Home Blog Page 1922

“როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას”

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც ვანო მერაბიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია ასახული.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ადამიანისთვის ფიზიკური თუ სხვა სახის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება ჩაითვალოს „სამოქალაქო აქტივიზმად“. მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ წაახალისებს უფრო მეტ აგრესიას.

„როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას. ვიღაცები არწმუნებენ ადამიანებს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. სხვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუ სხვა ტიპის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება, არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და ასევე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა წარმოაჩინონ სამოქალაქო აქტივიზმად, თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ აგრესიის წამახალისებელი და პოლარიზაციის წამახალისებელი განცხადებები. როდესაც ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ნაგვის ურნის თავზე დამხობა, გინება და ა.შ. არის წარმოჩენილი როგორც სამოქალაქო აქტივიზმი, ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში, რაც ამ ქვეყანას არ სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა აღნიშნული საკითხისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

„ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი: ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე მივალთ დეკემბრამდე და ამ შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება შანსი, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძემ უკრაინასთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით რადას ერთ-ერთი დეპუტატის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც კობახიძემ განაცხადა, “სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, მეტად დაძაბონ ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის”.

„რადას დეპუტატის განცხადება ნაკლებად საინტერესოა. ეს არის ცალკეული დეპუტატის განცხადება. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე. თავის დროზე გახსოვთ, რომ უკრაინის ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, რასაც არავითარი ახსნა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბელარუსის ელჩი არ გაუწვევიათ მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეტევა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან სწორედ ბელარუსის მიმართულებიდან განხორციელდა, ბელარუსიდან შევიდნენ რუსული ტანკები უკრაინაში. არ გაუწვევიათ ბელარუსის ელჩი, გაიწვიეს საქართველოს ელჩი. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ზეგავლენის ხარისხი ამ ქვეყანაზე არის სერიოზული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სრულიად უსაფრთხოა -მაია ომიაძე

შავი ზღვაში წლის ხარისხი უსაფრთხოა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევების შედეგების მიხედვით, ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია, – ასე შეაფასა შავი ზღვის წყლის ხარისხის შედეგები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, რომელიც აჭარის რეგიონში ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

მაია ომიაძის განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს აკმაყოფილებს და საზღვაო კურორტები დამსვენებლებით უკვე სავსეა.

„საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დამსვენებლებისთვის სრულიად უსაფრთხოა, ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე მოწმდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველგვარი შიში უსაფუძვლოა, ყველას შეუძლია იხილოს, რომ ზღვისპირა რეგიონებში, აჭარაში ძალიან ბევრი ტურისტია, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი“, – განაცხადა მაია ომიაძემ

“უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა” – საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს კონსულტაციის მიზნით უკრაინის ტერიტორია დაატოვებინოს, „დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა“.

უწყების განცხადებით, იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, თავის დიდ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და „ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო – დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა – დღეს ქ.კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით რჩება

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.

ვადის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა თავად სტოლტენბერგმა.

„პატივია ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში.“

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.

დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

46 ოპოზიციონერი დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე ნებართვის მიზნით, შალვა პაპუაშვილს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მოითხოვს, განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში გააკეთეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, უკვე რამდენიმე თვეა, არცერთ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის არცერთ წევრს შალვა პაპუაშვილი არ აძლევს უფლებას, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

„გუშინ გავრცელებულმა კადრებმა, პრინციპში, ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ – იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს დაშვება საქართველოს პარლამენტის წევრებზე, ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, რათა მსოფლიომ იცოდეს სიმართლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას ხელს აწერენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე რამდენიმე დეპუტატი სხვა ოპოზიციური ფრაქციიდან.

“იმ ადამიანს, ვისაც ექომაგებიან, ჩადენილი აქვს არაერთი უღირსი დანაშაული საქართველოში” – მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაც უნდა პოლიტიკურად მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ვინმეს, არ არის სწორი მიდგომა, ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკისრებული სასჯელის აღსრულებას ვინმე გარედან ხელს უშლიდეს.

