Home Blog Page 1937

გორსა და თბილისში სპეცოპერაციები ჩატარდა – დეტალები

გორსა და თბილისში ნარკოდანაშაულში ბრალდებულების დასაკავებლად საპოლიციო მოქმედებები დამთავრდა, რომელიც დილიდან მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილია გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება“, – აღნიშნა ვალერი თელიამ.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, ფონიჭალაშიც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.

 

ფოტო: ანა შეპკინა

 ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ახალი პროგრამა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამა 5 წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.

პროგრამის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს; თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ფონდმა ღია კარის დღე გამართა.

“ღია კარის დღეზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიებს ახალი პროგრამის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების დეტალების, მათ შორის, პროცედურების ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს დროულად და უკეთესად მოემზადონ ტენდერებისთვის.

კომპანიების აქტიური ჩართულობა და კონკურენცია კი, მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ივანიშვილის ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას” – ვლადიმერ ბოჟაძე

რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტით დადასტურდა, რომ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების გაზრდას რუსეთ-უკრაინის ომთან რაიმე კავშირი აქვს, ბოჟაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონების გაზრდა გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას უკავშირდება.

„2011 წლიდან ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვენ ჩვენი სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას, მიზეზი საქართველოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად სავარაუდო გამოყენებაა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ორდღიანი ვიზიტით დადასტურდა რომ: ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელ პლატფორმად არ გამოიყენება, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის საშუალებითაც კონტროლდება ექსპორტი, ყველაზე სენსიტიური 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტი საქართველოდან, იგივე ეხება ფინანსური სანქციების აღსრულებასაც. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას და იმ განსაკუთრებულ ზომებს რაც სანქციების აღსრულებისთვის იქნა შემუშავებული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დევიდ ო’სალივანმა საერთოდ არ ისურვა. რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან. სინამდვილეში ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამართლებას და მისთვის კუთვნილი თანხების დაბრუნებას, იმ თანხების რომლებიც შვეიცარიულმა ბანკმა სრულიად უკანონოდ განკარგა, რაც დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომებზე. რაც არ უნდა ეცადოს ომის და ღალატის პარტია, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი გაავრცელოს ტყუილი და დეზინფორმაცია საკუთარი ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შედეგს ვერასდროს მიაღწევენ, რადგან სიმართლე ერთია და ეს სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ და საქართველომ!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

“როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ” – ირაკლი ზარქუა

საქართველოს მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი, მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანი და წმინდაა და როცა შენ მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ ამას ქმედებები შეიძლება მოჰყვეს – სიტყვას, პოზიციას ყველამ უნდა გავუფრთხილდეთ და როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუამ აღნიშნა ისიც, რომ ძალადობა დასაგმობია და ის რაც მოხდა, მიუღებელია.

„რაც არ უნდა განსხვავებული და მიუღებელი აზრი ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, ფიზიკური ანგარიშსწორების უფლება არა გვაქვს, თუმცა აქვე დავძენ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენს განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.

ძალადობა არ მომწონს, მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის. ასეთი არის არმია – მთელი საქართველოს მოსახლეობაა, ვინც შეებრძოლება მას, ვინც პატრიარქს, ადათ-წესებს აუგად მოიხსენიებს და სულში ჩაგვაფურთხებს.

ბუნებრივია, საზოგადოებას ამაზე რეაგირებას ექნება. შემდეგ რომ დადიან ჩივიან, ამას სჯობს მოზომო, რას საუბრობ, როგორ საუბრობ და ვის ესაუბრები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“გასათვალისწინებელია შიდსის გავრცელების რისკი“ – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართვას.  ბუწაშვილის პოსტს “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

არაერთი რუსი პაციენტი ჰყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი. ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენ ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არამარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ”,  – წერს მაია ბუწაშვილი.

