“როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას”

130
spot_img

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც ვანო მერაბიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია ასახული.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ადამიანისთვის ფიზიკური თუ სხვა სახის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება ჩაითვალოს „სამოქალაქო აქტივიზმად“. მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ წაახალისებს უფრო მეტ აგრესიას.

„როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას. ვიღაცები არწმუნებენ ადამიანებს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. სხვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუ სხვა ტიპის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება, არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და ასევე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა წარმოაჩინონ სამოქალაქო აქტივიზმად, თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან, იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ აგრესიის წამახალისებელი და პოლარიზაციის წამახალისებელი განცხადებები. როდესაც ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ნაგვის ურნის თავზე დამხობა, გინება და ა.შ. არის წარმოჩენილი როგორც სამოქალაქო აქტივიზმი, ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს რადიკალიზმის გაღვივებას ქვეყანაში, რაც ამ ქვეყანას არ სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა აღნიშნული საკითხისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

„ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი: ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე მივალთ დეკემბრამდე და ამ შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება შანსი, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძემ უკრაინასთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით რადას ერთ-ერთი დეპუტატის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც კობახიძემ განაცხადა, “სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, მეტად დაძაბონ ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის”.

„რადას დეპუტატის განცხადება ნაკლებად საინტერესოა. ეს არის ცალკეული დეპუტატის განცხადება. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე. თავის დროზე გახსოვთ, რომ უკრაინის ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, რასაც არავითარი ახსნა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბელარუსის ელჩი არ გაუწვევიათ მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეტევა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან სწორედ ბელარუსის მიმართულებიდან განხორციელდა, ბელარუსიდან შევიდნენ რუსული ტანკები უკრაინაში. არ გაუწვევიათ ბელარუსის ელჩი, გაიწვიეს საქართველოს ელჩი. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ზეგავლენის ხარისხი ამ ქვეყანაზე არის სერიოზული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.