Home Blog Page 1925

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“არ მგონია, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი სწორი და მეგობრული ჟესტი იყოს” – სოზარ სუბარი

საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს ძალიან მკაფიოდ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, ბორტი საქართველოში არ იფრენს, სხვა მხრივ შეშფოთებას რა საფუძველი აქვს, მართლა ვერ ვხვდები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, თავისუფლად დაფრინავენ რუსული არასანქცირებული თვითმფრინავები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისრაელი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები.

„არავის შეშფოთება არ გამოუთქვამს, არავის უთქვამს, რომ ეს შეიძლება, სანქციას დაექვემდებაროს. საქართველოს მიმართ ასეთი ორმაგი და განსხვავებული სტანდარტი, არ მგონია, რომ სწორი და მეგობრული ჟესტი იყოს. საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. საქართველო არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის გზად და ის, რომ საქართველო არ დააწესებს ცალმხრივ სანქციებს, ამაზე მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა. თუ მაინცდამაინც ლაპარაკია იმაზე, რომ ვიღაც არღვევს სანქციებს და ამაზე უნდათ აქცენტის გაკეთება, ძალიან ბევრი ინფორმაცია ქვეყნდება მსოფლიო პრესაში, როგორ შედის თუნდაც იმავე უკრაინაში რუსული საწვავი ბალტიისპირეთიდან პოლონეთის გავლით ან რუსული სანქცირებული ნავთობი როგორ გადამუშავდება ინდოეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ მარაგდება ევროპის ქვეყნები და საქართველოს მიმართ ნუ ექნებათ რაღაც განსხვავებული სტანდარტი, როცა კარგად იციან, რეალურად ვინ არღვევს ამ სანქციებს“, – განაცხადა სუბარმა.

“რამდენიმე ქვეყანაში F-16-ებზე უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყო” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები პოლონეთში უკვე დაიწყო.

„F-16-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო წვრთნები, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა: „მაგალითად, პოლონეთში“.

” ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკურ თავდაღმართში” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე – სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ თავდაღმართშია.

მისივე თქმით, ის, რაც ამ პარტიაში ხდება, მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გაკოტრებულია.

„პარტია არის პოლიტიკურ თავდაღმართში. მან დაკარგა მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი. ის, რაც შიგნით ხდება, პირდაპირ მიუთითებს, რომ პარტია არის გაკოტრებული, მათ არ აქვთ მომავლის გეგმა, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები და დაკავებული არიან დესტრუქციული პროცესებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია მოქალაქეების საჭიროებებს, ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, 2024 წელს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა გადახედონ პოლიტიკურ სპექტრს და მისცენ საშუალება ახალ პარტიებს, რომლებიც ბევრად მეტად არიან ორიენტირებული მათ საჭიროებებზე”,- განაცხადა თალაკვაძემ.

“რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ” – გიორგი თავდგირიძე

ბელგოროდში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და თანმდევი მოვლენები: უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის გენერალური შეტევის მაფორმირებელი ოპერაცია. უკრაინის პოლიტიკისთვის – ომისშემდგომი რუსეთის დემილიტარიზაციის ინსტრუმენტი; დასავლეთისთვის – რუსეთის მომავლისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი; რუსეთისთვის – ბუმერანგივით უკან დაბრუნებული სეპარატიზმის დამანგრეველი აჩრდილი;- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება.

მივყვეთ თანმიმდევრულად:

მაფორმირებელი ოპერაცია- დასავლურ სამხედრო ხელოვნებაში ძირითადი ოპერაციის წინმსწრები მოქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ძირითადი ოპერაციის წარმატებას. ბელგოროდის რეიდმა სამხედრო თვალსაზრისით უკვე მიაღწია მიზანს და რუსეთი იძულებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან მიმართულებებზე,
გადმოისროლოს ქვედანაყოფები უკრაინიდან და დაასუსტოს და დაფანტოს თავისი ძალები. სხვა შემთხვევაში, ხვალ შეიძლება შეტევა რიაზანზე იყოს და არა 100 არამედ 500 კაცით, ზეგ 1000 როსტოვზე და ა.შ.

რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია, მაგრამ როგორ იქნება უზრუნველყოფილი ხანგრძლივი მშვიდობა? ერთ-ერთი ვარიანტი უკრაინასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის არსებობაა, მოხალისეთა ლეგიონმაც ზუსტად ეგ განცხადება გააკეთა, რომ ერთ-ერთი მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხო ზონის შექმნაა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. რატომაც არა, იარაღის და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულების აღება;

რაც შეეხება ყვითელ ბარათს, რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობა დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი იქნება დასავლეთისგან, თუ რუსეთი დროზე არ მოეგება გონს და არ გაითვითცნობიერებს, რაც უფრო მალე შეეგუება კაპიტულაციის გარდაუვალობას, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება მისთვის ომისშემდგომი მშვიდობა.

ბუმერანგი: აფხაზეთი, ცხინვალი, ლუგანსკი, დონეცკი – რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმი და სისხლისღვრა უკან უბრუნდება, სავარაუდოდ უფრო დიდი მასშტაბებით და დამანგრეველი ძალით.

ბელგოროდის პრეცედენტი უკვე შედგა, რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ. მნიშვნელობა აღარ აქვს დღესვე დაიხევს რუსეთის განთავისუფლების ლეგიონი უკან თუ გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს. რაც უფრო გაიზრდება უკრაინის არმიის ზეწოლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, მით უფრო მეტი ცხელი კერა გაჩნდება რუსეთში, გაიზრდება გეოგრაფიული არეალიც და ბრუტალობაც.

საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება,”- წერს გიორგი თავდგირიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მთავრობის მეთაური კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დროებით შეჩერდება სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დავიწყე პერმანენტული შეხვედრები მასწავლებლების ჯგუფებთან, რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე აქვთ მოსაზრებები და რეკომენდაციები სკოლებში სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. მასწავლებლების მოსმენისა და მათი მოსაზრებების გაანალიზების შემდეგ დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივებულიყო მასწავლებელთა პორტფოლიოში დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები და პორტფოლიოს ატვირთვის პროცესში შემსუბუქებულიყო მტკიცებულებების ნუსხა. მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების ჯგუფი გამხდარიყო მეტად ინკლუზიური პროცესის გამჭვირვალობის, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხისა და საზოგადოების მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად.

მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.

საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება, მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით; დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

გავაგრძელებ მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ სწორი, სამართლიანი და მასწავლებელთა ინტერესზე მორგებული სამომავლო გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა მინისტრმა.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

თიბისი, თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულში, განსაკუთრებულ ფოკუსს აკეთებს ახალი თაობის მხარდაჭერაზე და მათი განათლების ხელშეწყობაზე.  თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც წელს უკვე 25-ედ ტარდება.  ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ისე უცხოური გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები,

ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. მე-6 პავილიონში სტუმრებს დახვდებათ თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები დახვდებათ.

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათების მფლობელები, შერჩეულ გამომცემლობებთან გადახდისას, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-ს.  ხოლო ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-11 პავილიონებში, თიბისის დახლებთან, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ მომენტალურად აიღონ მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათები, ადგილზე გაააქტიურონ და ისარგებლონ შეთავაზებით.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პოლონეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10 პოლონური გამომცემლობა, ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 20 პოლონელი ავტორი და მკვლევარი გამართავს შეხვედრას, ისინი ქართველ მთარგმნელებთან და ავტორებთან ერთად პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. ფესტივალს საპატიო სტუმარი, უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) უკვე მეორე წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

ელიზაბეთ ჯინ კეროლი დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით სულ მცირე 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს

მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. კეროლი, რომელმაც მანამდე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოიგო, აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ ტრამპმა მას დამამცირებლად მიმართა. ჯინ კეროლის თქმით, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის ზედმეტად მახინჯი იყო სექსუალური ძალადობისთვის“ და აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია კეროლს.

ელიზაბეთ ჯინ კეროლი სასამართლოში დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს. სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი არ გაიზიარა.

“ეს სამარცხვინო განცხადებები რომელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე გაკეთდა?”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური ლიდერების მიერ 2012-2013 წლებში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება:

“ეს სამარცხვინო განცხადებები რომელი განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე გაკეთდა?

1. “სააკაშვილი და საქართველოს ყველა თანამდებობის პირი მანტრასავით იმეორებენ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშე”.

“სააკაშვილს ჩემოდნით ვერ ჩამოგიყვანთ, დიდია. ყველას გაქვთ ჩემი ტელეფონი. არ მოგწონთ ვაშაძე, დაელაპარაკეთ შაშკინს, არ მოგწონთ შაშკინი, დაელაპარაკეთ მერაბიშვილს და ა.შ.”

2. “საქართველოს ტოვებს რუსული კულტურის ბოლო პლასტი, რუსული ენა დავიწყებას ეძლევა, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი ხდება, რაც ძალიან მაწუხებს.

კონფლიქტის მოგვარება შორეული პერსპექტივის საქმეა. თბილისი საჭიროებს რუსეთთან დიალოგს. მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. რუსეთის ლიდერები უარს ამბობენ სააკაშვილთან დიალოგზე. თუმცა, ოპოზიციასთან აქვთ კავშირები. ჩვენ ვართ მეზობლები და ასეთებად დავრჩებით. საქართველოდან მიდის რუსული კულტურის ბოლო პლასტი. რუსული ენა დავიწყებას ეცემა. ქართველები ინგლისურენოვანები ხდებიან. მე ეს მაწუხებს.”

ახსნას ნაცმოძრაობის პოლიტიკოსებმა და მომხრეებმა, რა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა აიძულა გრიგოლ ვაშაძე და გიული ალასანია ეს სიტყვები ეთქვათ?

შენიშვნა:

პირველი ამონარიდი ეკუთვნის გრიგოლ ვაშაძეს. ინტერვიუ გამოცემა “ეხო მოსკვის”, რუსელ ენაზე მისცა, 2012 წელს.

ასე საუბრობდნენ თვითონ, სანამ არჩევნებს წააგებდნენ. 2013 წლიდან ყირაზე იდგნენ, არ შეიძლება რუსეთთან პარტნიორების და წინაპირობების გარეშე საუბარიო.

მეორე ამონარიდი ეკუთვნის გიული ალასანიას. ეს სიტყვები წარმოთქვა თურქეთში, 2010 წელს, “პლატფორმა ევრაზიული დიალოგის” კონფერენციაზე.

რომელი გეოპოლიტიკური გარემოების გამო რჩება დღეს გიული ალასანია პრორუსულ-პროთურქული ორგანიზაცია “პლატფორმა ევრაზიის დიალოგის” საქართველოს ფილიალის გამგეობის თავმჯდომარედ?”- წერს ამირან სალუქვაძე.

6 თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა

ექვს თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 8 872 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, ამავე პერიოდში წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიული პირი.

ხოლო ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 638 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 563 იურიდიული პირი.

“ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის”- მამუკა მდინარაძე

ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, გილოცავთ „აფხაზეთობას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე წერს, ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება.

„საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული „ომის პარტიის“ პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი „რუსული ნარატივია“. ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე. ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა. გილოცავთ „აფხაზეთობას“, – წერს მამუკა მდინარაძე.