 

https://www.facebook.com/maia.butsashvili/posts/pfbid02yi9UTVUPckaSZM1cr5pUz6U8LGmqAsDnxth8jU4KPoKJqMKR7fu6xfZhUekkbJzwl

 

 

“იცნობდეთ! ქართველი „ჟანა დ’არკი“ და მისი ერთგული „რაინდი“ გიგა ტარასკონელი!” -ხაინდრავა თამარ ჩერგოლეიშვილზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება.

„მე ფასეულობების ომში ვარ. ამ ომში ვუპირისპირდები: სიბნელეს, ბოროტებას, ჩამორჩენილობას, თვალთმაქცობას, ცილისწამებას, ძალადობას, გაუნათლებლობას. ამ ბრძოლაში თავისუფლების ბედი წყდება!

იცნობდეთ! ქართველი „ჟანა დ’არკი“ და მისი ერთგული „რაინდი“ გიგა ტარასკონელი!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

თიბისისთან პარტნიორობით ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ვეტერინალური კლინიკა გაიხსნა

გიორგი ჩხაიძემ და თემურ მახარაძემ ბათუმში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვეტერინალური კლინიკა „ჩემი მეგობარი“ გახსნეს, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურეობას უწევენ ოთხფეხა მეგობრებს. ბიზნესი 3 წლის წინ, პანდემიის პერიოდში, სპონტანურად, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ახლა უკვე „ჩემი მეგობარი“ ბათუმში 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. კლინიკის თანადამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ჩვენი დაინტერესება ვეტერინარიით ერთ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება. ვმუშაობდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში, მე გახლდით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თემო დირექტორი. ერთხელ, უცხოეთიდან დაბრუნებულებს თანამშრომლებმა საჩუქრად ორი ლაბრადორის ლეკვი დაგვახვედრეს. დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა გვექნა ორივესთვის, გაჩნდა გარკვეული საჭიროებები, რომელთა შესაბამისი მომსახურება ჩვენს ქალაქში არ იყო.

გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ შეგვექმნა ისეთი ადგილი, სადაც ხალისით მოემსახურებიან შინაურ ცხოველებს და მათ პატრონებს. ვფიქრობდით ცხოველების სასტუმროზეც, თუმცა საბოლოოდ ვეტერინარული კლინიკის გაკეთება გადაწყდა.  არანაირი გამოცდილება არ გვქონდა ამ სფეროში, მე განათლებით რეჟისორი ვარ, ჩემი მეგობარი კი ფინანსისტია. თუმცა ამას არ დავუბრკოლებივართ, ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში.

მინიმალური საწყისი კაპიტალით და ერთი პატარა კაბინეტით დავიწყეთ, სადაც ხარისხიან მომსახურებას ვუწევდით მომხმარებლებს. წელს კი თიბისის მხარდაჭერით, გავხსენით კლინიკა და სამი მაღაზია, სადაც შეიძლება შინაური ცხოველისთვის საჭირო საკვები, წამლები თუ სხვადასხვა აქსესუარები შეიძინოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძელით ისეთი სამედიცინო ტექნიკის შემოტანა, როგორიც აქამდე ბათუმში არ ყოფილა ხელმისაწვდომი, რენტგენის აპარატით დაწყებული დამთავრებული ექოსკოპიის, ანესთეზიის და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით.

ასე იქცა ეს პატარა ვეტერინალური მომსახურების კაბინეტი მაღალტექნოლოგიურ ცენტრად, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, რომლებიც სიყვარულით ემსახურებიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. პირადად მე შევიცვალე პროფესია და შევისწავლე ანესთეზიოლოგია და დღეს უკვე ანესთეზიოლოგად ვმუშაობ.  გვყავს ძალიან გამოცდილი ვეტერინარი და ქირურგი ირაკლი თეჯოიანი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ, საქართველოში პირველად, დავნერგოთ კატარაქტის ოპერაცია.

ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მიუსაფარი ცხოველებისადმი, შეფარებული გვყავს რამდენიმე მათგანი და კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციებს უსასყიდლოდ ვუტარებთ.