აღნიშნულით სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში საქართველოს ელჩს სთხოვა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

“სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გასაგები მიზეზების გამო რელევანტური პასუხით დავუპირისპირდეთ ასეთი ტიპის განცხადებებს. იმედი მაქვს მალე დადგება ის დღე, როდესაც შეგვეძლება იმის გაკეთება, რომ რეალურად აღარ იმყოფებოდეს საომარ მდგომარეობაში და შეგვეძლოს ყველაფერს საკადრისი პასუხი გავცეთ. სამწუხაროა, რომ ასეთი მდგომარეობა იქმნება და არ უფრთხილდებიან იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს.

ალბათ ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ იმ ადამიანს, ვისაც ექომაგებიან, ჩადენილი აქვს არაერთი უღირსი დანაშაული საქართველოში და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც არ აცლი ქართულ მართლმსაჯულებას, რომ აღასრულოს დამსახურებული სასჯელი,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი. ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესასრულებლად დაიბარეს, რომელმაც, გამოხატა მწვავე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით. ტექსტში ნათქვამია, რომ ქართველ დიპლომატთან საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ შეურაცხყოფა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი გაიწვიეს რომ დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის რომ მოიძიონ არსებული სიტუაციის მოგვარების გზები. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას სასწრაფოდ განიხილონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.

“მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა” – კალაძე

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს.

„გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხი, კახა კალაძემ განმარტა, რომ „გადაწყვეტილებებს ემოციებით არ იღებენ“.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გაგაკეთებთ, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ცრუ კამპანია ააგორეს, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის კლინიკაში. ის პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფება. იცით, რა კამპანია იყო წამოწყებული, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუ რეალურად მართლა რამე აქვს, იმკურნალოს. არანაირი პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი მთელი ამ ხნის და თვეების განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ერთი მიზანი იყო, როგორმე მომხდარიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლება ზუსტად იმ მოტივით, რომ ფიზიკურად არის სუსტად, არის მძიმე მდგომარეობაში, აქვს დაავადებები. საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. გამოდიოდნენ და იმასაც გვაბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების მიერ მოწამლული იყო. ექიმები, პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, უცხო ქვეყნებიდან, თუკი რაიმე ორგანიზაცია იყო, ყველა შეაწუხეს და ყველა ალაპარაკეს. გამოვიდნენ ახლა ეს ადამიანები, კეთილი ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ცრუ კამპანიისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

“საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში’’ საქართველოს წინააღმდეგ, ბოლო დროს, მიმდინარე კამპანიას ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებულმა მტრულმა კამპანიამ, რომელიც ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა, შედეგი ვერ გამოიღო.

მისი თქმით, პირველი, მითი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააბათილა, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელისუფლების მიერ დაცულია სააკაშვილის უფლებები. ხოლო, მეორე მითი, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების დასკვნამ, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების თავიდან არიდების პრევენციას და რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი საქართველოში არ გამოვლენილა.

„საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და, მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას. ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია, პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადასტურა ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დაცვა, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურება და რომელმაც სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად კლინიკაში დატოვა. და მეორეც, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების დასკვნებმა დაადასტურა, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების თავიდან არიდების პრევენციას, სანქციების არიდების საწინააღმდეგო ქართული სისტემა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. საქართველო ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სიმართლის იმედად იყო, ხოლო ოპონენტებს მილიონობით დოლარის იმედი ჰქონდათ, რომლებიც სულ ტყუილად გაფლანგეს, რათა დაეზიანებინათ საქართველოს დემოკრატიული მიღწევები და შეექმნათ ტყუილების, არასწორი აღქმებისა და დეზინფორმაციის საბურველი. ხაზგასასმელია, რომ ეს ხალხი, უცხოელებიც და ქართველებიც, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაფლულები, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებდნენ. რამდენიმე დღეა, მოწმენი ვართ ბოლო, სასოწარკვეთილი მცდელობებისა, ხელახლა შეცვალონ ვითარება, რაც ვერასოდეს მოხდება, რადგან ტყუილების საპნის ბუშტი უკვე საქართველოს საზღვრების გარეთაც გასკდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი” – მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს ჩემთვის მოიცალა – უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ ის რჩება უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.

როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და, რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან“, – წერს სააკაშვილი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6092 ლარი ეღირება, ევრო – 2.8422 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3066 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6131 ლარი ღირდა, ევრო – 2.8342 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3040 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 ივლისს ამოქმედდება.

„საფრანგეთო, რა სწრაფად დაივიწყე რუსეთის წყალობა და სიკეთე?!“ – უცხოური პრესა

თურქული პოპულარული გამოცემა „დიკგაზეტე“ (DikGAZETE) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საფრანგეთო, რა სწრაფად დაივიწყე რუსეთის წყალობა და სიკეთე!“ (ავტორი – ფუად საფარი). მასალაში ერთმანეთთან არის შედარებული სსრკ (რუსეთ)-საფრანგეთის ისტორიული ურთიერთობები – მე20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროს და 21-ე საუკუნეში, ამჟამად.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1945 წლის 8 მაისის ღამეა. დამარცხებული გერმანიის დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში მდგარ შენობაში, რომელშიც წითელი არმიის შტაბი იყო განლაგებული, გერმანიის ვერმახტის სარდლობამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.

სანამ ნაცისტური გერმანიის დელეგაცია სსრ კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების წინაშე კაპიტულაციას ხელს მოაწერდა, საინტერესო მოვლენა მოხდა.

დაინახა რა დარბაზში შესვლისას საფრანგეთის დროშა და ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობა მაგიდასთან, გერმანიის დელეგაციის მეთაურმა, ფელდმარშალმა ვილჰელმ კეიტელმა თავი ვერ შეიკავა და იკითხა: „ნუთუ ჩვენ ფრანგებმაც დაგვამარცხეს?“.

რა თქმა უნდა, საფრანგეთი გამარჯვებული ქვეყნების რიგში საბჭოთა ლიდერის – იოსებ სტალინის წყალობით შევიდა.

დიახ, ფრანგი მფრინავები მოსკოვის მხარეზე იბრძოდნენ ავიაესკადრილია „ნორმანდია-ნემანის“ შემადგენლობაში, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. ზოგიერთი მათგანი გმირული სიკვდილით დაიღუპა… მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვერმახტის შემადგენლობაში მყოფი ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის მიწაზე მხეცობას სჩადიოდნენ.

იცით, რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საფრანგეთის სულ უფრო ხშირად აკრიტიკებდა რუსეთს, ბოლო დროს კი ლანძღვამ ყველანაირ საზღვარს გადააბიჯა.

ამას წინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჩვენებები გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვით, ფრანგი ინსტრუქტორები მათ რაც შეიძლება მეტი რუსის დახოცვის წესებს ასწავლიდნენ და საუბრისას რუსი ხალხისადმი სიძულვილს უნერგავდნენ.. ასეთი ქმედება არაადამიანური და ანტიჰუმანურია. სწორედ ასეთი პროპაგანდისა და აგიტაციის წყალობით ხდება სიძულვილის გაღვივება და სისხლისღვრა.

საფრანგეთი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ პრობლემებს ებრძოლოს, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ერევა, განსაკუთრებით რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, პარიზის პოლიტიკას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკადრისი პასუხი გასცა – „უმჯობესი იქნება შენს პრობლემებს მოუარო, სხვის საქმეებში რომ ეჩრებიო… და სანამ ჩვენი პრობლემების მოგვარებას გვასწავლი, მანამ შენს პრობლემებს მოუარე და იმკურნალეო“.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში ამ დღეებში მოსახლეობის ფართო მასების უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს.

ვფიქრობ, რომ საფრანგეთმა საკუთარ ხსოვნას უნდა უმკურნალოს, რათა არ დაივიწყოს ის კარგი, რაც რუსეთმა საფრანგეთს გაუკეთა.

უბრალოდ, ფრანგებმა თავიანთ საქმეებს უნდა მიხედონ, სხვის საქმეებში ცხვირს ნუ ჩაჰყოფენ და რჩევების მიცემას ნუ დაიწყებენ.

წყარო