Home Blog Page 1925

“ევროკავშირის დროშები შეგნებულად არ გამოფინეს” – პაატა ზაქარეიშვილი

26 მაისისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ხვალ, ქვეყანა დამოუკიდებლობის 105 წლისთავს ზეიმობს. “თავისუფლების სიყვარულით” – ეს კი წლევანდელი სლოგანია.

წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა. “ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს,”- აღნიშნავს ის.

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე.

“იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე – ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით კი, 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კი ოპოზიციას არ მოსწონს, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. “ყოველ წელს ვაცხადებთ კონკრეტულ თემატიკას. როდესაც სამინისტროები ვინაწილებთ, ვინ რომელ ადგილას, რომელ რეგიონში გამართავს ამა თუ იმ ღონისძიებას, ყოველთვის ერთს და იმავე თემატიკის გარეშემო ვტრიალებთ. შარშან თემატიკა ოფიციალურად შერჩეული გახლდათ „ევროპისკენ“, ამიტომაც ყველაფერი იყო შეფუთული ქართული და ევროკავშირის დროშებით, ემბლემატიკა იქნებოდა ეს თუ სხვა, მათ შორის, დროშები,”- განმარტავს თეა წულუკიანი.

რატომ არ არის წელს 26 მაისისთვის, პარლამენტის შენობაზე განთავსებულ ბანერებზე ევროკავშირის დროშა – მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქის გაფორმება.

“წელს 26 მაისის გზავნილია “თავისუფლების სიყვარულით”, ამიტომ დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო “ევროპისკენ”, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში, სლოგანიდან გამომდინარე მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსის შერჩევა,”- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

აღნიშნულ საკითხს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის დროშები შეგნებულად არ გამოფინეს.

“თავისუფლება ევროპის გარეშე არ არსებობს. ეს არის შეგნებულად გაკეთებული, რათა კიდევ მეტად გაართულონ ევროკავშირის თემა საქართველოში. ვინმეს რომ არ შეემჩნია, თვითონ ათქმევინებდნენ და შეამჩნევინებდნენ. შეგნებულად გააკეთეს, რომ ამაზე ლაპარაკი იყოს.

დღეს კი ყველა ამაზე ლაპარაკობს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას განცდა, რომ მართლა მიდიან ესენი ევროპიდან – თვითონ კი არ იტყვიან, სხვას ათქმევინებენ.

მთავრობა ცდილობს, რომ ევროპაზე ცუდი კონტექსტით არ შეწყდეს საუბარი… 26 მაისი მოდის, მოდით ვილაპარაკოთ ევროპაზე, დროშები არ გამოვფინოთ, მერე კიდევ რაღაც მოვა და არჩევნებამდე სულ იქნება ამაზე საუბარი. შემდეგ წელს კიდევ მოვა 26 მაისი, იქაც რაღაც იქნება ევროპაზე სალაპარაკო. ყოველი თარიღი, ყოველი მზის ამოსვლა და ჩასვლა, მათი მხრიდან მიძღვნილი იქნება იმისკენ, რომ თან ბარემ ევროპა ვლანძღოთ. მე ასე ვხედავ ამ მორიგ, უმსგავსო ქცევას ევროკავშირის წინააღმდეგ. პირდაპირ ურტყამენ თუ ირიბად – არ სცემენ ტემპერატურას იმისთვის, რომ ევროკავშირზე ჰქონდეთ უარყოფითი კონტექსტი. სწორედ, ეს არის, რაც მათ გვითხრეს, დღევანდელი თბილისის გაფორმებით,”– აცხადებს ექსპერტი.

მისი განმარტებით, ევროკავშირის დროშების ამბავი, მათი შიგთავსის გაგრძელებაა.

“მთელი უბედურება ის არის, რომ ისინი გადავიდნენ უსირცხვილო ტყუილზე. როცა ადამიანი იტყუება, ესე იგი უჭირს და თავს იმართლებს ამით. დროშების ამბავი არის გაგრძელება მათი შიგთავსისა. რაც გუშინ ღარიბაშვილმა ისაუბრა და რასაც კობახიძე ლაპარაკობს, ქმნიან ილუზიას, თითქოს ომი ჩვენთანაც იყო. უკაცრავად, ომი 5 დღე იყო მხოლოდ და ვინ გააჩერა ეს ომი? გააჩერა ევროკავშირმა. უკრაინაში, რომ ვერ გააჩერა, მაგიტომ დააწესა სანქციები. რატომ იტყუებიან ასე უსინდისოდ, როცა ევროკავშირმა ჩვენთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უკრაინისათვის. სანქციები არაფერია იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გაუკეთეს. 5 დღეში გააჩერეს ომი და აიძულეს რუსეთი ხელი მოეწერა დოკუმენტზე, სადაც ის აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს.

