46 ოპოზიციონერი დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე ნებართვის მიზნით, შალვა პაპუაშვილს მიმართავს

131
spot_img

საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მოითხოვს, განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში გააკეთეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, უკვე რამდენიმე თვეა, არცერთ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის არცერთ წევრს შალვა პაპუაშვილი არ აძლევს უფლებას, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

„გუშინ გავრცელებულმა კადრებმა, პრინციპში, ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ – იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს დაშვება საქართველოს პარლამენტის წევრებზე, ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, რათა მსოფლიომ იცოდეს სიმართლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას ხელს აწერენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე რამდენიმე დეპუტატი სხვა ოპოზიციური ფრაქციიდან.