Home Blog Page 1928

,,ასეთია აგენტის ფუნქცია, საკუთარი ქვეყანა უნდა დაადანაშაულოს სხვების უსამართლო გადაწყვეტილებებში”- გვიდიანი

თავად ევროკავშირში აღიარეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება შეცდომა იყო. ევროკავშირის კვლევები ადასტურებს, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს პირველ რიგში – საქართველოა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ე.წ პრეზიდენტი კვლავ თვლის, რომ ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილება, თურმე სამართლიანი ყოფილა. გესმით ხომ, რაც ხდება?! – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, მას არ მიაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება შეცდომა იყო და თვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც გვიდიდნი აღნიშნავს, ასეთია აგენტის ფუნქცია, საკუთარი ქვეყანა უნდა დაადანაშაულოს სხვების უსამართლო გადაწყვეტილებებშიც კი.

„სალომე ზურაბიშვილი: “მე არ მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება შეცდომა იყო. მე ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო”. თავად ევროკავშირში აღიარეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება შეცდომა იყო. ევროკავშირის კვლევები ადასტურებს, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს პირველ რიგში – საქართველოა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ე.წ პრეზიდენტი კვლავ თვლის, რომ ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილება, თურმე სამართლიანი ყოფილა. გესმით ხომ, რაც ხდება?! აი, ასეთია აგენტის ფუნქცია, საკუთარი ქვეყანა უნდა დაადანაშაულოს სხვების უსამართლო გადაწყვეტილებებშიც კი. სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებული აგენტი პ-რეზიდენტი, სრულიად სამარცხვინო მოვლენა ქართულ რეალობაში. P.S. – გულის ამრევია უკვე ამდენი ღალატის და საკუთარი ქვეყნის სიძულვილის ყურება“, წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პუტინი აფხაზეთში მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პუტინსა და ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი აფხაზური მხარის ინიციატივით შედგა და საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო. გარდა ამისა, ბჟანიამ რუსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკონსტიტუციო წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იყო მიმართული” – წერია განცხადებაში.

„პრაიდის კვირეული” ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს ”- სახალხო დამცველი

„პრაიდის კვირეული” ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.” – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“საქართველოს სახალხო დამცველი „პრაიდის კვირეულს“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.

 ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში.

ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება და უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.

 სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.”– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„მათ აირჩიეს ძალადობრივი გზა”- ირაკლი ნადირაძე

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კასპში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„მათ [თავდამსხმელებმა] აირჩიეს ძალადობრივი გზა მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ხაბეიშვილი და დათო კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხვდებოდნენ პენსიონერებს და ხვდებოდნენ ამომრჩევლებს. ზუსტად ისე, როგორც თავს ესხმიან რუსეთში, თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, ალყაში მოაქციეს ეს ადამიანები, იყო ქვების სროლა, პაპუასებივით იქცეოდნენ ეს ადამიანები და როგორც მერე გაიშიფრნენ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში ანუ მთლიანად შიდა ქართლის მობილიზება მოახდინეს“, – განაცხადა ნადირაძემ.

30 ივნისს კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო პროგრამა წარადგინა, დაპირისპირება მოხდა. შეკრებილებმა ხაბეიშვილის და ბადრი ბასიშვილის კასპში ჩასვლა გააპროტესტეს. ხაბეიშვილის მანქანასთან გვირგვინი მიიტანეს და ავტომობილი დააზიანეს.

„რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს,’- ზურაბიშვილი

„რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საბაბი არ იყო, რომ აღდგენილიყო რუსეთთან ფრენები. „რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს იმიტომ, რომ გადაგაგდებს. რუსეთს არ უნდა აგრძნობინო რომ გეშინია და რაღაცას უთმობ. მუდამ საჭიროა ჩვენ ჩვენს ადგილას ვიდგეთ. უცებ ვიწყებთ გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მოთმინება მესმის, სიფრთხილეც მესმის, მაგრამ დათმობა არ მესმის. საბაბი არ იყო იმის, რომ აღდგენილიყო ეს ფრენები. ვის სჯერა, არავის არ შეიძლება სჯეროდეს რომ რუსეთის პუტინი იმდენად დაინტერესებულია რუსეთსა თუ საქართველოში ქართველების კეთილდღეობით, რომ ჩათვალა საჭიროდ აღდგენა ფრენების. როცა ხან უკრაინასთან აგებს და ხან პრიგოჟინთან. ეს არის რუსეთის სვლა რომ რაღაცნაირად მოიპოვოს გავლენა საზოგადოებაზე, რომ ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცამ შიგნით დაიწყოს დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რუსეთის ისეთი ცნობილი ნაბიჯები, რომ არ არის საჭირო ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რა ხდება, როგორ ხდება და რას გიკეთებს რუსეთი. რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან“, – აცხადებს პრეზიდენტი.

2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ. „ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების – მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მალხაზ კვიჟინაძის სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების ტაძარში, ხოლო ჯონი ოდიშვილისა კი წმინდა სამების ლავრის, ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურეები, უფროსი სერჟანტი მალხაზ კვიჟინაძე და კაპრალი ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ. ჯონი ოდიშვილი, ბრძოლის ველიდან, დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს;

მალხაზ კვიჟინაძეს, 2 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, ხოლო ჯონი ოდიშვილს, 4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალავენ;

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში, 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

„ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აბიტურიენტებისთვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელი ჯანლუკა ესპოზიტო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორი მიროსლავ პაპა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი ირენ კიტსუ-მილონა ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი.

გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან მაღალრეიტინგული გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში Deutschland Radio-ს, Sueddeutsche Zeitung-ის, Hubert Burda Media-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი, ბორჯომი, ჟინვალი დაათვალიერეს.

„ასევე, გერმანელი ჟურნალისტები ხევსურეთს ეწვივნენ, დაათვალიერეს შატილი, არდოტი, მუცო, აბუდელაურის ტბა და როშკა. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის ეროვნულ პარკი მოინახულეს.

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმის, ქართული კულტურის, თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. პრესტურის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი”-სააკაშვილი

მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ, მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას.

„შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.

პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ, მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს.

დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი.

ამხელა რუსეთში ვერსად ვერ გარისკეს და ჩაიყვანეს ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში, დაღესტანის დერბენტში, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზაცია.

როდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე რომ იმცირებს თავს მისი თვალსაზრისით, ეს ყველაფრის მთქმელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ზელენსკიმ ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც რუსეთში დაფრინავენ, სანქაციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესისის“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი.

საქნციები დაუწესდა რუსულ კომპანიებს, ასევე რამდენიმე ბელარუსულ კომპანიას და „ჯორჯიან ეარვეისს“.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მაისში რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაზე ცალმხრივი აკრძალვა გააუქმა და 20 მაისს Georgian Airways-მა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა რუსეთში.