დღეს ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ იფერებდეს იმას, რომ ევროკავშირმა ასეთი უნიკალური დოკუმენტი დაუტოვა, იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკოს რუსეთის ჯარების გაყვანაზე, – ევროკავშირს ლანძღავს. რა გაგიკეთეს და 5 დღეში ომი გაგიჩერეს, ენაგადმოგდებული დარბოდა საფრანგეთის პრეზიდენტი, სარკოზი მოსკოვსა და თბილისს შორის და მაქსიმალურად კარგი დოკუმენტი დაგიტოვეს. დღემდე საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინამ და მოსკოვმა, ოდესმე უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტს, ყველა ჩართულია ამაში. ჩვენ კი უკვე გაქვს ეს დოკუმენტი. სირცხვილით ხმას არ უნდა იღებდნენ ამაზე – მეტი რა გავაკეთოთო? – ამბობენ. ეს დოკუმენტი თავზე უნდა დაახიო რუსეთს და უთხრა, შენი ხელმოწერილია. ის ომს ვერ დაგიწყებს ამის გამო. უნდა მოსთხოვო ის, რასაც სთხოვდა წინა მთავრობა შენამდე და კოალიცია „ქართული ოცნება“ – შეასრულე შენი ვალდებულებები. ამაზე საუბრობს სტოლტენბერგი – ნატო, შარლ მიშელი – ევროკავშირი და არ ლაპარაკობს საქართველო.

ევროკავშირს მადლობა უნდა გადაუხადონ და ახლა მაინც სცადონ ამ დოკუმენტის გატარება. 2008 წელს არ გამოვიდა? – ახლა გააკეთე. „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდი იყო? – შენ გააკეთე. რატომ მიძვრება წარსულში. დღეს არის ამის უნიკალური შანსი, რომ რამე გააკეთონ, რადგან ხელისუფლებაში არიან,” – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

“საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრინციპული დამოკიდებულება ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ გადაიხედება.

„საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება. საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ ამ ქვეყნიდან უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის. საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პოზა დავიჭიროთ, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაზიანებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ამისთვის არ მგონია, რომ ვინმემ საქართველოს დასჯა უნდა მოინდომოს. ჰააგაშიც კი ვითხოვთ, რომ მხარი დავუჭიროთ იმ დოკუმენტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის, თუმცა, მეორე მხრივ, სანქციებს არ ვაწესებთ. ამიტომ არის ის, რომ ფრენები არის თავისუფლად. ცალმხრივად დაწესებული სანქციები რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა. როდესაც ვითხოვდით ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამის მოხსნას, ჩვენ თვითონ ამ სანქციების დაწესებას და შესაბამისად, ქართველების დაზიანებას არ ვაპირებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ერთი მხრივ, ძალიან სახელმწიფოებრივი, ეროვნული, რომელიც ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს პრინციპული დამოკიდებულება არ გადაიხედება“,-განაცხადა მდინარაძემ.

“ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული ” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციები ივნისის ბოლოსთვის იქნება შესრულებული და თუ სამართლიანი შეფასებაც იქნება, გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ დადებითი უნდა იყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოლოდინი ოპტიმისტურია, თუმცა შანსები 50/50-ზეა.

„ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე.

ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაციის ქვეშ სინამდვილეში რადიკალიზმი იფუთება. პოლარიზაციაში გულისხმობენ რას, ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. დეპოლარიზაცია არის ის, როცა რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად“, – განაცხადა კობახიძემ.

“უკრაინელებს სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ” – ირაკლი კობახიძე

უკრაინელებს სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ – ვერავითარი სანქციის, შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის მხრიდან მმართველი გუნდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პირდაპირ ითხოვენ საქართველოში მეორე ფრონტს და ამის მისაღწევად, შანტაჟის ინსტრუმენტის ამოქმედებას ცდილობენ.

„ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ეს არის დე-ფაქტო სანქციები, რომელიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და როგორც მან აღნიშნა, პირდაპირი იყო მინიშნება ამასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ არის მოთხოვნა და ის არ შეასრულებს არც ერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის, შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში. პირდაპირ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში და მეორე მხრივ, ცდილობენ რაღაც შანტაჟის ინსტრუმენტი აამოქმედონ. როცა ერთი მხრივ, ითხოვ მეორე ფრონტს და მეორე მხრივ, ითხოვ სანქციებს, აქ ძალიან ნათლად ჩანს, რა არის მათი ინტერესი. მათ სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ,“ – განაცხადა კობახიძემ.

