Home Blog Page 1933

“თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს „რუსულ კანონის“ გაპროტესტებისთვის სატანისტებს უწოდებდით” – ხატია დეკანოიძე პრემიერს

საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, ეს ადამიანი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ის პრემიერის დღევანდელი მოხსენებიდან ახალს არაფერს ელოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურმა თავისი დღევანდელი გამოსვლით საკუთარ თავსაც გადააჭარბა.

„საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, ეს ადამიანი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, რომ დღემდე ეს გუნდი, ეს პარტია და ეს ადამიანი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის შეურაცხყოფა, რომელიც ახლა მან ტრიბუნიდან გააჟღერა, ეს არის ნამდვილად ჩემი და ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პასუხისმგებლობა და ეს მინდა თამამად ვთქვა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან პრემიერს კითხვით მიმართა, რატომ არ მიდის ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე.

„ბატონო ირაკლი, თქვენ საუბრობდით სტატუსზე და რაღაც კამპანიურად ამბობთ, რომ სტატუსი მნიშვნელოვანია და ა.შ. თქვენი გუნდის წარმომადგენელი, კახა კალაძე, ამბობს, რომელიც, თუ არ ვცდები, რაღაც თანამდებობას იკავებს „ქართლ ოცნებაში“, რომ სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ესეც არ არის პრობლემა და მე მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა თქვენ მის ამ განცხადებას, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ესეც პრობლემა არ არის?

მეორე, რაც მაინტერესებს, ეს არის, რატომ არ მიდიხართ ვილნიუსის სამიტზე და ხომ არ უკავშირდება ეს „გლობსეკზე“ თქვენს განცხადებებს, როდესაც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ პირდაპირ დაადანაშაულა ნატო, თქვენს განცხადებას ვციტირებ, იმაში, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მოხდა და რატომ არ ესწრებით იმ ძალიან მნიშვნელოვან სამიტს?

თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც აქ რუსულ კანონს აპროტესტებდა, სატანისტებს უწოდებდით. ამიტომ მე მართლა მაინტერესებს, ასე ფიქრობთ, თუ ყველა, ვინც დასავლეთში მიდის განათლების მისაღებად, მართლა სატანისტია? და მათ შორის ძალიან ბევრი თქვენი შვილებიც მიდიან. ახალს არაფერს არ ველოდებოდი აქ თქვენგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენს თავსაც გადააჭარბეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“თქვენი ანგარიში წავიკითხე, ეს მთლიანად სიცრუესა და მანიპულაციაზეა აგებული” – რომან გოცირიძე პრემიერს

ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით, – ამ სიტყვებით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელმაც დღეს პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერის ანგარიშში ერთი გვერდიც კი არ მოიძებნება, რომელიც სიმართლეს შეესაბამება.

„პრემიერის ანგარიში წინასწარ გამომიგზავნეს და წავიკითხე. ეს მთლიანად სიცრუესა და მანიპულაციაზეა აგებული. ერთ გვერდსაც კი ვერ მოძებნი, სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით. აქ გიწერიათ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 66,3 ათასით გაიზარდა, თუმცა ტრიბუნიდან თქვით, რომ 250 ათასით გაიზარდა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იტყოდით, გუშინდელ რაგბის თამაშზე, სადაც ქართველებმა არგენტინელებს მოუგეს, თქვენ თამაშობდით. „ბედნიერების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 117-ე ადგილზეა. ყველაზე უბედური ქვეყნების რიგშია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენი ხელისუფლების ნაკლებს გავუსვა ხაზი. არის რაღაცები, რაც რაოდენობრივად არ იზომება, მაგრამ ქვეყნის მდგომარეობას აჩვენებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი” – პრემიერი

პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს საამაყო პოლიციას მინდა მადლობა ვუთხრა და აქვე მინდა გავიხსენო, როგორ იქცეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები. ეს არის შიდა მტრების მიერ დაგეგმილი ქმედებები. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა. აქაც 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს პოლიციის ქალაქში ბინას. აქაც გვიდა, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი აქცია, არამედ, ეს უნდა იყოს განგძობადი და ჩვენს პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, სოციალური გარანტიები და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოლიციელების დაფასებას და გაძლიერებას. 1200-ზე მეტი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება გადავეცით პოლიციას, შეიძინა სამინისტრომ ბოლო 2 წელიწადში. აქტიურად მიმდინარეობს მათი ბაზების, პოლიციის შენობების განახლება. ასევე, სამი ახალი ვერტმფრენის შესყიდვაზე გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც ეტაპობრუივად ჩამოვა. სამაშველო ვერტმფრენებზეა საუბარი, ევროპული ტიპის ეარბასის ვერტმფრენებზეა საუბარი. პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ხელფასები ჯარში და პოლიციაში 30-40%-ით არის გაზრდილი უკვე ბოლო ორ წელიწადში, იანვარში კიდევ გაიზრდება 10%-ით და ჯამში 40-50%-იანი ზრდა გამოვა სულ რაღაც 3 წელიწადში, ჩვენი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, ისევე, როგორც სხვა საჯარო მოხელეებისთვის გახსოვთ, რომ დავიწყეთ ხელფასების 10%-იანი მატება. ახლა, იანვარშიც რომ მოვუმატებთ, ხელფასების 30%-იანი მატება გამოდის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას” – თინა ბოკუჩავა

დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ართმევს, – ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, თუმცა, ისინი „დამარცხდებიან, რადგან ქართველი ხალხის ნება ურყევია“.

„განადგურებული, დეგრადირებული, გაუბედურებული – რას არ გვიწოდებთ, მაგრამ გწყინთ, როცა ჩვენ ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაში გამხელთ, გახსენებთ, რომ თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებით. დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი დღეს, ევროპული ინტერესია. ქვეყნის ღალატია, რომ პირადად თქვენ, ომს ნატო-ს აბრალებთ და ახლა უკვე ქვეყნის ღალატია ჩვენი ეკონომიკის ტერორისტ რუსეთზე ჩამოკიდება, ქვეყნის ღალატია ჩვენი ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფნად გამოყენება, ქვეყნის ღალატია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების დაშვება, ქვეყნის ღალატია, მალული მოლაპარაკების გზით, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ქვეყნის ღალატია რუსული კანონის მიღების მცდელობა, ქვეყნის ღალატია მეორე ფრონტის მითის მოგონება, ქვეყნის ღალატია ევრორეკომენდაციების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ქვეყნის ღალატია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევა პუტინის საამებლად, როცა მთელი თავისუფალი სამყარო მისი გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ მიშა სააკაშვილის ყველგან და ყოველთვის ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს და ეშინია დღესაც, ციხეშიც, თავისუფლებაზეც, უკრაინაშიც, საქართველოშიც, ჯანმრთელიც და ფიზიკურად დასუსტებულიც, რადგან იცით, რომ თანაბარი თამაშის წესებით მასთან დამარცხდებით. პოლონელი ექიმების მასთან შეშვების სამარცხვინო ბიუროკრატიული ხრიკებით გაჭიანურება კი, მისი მოწამვლის კვალის დამალვას ემსახურება, რადგან აქაც გეშინიათ, სიმართლის გეშინიათ და ამიტომ გეშინიათ ხალხისაც, გეშინიათ ახალგაზრდების, თავად მონურ მორჩილებაში გეშინიათ მათი თავისუფლების, ბატონო ირაკლი, თავად რუსული საქმის მკეთებელს გეშინიათ მათი ევროპულობის, გეშინიათ მათი სიტყვების და უსიტყვობის და მზად ხართ, თეთრი ფურცლის გამო დააპატიმროთ. თეთრი ფურცლითაც, სიტყვითაც, პარლამენტშიც, ქუჩაშიც, ყველგან და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის დავალებით, თქვენ, ბატონო ირაკლი და თქვენი ბანდიტოკრატიული მთავრობა რუსულ საქმეს აკეთებს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ დამარცხდებით, რადგან ქართველი ხალხის ურყევი ნება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ბელარუსში, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის სამხედრო ბაზა შენდება”-REUTERS

სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ბელარუსში, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის ბაზა შენდება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალება აქვეყნებს ბელარუსის დედაქალაქ მინსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზის სატელიტურ გამოსახულებებს, სადაც ჩანს ბოლო დღეებში შექმნილი ახალი ობიექტები.

„როიტერი“ ვარაუდობს, რომ ბაზის მშენებლობა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ მიმდინარეობს. 27 ივნისს ევროპული კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი სატელიტის მიერ გადაღებული გამოსახულებები აჩვენებს სტრუქტურებს სოფელ ცელთან. აღნიშნული ტერიტორია 14 ივნისს ცარიელი იყო. მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ ახალი ბაზა, შესაძლოა, მინსკიდან 90 კილომეტრში მდებარე ქალაქ ოსიპოვიჩისთან მდებარე ცარიელ სამხედრო ობიექტზე მოაწყოს.

“იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერო”

როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი, და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ „ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ფრიდონ ინჯიას შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღებაა.

