“თქვენი ანგარიში წავიკითხე, ეს მთლიანად სიცრუესა და მანიპულაციაზეა აგებული” – რომან გოცირიძე პრემიერს

107
spot_img

ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით, – ამ სიტყვებით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელმაც დღეს პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც რომან გოცირიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერის ანგარიშში ერთი გვერდიც კი არ მოიძებნება, რომელიც სიმართლეს შეესაბამება.

„პრემიერის ანგარიში წინასწარ გამომიგზავნეს და წავიკითხე. ეს მთლიანად სიცრუესა და მანიპულაციაზეა აგებული. ერთ გვერდსაც კი ვერ მოძებნი, სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით. აქ გიწერიათ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 66,3 ათასით გაიზარდა, თუმცა ტრიბუნიდან თქვით, რომ 250 ათასით გაიზარდა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იტყოდით, გუშინდელ რაგბის თამაშზე, სადაც ქართველებმა არგენტინელებს მოუგეს, თქვენ თამაშობდით. „ბედნიერების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 117-ე ადგილზეა. ყველაზე უბედური ქვეყნების რიგშია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენი ხელისუფლების ნაკლებს გავუსვა ხაზი. არის რაღაცები, რაც რაოდენობრივად არ იზომება, მაგრამ ქვეყნის მდგომარეობას აჩვენებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.