“დღესვე შესაძლებელია მინიმუმ 4 თეთრით ელექტროენერგიის და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მივმართეთ დღეს დილით ოფიციალური წერილით სემეკს. ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას და დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის გაიაფებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ლარი გამყარდა, შესაძლებელი გახდა, რომ ფასმა ელექტროენერგიაზე 4 თეთრით, ხოლო ბუნებრივ აირზე 6-7 თეთრით დაიკლოს.

„იმ პირობებში, როცა „რუსულ პარტიას“ „ლავ სთორი“ აქვს კრემლთან, პუტინთან, როცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის დროშები საერთოდ გააქრეს, იმ პირობებში, როცა, ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის ომში რუსულ პარტიას უჭირავს რუსეთის მხარე, ამის პარალელურად ქართველ ხალხს, მოსახლეობას ძარცვავენ რუსულად. რუს ოლიგარქს ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია, რუსულად უნდა გაძარცვოს ქართველი ხალხი და ამიტომ არ უნდა ევროკავშირში, სადაც ასეულობით მილიონს ვეღარ მოპარავს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ხარჯზე ვეღარ გამდიდრდება. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად, შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, იმიტომ, რომ როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის და გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსი ძალიან მაღალიაო და შესაბამისად, ამიტომ მოიმატა ტარიფმაო, თუმცა როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის. მოსახლეობას ჭირის დღესავით სძულს ქვითრის მოსვლა, იმიტომ, რომ ამ ქვითრის გადახდა მერე ძალიან უჭირს. გუშინ დავით ნარმანიამ, სემეკის თავმჯდომარემ, დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება.

დღესვე შესაძლებელია დოლარის კურსის შესაბამისად, მინიმუმ 4 თეთრით -ელექტროენერგიის და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ სემეკისგან სასწრაფოდ სხდომის ჩატარებას და გუშინ რომ დაადასტურა დავით ნარმანიამ, რომ შესაძლებელია ფასის კლება, ოფიციალურად მოახდინონ ტარიფების კლება ჩვენი მოსახლეობისთვის.“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით – არ გამოვა!” – მდინარაძე

ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით – არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება! – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე საზოგადოების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები, წინა წლების მსგავსად, გამოფენილი არ არის.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ეს არის ევროპელობის სახელით საქართველოს დაზიანება და ღალატი პატრიოტიზმის სახელით.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება არ გამოვა.

„გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ. ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში.

ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით – არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქართული კულტურისა და ტრადიციების, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით და არა მის გარეშე!“- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

“როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თვისებრივად შეიცვალა 26 მაისის, როგორც მთავარი საერო დღესასწაულის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში”- თეა წულუკიანი

“როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თვისებრივად შეიცვალა 26 მაისის, როგორც მთავარი საერო დღესასწაულის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში, რუსთაველის გამზირი გახდა არა რაღაც ტიპის სამხედრო ჩვენებების ადგილი, როგორც ეს მაგალითად ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, არამედ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ოჯახებისთვის, ყველასთვის სასიამოვნო, სასეირნო, საგანმანათლებლო და სასიამოვნო დღე”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს, რაც ოპოზიციას არ მოსწონს.

„ასევე, უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც ჩვენი წვევამდელები დებენ ფიცს სამშობლოს წინაშე. ეს ზოგადი კონცეფცია. რაც ჩვენ დავამკვიდრეთ და როგორც ვხედავთ საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით არის დაკავებული, ძალიან არ მოსწონს და ადარდებს. ამავე კონცეფციის ნაწილია, რომ ყოველ წელს ვაცხადებთ კონკრეტულ თემატიკას. როდესაც სამინისტროები ვინაწილებთ, ვინ რომელ ადგილას, რომელ რეგიონში გამართავს ამა თუ იმ ღონისძიებას, ყოველთვის ერთი და იმავე თემატიკის გარეშემო ვტრიალებთ. შარშან თემატიკა ოფიციალურად შერჩეული გახლდათ ევროპისკენ, ამიტომაც ყველაფერი იყო შეფუთული ქართულ და ევროპულ ევროკავშირის დროშებით, ემბლემატიკა იქნებოდა ეს თუ სხვა, მათ შორის დროშები. ასევე. მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გვქონდა, მაშინაც 26 მაისი ვიზეიმეთ სწორედ ამ ორი ატრიბუტიკით, ემბლემებით. ხოლო წელს. თემატიკად შერჩეულია თავისუფლება, თავისუფლებისკენ, ამ თემატიკის გარშემო ვტრიალებთ და ბუნებრივია ალბათ, რომ ჩვენი მთავარი ემბლემატიკა და ასე ვთქვათ მასალა, რომელსაც დიზაინერები და ღონისძიების ორგანიზატორები იყენებენ, სწორედ არის ჩვენი ეროვნული დროშა, ჩვენი ეროვნული ფერები. ამიტომ, ის სპეკულაციები, რაც დღეს გვესმის, არის თითიდან გამოწოვილი. უკვე ამ ადამიანებს ახასიათებთ, რომ ყველაფერში დაინახონ ნეგატივი ან ეძებონ სკანდალი, რადგან როგორც ბატონმა გივი თარგამაძემ თქვა, მათი ემბლემა უკვე არის უბრალოდ ტრიპაჩობა და ტრიპაჩული აქციები. რაკი ვერ გადააყირავეს მთავრობა, ახლა უკვე დიზაინერების კრიტიკით არიან დაკავებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს Uzbekistan Airways-ი შეასრულებს

Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო.

უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Uzbekistan Airways-ი ასევე ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე. ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

“იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა”

იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე – ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

მანჯგალაძის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე.

“ქართულ ოცნებას” უყვარს ყალბი პათეტიკა სიმბოლოებზე. დღეს არ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა ევროკავშირს და მის დროშას რუსთაველზე? ქვეყანა ელოდება სტატუსს და ამ დროს კეთდება მავნებლური, დივერსიული განცხადებები. მგონი, პირველი სანქციები ბოჭორიშვილს უნდა დაუწესონ – საქართველოს დროშამ გაგაღიზიანათო. ვგავარ ახლა მე ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მაღიზიანებს?! საქართველოს დროშა კი არ მაღიზიანებს, ის მაღიზიანებს, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღის ღონისძიებაზე. შემთხვევითი არ არის, რასაც ღარიბაშვილი და კობახიძე ამბობენ ყოველ დღე. რუსეთი წლების მანძილზე ითხოვდა უარი გვეთქვა ნატოზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე და რასაც საუბრობენ “ლიბერალურ ფაშიზმზე”, არის დუგინის დოქტრინა. შემთხვევით დაემთხვა, რომ ლურჯი ფერი არ ჰქონდათ და დროშა ვერ დაბეჭდეს. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს დროშის გამოსახულება ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება – 26 მაისი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

„აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება.

ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდები, ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი; ავსტრალიაში კი ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა.

26 მაისის აღსანიშნავად, არგენტინაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით.

ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC”-ის შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა – “Kingdom Tower”, თურქეთში კი ქ. იზმირის მთავარი სიმბოლო – საათის კოშკი.

აზერბაიჯანში, 26 მაისის აღსანიშნავად, განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი”, კვიპროსში კი, ქ. ნიქოზიის ცენტრალური მოედანი.

ასევე, განათდება კორეის რესპუბლიკაში ქ. სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოიხატება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.

ირლანდიაში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით.

26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში – ქ. ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება ქ.კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი – ეროვნული მონუმენტი და შადრევანი.

ქ.ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, ქ. თესალონიკში კი – მერიის შენობა.

ამასთან, ქ. ნიუ-იორკში გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, ქ. სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ქ. ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება.

ასევე, ნიდერლანდებში, ქ.ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით, კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ.

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა.

შვეიცარიაში, ქ. ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად, გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია.

ეროვნული დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია.

კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტო-გამოფენა, დოკუმენტური ფილმის – „ საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში,სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ქ. ჟენევაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მომავალი ჩვენია“ – თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

2023 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105-ე წელი შესრულდა. 26 მაისს თიბისი, ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს.

ამ დღის აღსანიშნავად, თიბისიმ კრეატიულ სააგენტო  Playmakers-თან ერთად ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის ინსპირაციაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან. ვიდეოსთვის სპეციალურად ადაპტირდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რომელზეც პოეტმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ იმუშავა.

„მომავალი ჩვენია“ – ამ სიტყვებით ულოცავს თიბისი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ლექსის ადაპტირებული ვარიანტის მთავარი აქცენტებია, რომ მომავალი თითოეული ადამიანის ხელშია და მასზე ზრუნვა ახლა, აწმყოში იწყება. მომავალი არ არის პერსპექტივაში და არც კონკრეტულად რომელიმე თაობის განსახორციელებელი, არამედ მომავალზე, ყველამ ერთად, აწმყოში უნდა ვიზრუნოთ.