„აი, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს კიდევ ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის – აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების და ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს. მაგალითისთვის იქ, სადაც თქვენ ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%-ში. ასეთი კანონები მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ თუ „ოცნება“, თქვენ და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს ამას აზრი არ აქვს. იქნება მხარდაჭერა?! ეს გარკვეულწილად პოლარიზაციასაც უშველის რაღაცნაირად, სადამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი და ამას თქვენ უწყობთ ხელს, რადგან არ არის კანონი და ხართ ისე რა, არც იქით, არც აქეთ და თამაშობთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

“დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურება” – პრემიერი

დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურებაა, 2012 წლამდე მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება, საკონსულოებში რიგებში დგომა უწევდათ და ხშირ შემთხვევაში, პასუხი იყო უარი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ ქვეყანამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა.

„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ რაიმე გააკეთა ვინმემ ოდესმე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, როცა მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს. დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში უვიზოდ, ეს არის ჩვენი დამსახურება, მეგობრებო, ეს არის „ქართული ოცნების” დამსახურება. ეს რა თქმა უნდა, იყო მიუღწეველი ოცნება, გახსოვთ და ალბათ დამეთანხმებით ყველანი, 2012 წლამდე მხოლოდ, ვთქვათ პირდაპირ, მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა, გადაადგილდებოდა ევროპის მიმართულებით შეუფერხებლად. ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება იმიტომ, რომ უწევდათ რიგებში დგომა, საკონსულოებში და ხშირ შემთხვევაში, ვიცით კარგად, რომ ეს პასუხი იყო უარი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო გარღვევა, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის დამსახურება ჩვენი ხელისუფლების, კიდევ ვიტყვი. თუ ვინმემ გააკეთა რაიმე ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება” კონკრეტული შედეგებით: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ისტორიული გადაწყვეტილება იყო ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა” – პრემიერი

ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებ პირადად მე და საგარეო საქმეთა მინისტრი. ბოლო პერიოდი მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან მთავარი პრიორიტეტი რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. მთავრობამ, პარლამენტთან ერთად მაქსიმუმი გააკეთა პრიორიტეტების შესრულების ნაწილში. ჩვენ სრულად ჩართულები ვიყავით ამ პროცესში. ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას. ამის დასტურია დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს დღესაც ორივე ხსენებულ ქვეყანას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი, ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ასე შეაფასეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი მიზანი და ოცნება”, – განაცხადა პრემიერმა.

“არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო”- ვიქტორ ორბანი 

გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ ფული საბრძოლველად, რათა რუსები დაამარცხონ, შეცდომაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტში ფული აღარ არის და ორ-ნახევარი, სამი წლის შემდეგ ევროკავშირი ფინანსური გაკოტრების ზღვარზე მივიდა.

„არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო. გავიდა წელიწად-ნახევარი, შედეგი არის ნულოვანი, თუნდაც უარყოფითი. ჩვენ რუსეთი ვერ დავამარცხეთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს ამის წყალობით. შედარებით მაღალი ინფლაცია გვაწუხებს, ფული აღარ გვაქვს უკრაინელების მხარდასაჭერად. ევროკავშირმა მიაღწია თავისი შესაძლებლობების ლიმიტს. ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. სად წავიდა ფული? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით, ის სადღაც უკრაინაშია. სად არის უნგრელების ფული? სად არის პოლონელების ფული? უკრაინაში. მათ გასცეს ის ომისთვის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, თუ ევროკავშირი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი დაიღუპება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითიც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი”

კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვია, მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითიც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა საქართველოს გარდა, რომელმაც ევრო-5-ის სტანდარტი არ შემოიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტიც.

