“ევროკავშირის დროშები შეგნებულად არ გამოფინეს” – პაატა ზაქარეიშვილი

696
spot_img

26 მაისისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ხვალ, ქვეყანა დამოუკიდებლობის 105 წლისთავს ზეიმობს. “თავისუფლების სიყვარულით” – ეს კი წლევანდელი სლოგანია.

წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა. “ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს,”- აღნიშნავს ის.

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე.

“იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე – ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით კი, 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კი ოპოზიციას არ მოსწონს, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. “ყოველ წელს ვაცხადებთ კონკრეტულ თემატიკას. როდესაც სამინისტროები ვინაწილებთ, ვინ რომელ ადგილას, რომელ რეგიონში გამართავს ამა თუ იმ ღონისძიებას, ყოველთვის ერთს და იმავე თემატიკის გარეშემო ვტრიალებთ. შარშან თემატიკა ოფიციალურად შერჩეული გახლდათ „ევროპისკენ“, ამიტომაც ყველაფერი იყო შეფუთული ქართული და ევროკავშირის დროშებით, ემბლემატიკა იქნებოდა ეს თუ სხვა, მათ შორის, დროშები,”- განმარტავს თეა წულუკიანი.

რატომ არ არის წელს 26 მაისისთვის, პარლამენტის შენობაზე განთავსებულ ბანერებზე ევროკავშირის დროშა – მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქის გაფორმება.

“წელს 26 მაისის გზავნილია “თავისუფლების სიყვარულით”, ამიტომ დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო “ევროპისკენ”, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში, სლოგანიდან გამომდინარე მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსის შერჩევა,”- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

აღნიშნულ საკითხს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის დროშები შეგნებულად არ გამოფინეს.

“თავისუფლება ევროპის გარეშე არ არსებობს. ეს არის შეგნებულად გაკეთებული, რათა კიდევ მეტად გაართულონ ევროკავშირის თემა საქართველოში. ვინმეს რომ არ შეემჩნია, თვითონ ათქმევინებდნენ და შეამჩნევინებდნენ. შეგნებულად გააკეთეს, რომ ამაზე ლაპარაკი იყოს.

დღეს კი ყველა ამაზე ლაპარაკობს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას განცდა, რომ მართლა მიდიან ესენი ევროპიდან – თვითონ კი არ იტყვიან, სხვას ათქმევინებენ.

მთავრობა ცდილობს, რომ ევროპაზე ცუდი კონტექსტით არ შეწყდეს საუბარი… 26 მაისი მოდის, მოდით ვილაპარაკოთ ევროპაზე, დროშები არ გამოვფინოთ, მერე კიდევ რაღაც მოვა და არჩევნებამდე სულ იქნება ამაზე საუბარი. შემდეგ წელს კიდევ მოვა 26 მაისი, იქაც რაღაც იქნება ევროპაზე სალაპარაკო. ყოველი თარიღი, ყოველი მზის ამოსვლა და ჩასვლა, მათი მხრიდან მიძღვნილი იქნება იმისკენ, რომ თან ბარემ ევროპა ვლანძღოთ. მე ასე ვხედავ ამ მორიგ, უმსგავსო ქცევას ევროკავშირის წინააღმდეგ. პირდაპირ ურტყამენ თუ ირიბად – არ სცემენ ტემპერატურას იმისთვის, რომ ევროკავშირზე ჰქონდეთ უარყოფითი კონტექსტი. სწორედ, ეს არის, რაც მათ გვითხრეს, დღევანდელი თბილისის გაფორმებით,”– აცხადებს ექსპერტი.

მისი განმარტებით, ევროკავშირის დროშების ამბავი, მათი შიგთავსის გაგრძელებაა.

“მთელი უბედურება ის არის, რომ ისინი გადავიდნენ უსირცხვილო ტყუილზე. როცა ადამიანი იტყუება, ესე იგი უჭირს და თავს იმართლებს ამით. დროშების ამბავი არის გაგრძელება მათი შიგთავსისა. რაც გუშინ ღარიბაშვილმა ისაუბრა და რასაც კობახიძე ლაპარაკობს, ქმნიან ილუზიას, თითქოს ომი ჩვენთანაც იყო. უკაცრავად, ომი 5 დღე იყო მხოლოდ და ვინ გააჩერა ეს ომი? გააჩერა ევროკავშირმა. უკრაინაში, რომ ვერ გააჩერა, მაგიტომ დააწესა სანქციები. რატომ იტყუებიან ასე უსინდისოდ, როცა ევროკავშირმა ჩვენთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უკრაინისათვის. სანქციები არაფერია იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გაუკეთეს. 5 დღეში გააჩერეს ომი და აიძულეს რუსეთი ხელი მოეწერა დოკუმენტზე, სადაც ის აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს.

დღეს ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ იფერებდეს იმას, რომ ევროკავშირმა ასეთი უნიკალური დოკუმენტი დაუტოვა, იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკოს რუსეთის ჯარების გაყვანაზე, – ევროკავშირს ლანძღავს. რა გაგიკეთეს და 5 დღეში ომი გაგიჩერეს, ენაგადმოგდებული დარბოდა საფრანგეთის პრეზიდენტი, სარკოზი მოსკოვსა და თბილისს შორის და მაქსიმალურად კარგი დოკუმენტი დაგიტოვეს. დღემდე საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინამ და მოსკოვმა, ოდესმე უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტს, ყველა ჩართულია ამაში. ჩვენ კი უკვე გაქვს ეს დოკუმენტი. სირცხვილით ხმას არ უნდა იღებდნენ ამაზე – მეტი რა გავაკეთოთო? – ამბობენ. ეს დოკუმენტი თავზე უნდა დაახიო რუსეთს და უთხრა, შენი ხელმოწერილია. ის ომს ვერ დაგიწყებს ამის გამო. უნდა მოსთხოვო ის, რასაც სთხოვდა წინა მთავრობა შენამდე და კოალიცია „ქართული ოცნება“ – შეასრულე შენი ვალდებულებები. ამაზე საუბრობს სტოლტენბერგი – ნატო, შარლ მიშელი – ევროკავშირი და არ ლაპარაკობს საქართველო.

ევროკავშირს მადლობა უნდა გადაუხადონ და ახლა მაინც სცადონ ამ დოკუმენტის გატარება. 2008 წელს არ გამოვიდა? – ახლა გააკეთე. „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდი იყო? – შენ გააკეთე. რატომ მიძვრება წარსულში. დღეს არის ამის უნიკალური შანსი, რომ რამე გააკეთონ, რადგან ხელისუფლებაში არიან,” – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.

 

/ ნინო ოთარაშვილი /