„თიბისის გუნდი მთელ საქართველოს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებულია, ისევე როგორც ჩვენი ბრენდისთვის. თიბისის წლევანდელი კამპანიის გზავნილი ყველა თაობის ადამიანს ეკუთვნის,   „მომავალი ჩვენია“ – ამ სიტყვებით გვინდა,  ადამიანებს შთაგონება მივცეთ, რომ მომავალზე სწორედ ახლა, აწმყოში იფიქრონ,“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.

კამპანიის ვიდეოს ნახვა თიბისის Facebook-ის გვერდზე შეგეძლებათ. თიბისის ფილიალებში მისულებს კი რიგის ნომრებზე ლექსის ამონარიდი და 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის მილოცვა დაგხვდებათ.

საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს მასშტაბურად აღინიშნა და მას შემდეგ თიბისი ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით და პროექტებით ეხმაურება. მათ შორისაა, დამოუკიდებლობის სკოლა – ლექციების სერია მთელი საქართველოს მასშტაბით თავისუფლებაზე; პროექტი „გმირები“, რომელიც ქართველი ეროვნული გმირების საკოლექციო ფიგურების გამოშვებას ითვალისწინებდა; კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ანიმაცია;  რადიოსპექტაკლი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტს მიეძღვნა და სხვ. თითოეული პროექტი ადამიანების ისტორიული როლის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

გთავაზობთ წლევანდელი კამპანიისათვის ადაპტირებული ლექსის სრულ ვერსიას.

ემო კარგო ქვეყანავ

 

ჩემო კარგო ქვეყანავ

რაზედ მოგიწყენია,

მზე რომელიც შენ ცას ათბობს

სიყვარულზე მწველია.

 

თქვი, რაც გინდა გამოხატო

და ბოლომდე გამოთქვი,

ვიცი ბრძოლის მერე ხმლისგან

ჩონგურს როგორ გამოთლი.

 

რომ მეც შენი შვილი ვარ და

არასოდეს მბეზრდები,

რომ დინებას მიჰყვებიან

მხოლოდ მკვდარი თევზები.

 

შენ შენი გაქვს გასავლელი

ჰოდა სულ წინ იარე,

სტუმარს პური გაუყავი-

მტერზე გადაიარე,

 

შენ ნიჭის და თავგანწირვის

უძლეველი კერა ხარ,

გმირს რომელსაც ელოდები

მიხვდები რომ შენა ხარ.

 

შენთან დღესაც უყურებენ

პოეტები ვარსკვლავებს,

ვლოცავ რაც ჩვენ ერთ მუშტად გვკრავს,

ვლოცავ – რაც ჩვენ გვასხვავებს.

 

მომავალი მაშინ მოჩანს

როცა აწმყოც ჩვენია,

ერთმანეთის სიყვარულის

მეტი რა დაგვრჩენია,

 

ჩემო კარგო ქვეყანავ

ომავალი ჩვენია!!!!

(R)

 

“კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს” – იაგო ხვიჩია

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა – ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” არგუმენტს, რომ კრიტიკოსები ქართული დროშის დანახვამ გააღიზიანა, ხვიჩია ამბობს, რომ ღალატს ვერ შეფუთავენ და “ის დროშებს მიღმაც მოჩანს.”

“სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია იქ იყო თუ არა ევროკავშირის დროშა, მაგრამ ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. დროშა იქ რომც იყოს, ქვეყნის დასავლური კურსი შეცვლილია და ეს ჩემი აზრით, “ქოცებს” გადაიყოლებს.

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ის ქვეყნის მოღალატეა და არა პატრიოტი, ჩემი აზრით. რაც არ უნდა დროშებით ფუთო ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც,” – განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა ნატო-ს გენმდივნის განცხადებას, რომ “მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, რისიც სწამთ, შეესაბამებოდეს და ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს.”

“ქოცების” ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ნატო-ს გენმდივნამდეც, რომ ისეთი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოდან შეიძლება რუსეთი მარაგდებოდეს საბრძოლო ინვენტარით. ის, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი ზიანი ახლა, ამ წუთას, ამ მოცემულობით, რადგან აქამდე ვითვლებოდეთ დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად. ახლა” ქართული ოცნება” გამოდის და ცდილობს ქართული ხომალდი რუსეთისკენ მიატრიალოს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” კრახამდე მიიყვანს, მეგობრები, როგორც ეს მეგობრებს შეეფერებათ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” რამე უშველის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი გაფრთხილებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს,” – განაცხადა ხვიჩიამ.