“გარემო,რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგადად, ჰაერის ხარისხი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლოს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება. რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა ჩვენს გარდა, რომელმაც ეს სტანდარტი არ შემოიღო. მე ვგულისხმობ ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღებას. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს. მთავარი დამაბინძურებელი, ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ კვლევებით, გარემოს სააგენტომ დაამუშავა ეს საკითხი, სერიოზული გამოწვევაა სწორედ და ეს გამოწვევა უკავშირდება კონკრეტულად ავტომობილების გამონაბოლქვს. ჩვენ სისტემატიურად ვამოწმებთ საწვავის ხარისხს. ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს შემოწმება და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კვლავაც, მაგრამ მთავარი გამოწვევა, რომელიც რჩება ამ სფეროში, არის სწორედ ჰაერის დაბინძურება, რომელიც გამომდინარეობს გაუმართავი ავტომობილებიდან. მათ შორის, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩავკეტეთ ე.წ. კატალიზატორების ექსპორტიც, რომელიც ერთგვარ ბიზნესად იქცა. ხდებოდა ამ კატალიზატორების ამოღება მანქანებიდან და ამის გასხვისება. ეს ჩაიკეტა. მოლოდინი არის, რომ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, დედაქალაქში თუ მსხვილ ქალაქებში. ქვეყანა უნდა გახდეს განვითარებული, მოვლილი, გაციფრულებული, მწვანე ეკონომიკა და ეს რა თქმა უნდა, არის მიმართულება, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს ზოგადად ევროკავშირისგან და ზოგადად, ამ მიმართულებით მიდის ყველა განვითარებული ქვეყანა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში საქართველოს ჩემპიონატი ჯომარდობასა და მშვილდოსნობაში გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” საზაფხულო ფაზამ , რომელსაც ახალგაზრდული მედიაკავშირი ახორციელებს, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გადაინაცვლა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200–მდე შშმ პირს_ საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა.

პირველ ეტაპზე გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჩემპიონატი ჯომარდობაში და ტურნირი მშვილდოსნობაში საქართველოს პირველობაზე, რომლებშიც ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 6 კაციანი გუნდები ასპარეზობდნენ. მონაწილეები ძალებს არ ზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა, შეძახილებით მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსაც ამხნევებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ტურნირებში ყველა გამარჯვებულია.

აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ინტეგრირებული ჩემპიონატი ჯომარდობაში მეტად აზარტული აღმოჩნდა. რამდენიმე ეტაპად გამართულ ჩემპიონატში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები; პირველობა არავის დაუთმო გორის გუნდმა და გარდამავალმა თასმაც, ერთი წლით, გორში დაიდო ბინა. რაც შეეხება მშვილდოსნობის ჩემპიონატს, – ეს აქტივობა არანაკლებ აზარტულად წარიმართა; გამარჯვებისთვის ყველა გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა, თუმცა, გამარჯვება წილად ხვდა ქუთაისის ერთ-ერთ გუნდს; მათ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს და მშვილდოსნობის ტურნირის გარდამავალი თასი, ერთი, წლით კვლავ ქუთაისში დაბინავდება.

ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები.

ღონისძიებათა გენერალური სპონსორი „პლატფორმა ინიციატივა”, სპონსორები კი „სოკარი” და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”გახლავთ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

ხვალ, „დინამო არენას“ მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეუზღუდება

უეფა-ს 21 წლამდე ევროპის  ჩემპიონატის ფარგლებში, პირველ ივლისს,  14:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ღონისძიების პერიოდში სლავა მეტრეველის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე კი მოძრაობა სრულად აიკრძალება. გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს განლაგებული პარკინგით კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისარგებლებენ.

აკაკი წერეთლის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ გიორგი ცაბაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შემდეგ მოუხვევენ მარჯვნივ და დავით აღმაშენებლის გამზირის, მურმან ლებანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით; ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, დავით ყიფიანის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი ბათუმის ქუჩის ან დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წერეთლის გამზირზე გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს კი ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.

შეზღუდვის პერიოდში დავით ყიფიანის, გიორგი ცაბაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე განთავსებული საზოგადოებრივი ავტოსადგომები დაეთმობა ტურნირის მონაწილეებს, რის გამოც შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეები ავტოსადგომებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

N306, N308, N320 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც N306 ავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით, ხოლო N308 და N320 ავტობუსები გადაინაცვლებენ აღმაშენებლის გამზირზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

N315, N327, N384, N386 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების მიმართულებით და ბოლო გაჩერებამდე მგზავრებს სადგურის მოედნის გავლით მიიყვანენ; N320 ავტობუსი აღმაშენებლის გამზირიდან იმოძრავებს თამარ მეფის გამზირსა და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით.

მიკროავტობუსები: N431, N536, N538, N541, N551 წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც, იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N458 მიკროავტობუსი დავით ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ბათუმის ქუჩის მიმართულებით და წერეთლის გამზირიდან სადგურის მოედნისკენ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

სადგურის მოედნიდან მოძრაობისას, N458 და N476 მიკროავტობუსები მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ წერეთლის გამზირზე, ასევე, გვეტაძისა და აგლაძის ქუჩებზე, რის შემდეგაც, მგზავრებს დადგენილი მარშრუტით მოემსახურებიან.