“მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების ფაქტები”-ხატია დეკანოიძე

106
spot_img

ქვეყნისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ აქვე სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე, ამაზე საჯარო გზავნილიც იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების ვიზიტი, ის გზავნილები, რომლებიც იყო საჯარო და დარწმუნებული ვარ, დახურულ კარს მიღმა იყო სერიოზული გზავნილები. ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე არ არსებობს ფაქტები, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შესაძლებლობას სანქციების თავიდან ასარიდებლად, არის ცალსახად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აქვე ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონულ ტვირთებზე. ჩვენ ამაზე გვითხრეს და საჯარო გზავნილიც იყო. დარწმუნებული ვარ, შიდა გზავნილიც ეს იყო. ყველანაირი ძალისხმევა უნდა იყო მიმართული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად გააკონტროლოს და აღკვეთოს ელექტრონული ტვირთების მიმოსვლა რუსეთში. ამაზე იყო ძირითადად აგებული ვიზიტის გზავნილის არქიტექტურა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ვალდებულია, წამოჭრას ყველანაირი საკითხი, რომელიც არსებობს და შეიძლება იყოს საჭირბოროტო.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ისევე, როგორც, მაგალითად, ელჩ ო’ბრაიენისთვის, რომელიც საქართველოს ასახელებდა პრობლემური ქვეყნების გვერდით. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაქტები არ დადასტურდა. ამას ნამდვილად ღიად და გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზეც, რომ კვლავ უნდა გადაიდგას წინ ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი არიან ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.