„პრაიდის კვირეული” ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს ”- სახალხო დამცველი

89
spot_img

„პრაიდის კვირეული” ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.” – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“საქართველოს სახალხო დამცველი „პრაიდის კვირეულს“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.

 ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში.

ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება და უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.

 სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.”– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.