“დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას” – თინა ბოკუჩავა

110
spot_img

დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ართმევს, – ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, თუმცა, ისინი „დამარცხდებიან, რადგან ქართველი ხალხის ნება ურყევია“.

„განადგურებული, დეგრადირებული, გაუბედურებული – რას არ გვიწოდებთ, მაგრამ გწყინთ, როცა ჩვენ ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაში გამხელთ, გახსენებთ, რომ თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებით. დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი დღეს, ევროპული ინტერესია. ქვეყნის ღალატია, რომ პირადად თქვენ, ომს ნატო-ს აბრალებთ და ახლა უკვე ქვეყნის ღალატია ჩვენი ეკონომიკის ტერორისტ რუსეთზე ჩამოკიდება, ქვეყნის ღალატია ჩვენი ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფნად გამოყენება, ქვეყნის ღალატია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების დაშვება, ქვეყნის ღალატია, მალული მოლაპარაკების გზით, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ქვეყნის ღალატია რუსული კანონის მიღების მცდელობა, ქვეყნის ღალატია მეორე ფრონტის მითის მოგონება, ქვეყნის ღალატია ევრორეკომენდაციების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ქვეყნის ღალატია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევა პუტინის საამებლად, როცა მთელი თავისუფალი სამყარო მისი გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ მიშა სააკაშვილის ყველგან და ყოველთვის ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს და ეშინია დღესაც, ციხეშიც, თავისუფლებაზეც, უკრაინაშიც, საქართველოშიც, ჯანმრთელიც და ფიზიკურად დასუსტებულიც, რადგან იცით, რომ თანაბარი თამაშის წესებით მასთან დამარცხდებით. პოლონელი ექიმების მასთან შეშვების სამარცხვინო ბიუროკრატიული ხრიკებით გაჭიანურება კი, მისი მოწამვლის კვალის დამალვას ემსახურება, რადგან აქაც გეშინიათ, სიმართლის გეშინიათ და ამიტომ გეშინიათ ხალხისაც, გეშინიათ ახალგაზრდების, თავად მონურ მორჩილებაში გეშინიათ მათი თავისუფლების, ბატონო ირაკლი, თავად რუსული საქმის მკეთებელს გეშინიათ მათი ევროპულობის, გეშინიათ მათი სიტყვების და უსიტყვობის და მზად ხართ, თეთრი ფურცლის გამო დააპატიმროთ. თეთრი ფურცლითაც, სიტყვითაც, პარლამენტშიც, ქუჩაშიც, ყველგან და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის დავალებით, თქვენ, ბატონო ირაკლი და თქვენი ბანდიტოკრატიული მთავრობა რუსულ საქმეს აკეთებს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ დამარცხდებით, რადგან ქართველი ხალხის ურყევი ნება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.