
– ამ კონტრიერიშის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია. ბევრი ჩქარობს, დაასკვნას, წარმატებულია თუ არა ის. ბევრი იმასაც შიშობს, რომ თუკი უკრაინა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან გამარჯვებებს ვერ აჩვენებს, შესაძლოა დასავლელი ლიდერები და მხარდამჭერი საზოგადოებებიც კი შეეგუონ იმას, რომ ეს კიდევ ერთ ე.წ. „გაყინულ კონფლიქტად“ იქცეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ წნეხს უკრაინის ძალების იერიშზე. როგორ შეიძლება ამ მოლოდინის შესრულების სურვილმა მათ სტრატეგიაზე და მეორე მხრივ კი უკრაინის დახმარების მომავალზე იმოქმედოს? როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას კიევი სამხედრო და პოლიტიკური კუთხით?
– ნათელია, რომ უკრაინა გარკვეული წნეხის ქვეშაა მათგან, ვისაც დაუყოვნებლივი შედეგების ნახვა სურს. მე არ ვარ კრიტიკული და არ ვსაუბრობ მაინცდამაინც ქედმაღლურად, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც არ ესმის ომი, და რომელთაც აქვთ არც ისე საფუძვლიანი მოლოდინები. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას ვურჩევდი. დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იქცეოდა უკრაინა, ამ ომში: მათ რუსებს სტრატეგიული მარცხი აწვნევინეს კიევის ჩრდილოეთით; სტრატეგიულად დაამარცხეს რუსეთი ხარკივის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით. მათ ოპერაციული წარმატება აქვთ ხერსონის შემოგარენშიც. და რატომ დავიწყეთ უეცრად მათი შეფასებების და გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება? ვფიქრობ, მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ განახორციელონ თავისი გეგმები.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გარკვეული პროგრესი აჩვენოს. ისინი, ვისაც ესმის, როგორ მიმდინარეობს ასეთი ომები, ალბათ უფრო მეტად მომთმენნი არიან. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს ჰქონდა დრო თავდაცვა გაეძლიერებინა, გაემაგრებინა პოზიციები, მომზადებულიყო. ასე რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ეს არ იქნება ბრძოლა უდიდესი შედეგების დაუყოვნებლივ ჩვენებით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ კარგ შედეგებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით და ეს გამამხნევებელია.
დიახ, უკრაინამ უნდა აჩვენოს გარკვეული წარმატება მსოფლიოს, დონორებს, მის საკუთარ ხალხსა და ჯარისკაცებსაც კი, ეს საჭიროა საბრძოლო მორალის ამაღლებისთვისაც. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინას მალე ექნება ამ ტიპის მონაპოვარი და მსოფლიოც დაიწყებს დაწყნარებას უკრაინისადმი მოლოდინებთან დაკავშირებით.
– თქვენ ამბობთ, რომ ის, რომ რუსეთს მოსამზადებლად დიდი დრო ჰქონდა, ვითარებას ბევრად ართულებს. ხომ არ შეიძლებოდა ამ დროის უკეთ გამოყენება? თქვენ ხშირად საუბრობთ უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე. როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა ახლა უკრაინელებს ის, რაც სჭირდებათ და თუ არა, რა სჭირდებათ მათ?
– არა, არ აქვთ. და მე ამის შესახებ ყოველთვის ხმამაღლა, დაუფარავად ვსაუბრობ. ჩვენ უკრაინას მივეცით საკმარისი საიმისოდ, რომ ისინი ბრძოლის ველზე დარჩნენ და არ დამარცხდნენ, მაგრამ ვფიქრობ, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ არ მიგვეცა მათთვის ის ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდებათ.
ამ ბოლო ბრძოლებში სიახლეს ვხედავთ: მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მოულოდნელად ბევრად იმაზე უკეთ დაიწყეს ბრძოლა, ვიდრე მანამდე. ახლა ვხედავთ ომის ელექტრონული ელემენტის დამატებას მათ ბრძოლაში. ინჟინრებს ჰქონდათ დრო ბრძოლის ველის მოსამზადებლადაც, პოზიციების გასამაგრებლად, სიგნალების დასაბლოკად და ა.შ. ვხედავთ, რომ საბრძოლო შვეულმფრენების გამოყენებაც დაიწყეს ბრძოლაში. ასე რომ, უშუალოდ მათი ჯარისკაცების დიდად გაზრდილ შესაძლებლობებს ნამდვილად ვერ ვხედავთ. მაგრამ მათ ჰქონდათ დრო, რომ მომზადებულიყვნენ ბრძოლის ველზე სხვადასხვა საშუალებით, რომლებიც უკრაინამ უნდა გადალახოს. ზოგ შემთხვევაში ისინი ახლა ამას უკვე აკეთებენ და წინ მიდიან. სულ მცირე ერთი მიმართულებით, მათ უკვე გადაკვეთეს რუსების თავდაცვის მეორე ხაზი.
წყარო