მთელ სულს და გულს ვდებთ ამ საქმეში და სამომავლოდ გვინდა ისეთი სერვისები შემოვიტანოთ საქართველოში, რაც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო ვეტერინარიაში.“

 

R

“მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების ფაქტები”-ხატია დეკანოიძე

ქვეყნისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ აქვე სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე, ამაზე საჯარო გზავნილიც იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების ვიზიტი, ის გზავნილები, რომლებიც იყო საჯარო და დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა იყო სერიოზული გზავნილები. ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ცალსახად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აქვე ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე. ჩვენ ამაზე გვითხრეს და საჯარო გზავნილიც იყო. დარწმუნებული ვარ, შიდა გზავნილიც ეს იყო. ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში. ამაზე იყო ძირითადად აგებული ვიზიტის გზავნილის არქიტექტურა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ვალდებულია, წამოჭრას ყველანაირი საკითხი, რომელიც არსებობს და შეიძლება იყოს საჭირბოროტო.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ისევე, როგორც, მაგალითად, ელჩ ო’ბრაიენისთვის, რომელიც საქართველოს ასახელებდა პრობლემური ქვეყნების გვერდით. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაქტები არ დადასტურდა. ამას ნამდვილად ღიად და გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზეც, რომ კვლავ უნდა გადაიდგას წინ ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი არიან ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.

“მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს” – ალუდა ღუდუშაური

მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს – ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მაგ ცრუპენტელას განცხადებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მშვილდაძე „ქვეყნის ღირსებას ლანძღავს უშვერი სიტყვებით“, ამიტომ რისკები უნდა გაზომოს.

„რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ – ყოველგვარი და ამაში იგულისხმება მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

“2022 წელს, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა”

საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი;

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს პარლამენტის საქმიანობის განმავლობაში გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან.

რაც შეეხება საკანონმდებლო პროცესს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;

„გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო;

გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადა 174-ჯერ გაგრძელდა.

რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი;

პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა;

მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა)“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს“ ანგარიშში.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო ჩართულობა და ოპოზიციის წევრების მიერ ცალკეული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება;

მათივე განმარტებით, პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;

„მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს, არ ხდებოდეს ამ ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება და ასევე კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა;

საპარლამენტო ზედამხედველობის როლის ჯეროვნად შესრულებისთვის, აუცილებელია, როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ მაქსიმალურად გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები;

ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;

ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება“,- ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქ. ამსტელვენში, ნიდერლანდების სამეფოს ასისტენტი ძაღლების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა; გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს, მიმართულებებს და მიზნებს; ცენტრის ხელმძღვანელობამ, დეტალურად ისაუბრა ოთხფეხა დამხმარეების როლსა და მნიშვნელობაზე შშმ პირთათვის; ცენტრში გაწვრთნილი ძაღლები შშმ პირებს, მათ შორის, შშმ ვეტერანებს, განსაკუთრებით უსინათლოებს, დიდ დახმარებას უწევენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქართველი სტუმრებისთვის, ასისტენტი ძაღლების სიმულაციური წვრთნაც ჩაატარა.

მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, ქალაქ უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალსა და იქვე განთავსებულ ნიდერლანდების ეროვნული კატასტროფის ცენტრს ეწვია. ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რიკ ბერგმანმა, სტუმრებს, ჰოსპიტლის შენობა დაათვალიერებინა, ისაუბრა სტაციონარის სტრუქტურულ მოწყობასა და მუშაობის თავისებურებებზე; განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვეტერანებისთვის იმ გამოწვევების დაძლევას, რომელთაც მათ წინაშე პოსტ-ომის სინდრომი აყენებს და ამ გამოწვევათა დასაძლევად შემუშავებულ პროგრამებზე, საზოგადოების მხრიდან გაწეული თანადგომის მნიშვნელობაზე. ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰოლანდიელ სამხედრო ექიმებს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

“საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა” – საქსტატი

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

მათივე მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი.

„გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გასულ წელს 17 641 პირი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 22 158;

სიმსივნეებით 2022 წელს სულ 4 530 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 7 641;

სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 2022 წელს 2 951, 2021 წელს – 3 709;

ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 2022 წელს 18, 2021 წელს კი – 34 (მათგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს).