Home Blog Page 1917

ევროკავშირმა პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატი სტატუსის მისაღებად -არჩილ თალაკვაძე

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას. ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატი სტატუსის მისაღებად. მინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მტკიცედ გვიჭერდა მხარს რეფორმებში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებულმა ამ პოლიტიკამ დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა და ამ პოლიტიკის შედეგია, რომ ფუნდამენტური მიმართულებებით საქართველოს აქვს არსებით პროგრესი.

„ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება მაშინ, როდესაც ჩვენს ნომერ პირველ ამოცანად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, ეს არის დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა, უფრო ძლიერი და გაზრდილ ეკონომიკა და ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებითი პროგრესი, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი. ეს შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და დღეს ჩვენი ქვეყანა არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი, უფრო ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, ვიდრე იყო ათი წლის წინ. სწორედ ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა გაატარა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავლაბარში ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ავლაბარში,  თ.მუჯირიშვილის N10 – N12-ში ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 169 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.

“ქალაქის მოედნებზე გამოიყოფა სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად ავლაბრის მოედანზე, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ განთავსებულ სკულპტურას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდა ფონდის ხელმძღვანელი ლიკა ჭკუასელი.

ნამუშევარი, სახელწოდებით „წინააღმდეგობა“ ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, დავით ნათიძეს ეკუთვნის.

„რამდენიმე ხნის წინ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დავაფუძნეთ, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების განვითარებას, ქართველი სკულპტორების ნამუშევრების განთავსებას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნული ფონდის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს – მართლაც ბევრი გვყავს ასეთი, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ასევე, ახალგაზრდები. ავლაბარში დავით ნათიძის მიერ შექმნილი სკულპტურაა განთავსებული, რომელიც ძალიან მოუხდა აღნიშნულ სივრცეს.

ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება. გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ პარკებისთვის, იმ კონკრეტული პროექტებისთვის, რომელთა რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, მუნიციპალიტეტმა მსგავსი ნამუშევრები შეიძინოს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მისცემს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას და სტიმულს. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დავით ნათიძის ნამუშევარმა გაიმარჯვა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, თბილისი, ავლაბრის მოედანი“.

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი (ააიპ) 2023 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა. მისი შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას. კერძოდ, წაახალისოს

საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები; ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობას; მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში; ასევე ხელი შეუწყოს ქალაქის კულტურული იერსახის განვითარებას. ამ ამოცანების შესასრულებლად ფონდი აცხადებს ღია კონკურსებს თანამედროვე ხელოვანებისთვის.

მიმდინარე წელს ფონდმა რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“გთავაზობთ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით” –

გთავაზობთ, რომ შეიქმნას თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით და დაწესდეს ამაზე მონიტორინგი არა მხოლოდ საპარლამენტო ძალები მხრიდან, – ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ყველაზე კარგი დროა უმრავლესობისა და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის.

„სწორედ მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რამდენად მიუღებელია მისთვის ოპოზიცია, ან მისი ცალკეული ნაწილები, უნდა მოახერხოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე დაიწყოს კონკრეტული გეგმის რეალიზება, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან არჩევნებამდე. არაერთი თამაზ გინტური ჰყოლია საქართველოს და რეალურად, საუკუნეების თუ ათწლეულების მანძილზე მიზეზი ესაა ჩვენი ევროპული არჩევანისა და აგრეთვე იმის, რომ ჩვენკენ იმზირება დასავლეთი. მაგრამ დღეს, ჩვენ წარსულის დამსახურებების გამო არავინ არ გაგვიღებს ამ კარს თუ არ აღდგა ნდობა საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, ყველაფერი წყალში ჩაიყრება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება შეძლოს”

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება შეძლოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის დღეს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტს დაესწრება.

ნატო-ს გენერალურ მდივანს დაუსვეს შეკითხვა, როგორ აფასებს რუსეთის გეგმას, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა იმისთვის, რომ მიაღწიოს სამხედრო მიზნებს უკრაინაში. მაგრამ, ასევე, რეალურად, ისინი თავდაცვაზე გადაიყვანეს, რადგან უკრაინელებმა, რეალურად, მიაღწიეს წარმატებას ყირიმში სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში და ამიტომ რუსეთი ეძებს ალტერნატივებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

“უკრაინას ნატოსა და სხვა მოკავშირეების მხრიდან მეტი დახმარება სჭირდება” – იენს სტოლტენბერგი

უკრაინას ნატოსა და სხვა მოკავშირეების მხრიდან მეტი დახმარება სჭირდება, ვინაიდან ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენული ქვეყნის სტატუსი, ამიტომ ნატოს ინტერესებშია უკრაინის სათანადო დახმარება. მისივე განცხადებით, მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ პუტინმა გაიმარჯვოს.

„ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა და ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სარფის საბაჟოზე 2 კოლოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის რ.ჰ-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 1657,27 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის 6 შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები ტანსაცმელში მალულად ჰქონდა განთავსებული.

„ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 163 108,47 შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩემთვის ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი არის შიდა მტერი და ესაა რადიკალური ოპოზიცია” – კახა კალაძე

რა განცხადება უნდა გაკეთდეს? ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გზა და ეს არის გაცხადებული – „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. ის, რომ დღეს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს არის „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის დამსახურება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გამოხმაურებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ მომავალს.

„რა განცხადება უნდა გაკეთდეს? ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გზა და ეს არის გაცხადებული. თქვენ წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. ის, რომ დღეს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს არის „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის დამსახურება. შესაბამისად, ჩვენ ამ რთულ გზას, რაც არის ევროინტეგრაცია, ვაგრძელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალში, რეფორმები იქნას განხორციელებული, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი.

„ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი, ქვეყანა და ეს არის რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიცია რუსეთზე დიდი მტერიც არის თუ არა, კალაძე ამბობს, რომ „კი, ყველაზე დიდი მტერი დღეს ქვეყნისთვის და საქართველოს მომავლისთვის, ეს არის რადიკალური ოპოზიცია“.

„კი, ყველაზე დიდი მტერი დღეს ქვეყნისთვის და საქართველოს მომავლისთვის, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ყველას შეიძლება გაუმკლავდე, ყველას შეიძლება შეერკინო, მარა შიდა მტერი, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ეს არის ძალიან დამაზიანებელი. გარე მტერს მოერევი, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახდინო, მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენლები დარბიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ შენ ქვეყანას, მომავალს, ახალგაზრდებს იმაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ მოხდეს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? როგორ აქვთ ამ ადამიანებს საერთოდ პრეტენზია პოლიტიკაში ყოფნის, თუმცა არ მიკვირს იმიტომ, რომ ესენი არ შეცვლილან, ეს ადამიანები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, აჩვენებდნენ და აჩვენეს მთელ ქვეყანას და მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ გაბედო, აკადრე ის შენი ქვეყნის მოსახლეობას, რასაც ის ადამიანები უკეთებენ? დღეს, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, აჩვენებენ ქვეყანას და მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა კალაძემ.

დღეს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა!

ასტრიდ ლინდგრენი – მწერალი ქალი, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე არაერთ ბავშვს გაულამაზა ცხოვრება, ასტრიდ ლინგდრენი, ადამიანი, რომელმაც კარლსონი, პეპი, ლიონბერგელი ემილი და სხვა დაუვიწყარი გმირები შექმნა… დღეს ამ შესანიშნავი შვედი ქალბატონის დაბადებიდან ზუსტად 116  წელი გახდა.

“პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორიც ყველასთვის საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია.

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი  1907 წლის, 14 ნოემბერს დაიბადა. ფრუ ლინდგრენს ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნის და ფილმის სცენარი. მისი წიგნები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: “პეპი გრძელწინდა“, “სახურავის ბინადარი კარლსონი“ და სხვა საბავშვო წიგნები, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული სკანდინავიასა და ზოგადად ევროპაში იყო.

ასტრიდი დაიბადა  სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო – თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა “ცხენის“ და “კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები – უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან – უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც – არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარული გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი “სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“.

ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. სწორედ კრისტინმა გააცნო მას საოცარი სამყარო, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ზღაპრების კითხვისას. ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას “ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში  – “Wimmerby Tidningen. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა საყვარელი შვილი და იძულებული იყო, დროებით გაეშვა იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) ჩამოიყვანა დანიიდან ლარსი.

“ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი და ამაში ქალიშვილი კარენიც ეთანხმებოდა: “ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო, რომელიც შვილს პარკში წაიყვანდა სასეირნოდ, თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შეხედავდა, როგორ თამაშობს. არა, ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში, ამოიგანგლებოდა და მასავით ერთობოდა.”

ასტრიდი მამას განსაკუთრებულად უყვარდა. მომავალი მწერალი სკოლაში გამორჩეულ თემებს წერდა და საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ტრადიციული და პატიოსანი ოჯახის შვილი კვირაობით ეკლესიაში საგალობლებს მღეროდა. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მოულოდნელად ასტრიდი 18 წლის ასაკში პატიოსნებითა და წესიერი ცხოვრებით გამორჩეული გოგონა დაფეხმძიმდა. ოჯახს მისი გაგება გაუჭირდა, გოგონა იძულებული გახდა საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადასულიყო, საიდანაც ძმას ხშირად სწერდა წერილებს: “მარტოსული და უბედური ვარ. მარტოსული იმიტომ, რომ ეს რეალურად მართლა ასეა და უბედური იმიტომ რომ პანიკურად მაშინებს მომავალი ზამთარი.”

მწერალმა ყველაფერს გაუძლო და სტოკჰოლმში ვაჟი ლარსი გააჩინა. ქალაქში სამსახური იშოვა, ცოლად სტრუ ლინდგრენს გაყვა და მის გვარზე გადავიდა. მათ გოგონა კარენი შეეძინათ, რომელიც ასტრიდის სამწერლობო ასპარეზის მთავარი ტრამპლინი გახდა.

ერთხელ კარენს ფილტვების ანთება დაემართა. ლოგინში მწოლიარე გოგონამ დედას სთხოვა, პეპიზე მომიყევი ზღაპარი, გრძელ წინდიანზეო. ასტრიდი ვერ მიხვდა, ვინ იყო პეპი, მაგრამ ამბის მოყოლა მაინც დაიწყო. ასე შეიქმნა ყველაზე ცელქი და ონავარი გოგონას ისტორია, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა: “მამაჩემი კანიბალთა მეფეა. ერთ ლამაზ დღესაც მამაჩემი თავისი დიდი გემით მოვა და წამიყვანს და მე კანიბალთა პრინცესა გავხდები.”

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებიდან ბიოგრაფიულ წიგნში გაერთიანდა სახელწოდებით “ბავშვი ჩემში”, სადაც მწერალმა თავისი ცხოვერბა და შემოქმედაბა აღწერა:

“1944 წლის მარტის ერთ თოვლიან საღამოს სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩაზე ვსეირნობდი. ძველი ფეხსაცმელი მეცვა, ტყავიც გაცვეთილი იყო, ამიტომ გაყინულ ასფალტზე სიარული ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ ვიფიქრე, არაფერი მომივა-მეთქი. მოულოდნელად ფეხი დამიცურდა და წავიქეცი. ფეხიც ვიტკინე და ფეხსაცმელიც გადასაგდები გახდა. სწორედ მაშინ ვკითხე ჩემს თავს, ნუთუ არ შეიძლება, იმდენი ფული მქონდეს, რომ ნორმალური ფეხსაცმელი შევიძინო-მეთქი. სახლში მოსულს ერთმა იდეამ გამიელვა თავში, თუმცა ვთვლიდი, რომ ეს სიგიჟე იყო და მის განხორციელებას აზრი არ ჰქონდა. ასეა თუ ისე, იმ წელს 10 წლის კარენს დაბადების დღეზე “პეპი გრძელიწინდას” პირველი ნაბეჭდი ვერსია ვაჩუქე. ერთი ეგზემპლარი კი საგამომცემლო სახლში გავაგზავნე, მაგრამ წარმატების იმედი დიდად არ მქონდა.

საბავშვო ისტორიები ერთფეროვანი სენტიმენტალიზმითა და გულისამაჩუყებელი პერსონაჟებით გამოირჩევიან, ამიტომაც არც მიფიქრია, რომ ახტაჯანა პეპის თავგადასავლებით ვინმე დაინტერესდებოდა. თანაც ნაწარმოებს რედაქტორთან მიწერილი წერილიც მივამაგრე, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ ორი შვილის დედა ვარ. არ მინდოდა, გამომცემელს ეფიქრა, თითქოს ვიღაც მანიაკი ვარ, რომელიც პეპის ტიპის მოთხრობებს წერს ბავშვებისთვის.

პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო. პეპი ის ნაწარმოებია, რომელმაც წერისადმი ჩემი დიდი სიყვარულის ეპოქა გახსნა. სანამ რედაქტორისგან პასუხს ველოდი, მეორე ნაწარმოებიც დავწერე, სახელწოდებით “პატარა მარიას გულისცემა” და “რაბენისა და ჟოგრენის” საგამომცემლო სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გავაგზავნე. გამარჯვების იმედი არ მქონდა. ჩემდა სასიხარულოდ, პირიქით მოხდა. მართალია, პირველმა რედაქტორმა პეპის თავგადასავლები დაიწუნა და დაბეჭდვაზე უარი მითხრა, სამაგიეროდ, “პატარა მარიას გულისცემამ” მეორე ადგილი მოიპოვა და საპატიო ჯილდოც გადმომცეს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის სუსხიანი შემოდგომის საღამო ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველმა წარმატებამ თავისი საქმე გააკეთა, პოპულარობა და სიმდიდრე ნელ-ნელა ჩემკენ შემობრუნდა. მეც მაშინვე ვისარგებლე მომენტით, “პეპის” რედაქტირება გავუკეთე და სხვა, უფრო გავლენიან საგამომცემლო სახლებს გავუგზავნე.

წარმატება გარდაუვალი იყო, ამ პერსონაჟმა არნახული პოპულარობა მოიპოვა. დაიწყო ჩემი სოციალური ცხოვრებაც – აუწერელი რაოდენობით მიწვევები, ჯილდოები, პრიზები, მილიონობით წერილი, ცერემონიალები და ასე შემდეგ. ის კონკურსი უკანასკნელი იყო, რომელზეც პეპი “გავუშვი”, თუმცა ჩემი უკანასკნელი ნამუშევარი ნამდვილად არ ყოფილა. პეპის შემდეგ 50-მდე სხვა პერსონაჟი და მათი ისტორიები გაჩნდა.

მე პატარა ფერმაში, სიყვარულსა და სითბოში გავიზარდე, სადაც უფროსი ძმა თავის უმცროს დაიკოს იცავდა, ტყეში სოკოების დასაკრეფად დაჰყავდა და კენკრის შესაგროვებლად ეკლიან ბუჩქებსაც კი არ ერიდებოდნენ.

ჩემს პატარა სოფელში დღემდე აფასებენ სახლში გამომცხვარ პურს, ხელით ამოყვანილ ყველსა და ზამთრისთვის საგულდაგულოდ შებოლილ ლორს. ულამაზესი მინდვრები, შეუდარებელი ლანდშაფტები და უთვალავი ზღაპრული არსება – სწორედ ისინი იქცნენ ჩემს მუზებად. პეპი, კარლსონი, პატარა მარი, მიო-მიო და სხვები, ყველანი ამ ადგილებიდან წამოვიდნენ. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ მარტო ბედნიერ ბავშვებზე და არასოდეს ვახსენებ ღარიბ, უპატრონო ბავშვებს. საქმე ის გახლავთ, რომ მე ვწერ იმაზე, რაც ვიცი. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ის ვიღაც, ვინც დაწერს უპატრონო, დაუცველ ბავშვებზე. უმეტესწილად აღფრთოვანებული მშობლების წერილებს ვიღებ, რომლებიც მწერენ, რომ ყველა ნორმალური ბავშვი ნამცხვრის ჭამის დროს ისვრის ტანსაცმელს, ხოლო ნაყინის ჭამისას მთლიანად ითხუპნება. შეიძლება ითქვას, რომ 1946-1980 წლები ყველაზე ნაყოფიერია ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს გამოვეცი საუკეთესო ნაწარმოებები, ამ დროს შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, ამ დროს მოხდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში.

1952 წელს დავქვრივდი და გათხოვებაზე აღარც მიფიქრია. ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. ბავშვები კი არც თხოვდებიან და არ შვილებს აჩენენ. ჩემი ნაწარმოებების 80 ენაზე თარგმნისა და 200 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ ვთვლი, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი.

ერთხელ ვიღაცამ გამოითვალა, რომ თუ ჩემი წიგნების ყველა ეგზემპლარს ვერტიკალურად დაალაგებენ, 175-ჯერ უფრო მაღალი გამოვა, ვიდრე ეიფელის კოშკია. ამიტომაც ხშირად მიწოდებენ ეიფელზე 175-ჯერ უფრო დიდს. მსგავსი ტიპის კომპლიმენტები თუ შენიშვნები ხანდახან სასიამოვნოა, ხანდახან – არა, მაგრამ მე მსგავს რაღაცეებზე რეაქცია არ მაქვს. დიდება და ფული იყო ის ორი უკანასკნელი სტუმარი, რომელიც ჩემი ცხოვრების ზეიმზე დავპატიჟე.

ხშირად მეკითხებიან, რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში, რას ვარიგებ ბავშვებს, რა მინდა, რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია – მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპის ან კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს მათთან ერთად. ნაწარმოების შექმნის დროს ჩემი ერთადერთი მრჩეველი ჭეშმარიტებაა. გულიდან უნდა წერდე და ყველაფერი გამოვა. არასოდეს უნდა მოიტყუო. მე ორი შვილის დედა ვარ, 8 შვილიშვილის ბებია და 7 შვილთაშვილის დიდი ბებია. როდესაც ვხედავ, როგორ ხარობენ ჩემი შთამომავლები ჩემივე წიგნებით, უბედნიერესი ვარ.”

უკანასკნელი 40 წელი მწერალმა თავის პატარა ბინაში გაატარა. უკანასკნელი ნაწარმოები, მოკლე პროზაული დეტექტივი, 80 წლის ასაკში, 1987 წელს გამოსცა.

სიკვდილთან დაკავშირებით ის ფიქრობდა: “ცხოვრება ისე უნდა გაატარო, რომ სიკვდილს დაუმეგობრდე და მერე ის თვითონაც შეგიწყალებს”. მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმაც: “მაპატიეთ, ჯერ ვერ მოვკვდები, სახლი მაქვს დასალაგებელი”.

 

ასტრიდ ლინდგრენი ასტრიდ ლინდგრენი, 95 წლის ასაკში  2002 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა.

მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო ალბათ სწორედ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვად დარჩენა და სიცოცხლის უზომო სიყვარული გახდა.

 

 მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებიდან რამდენიმე გამონათქვამს:

***
– “სისულელეა, – წამოიძახა პეპიმ, – როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია ” – “პეპი გრძელიწინდა”.

***
– “დღეს ხომ დაბადების დღე არა გვაქვს, – თქვეს ბავშვებმა.
პეპიმ გაკვირვებულმა შეხედა მათ და თქვა:
– მაგრამ მე მაქვს დაბადების დღე. ნუთუ მე არ შემიძლია საკუთარ თავს იმით მივანიჭო სიამოვნება, რომ საჩუქრები მოგცეთ? იქნებ, თქვენს სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება?…” – “პეპი გრძელიწინდა”

***

” მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?
ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა…”
ასტრიდ ლინდგრენი, “პეპი გრძელიწინდა”

***
– “არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა –  რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?
– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის…” – “სახურავის ბინადარი კარლსონი”.

***
“ხალხმა რომ იცოდეს, რა სასიამოვნოა სახურვებზე სიარული, ქუჩაში აღარავინ ივლიდა,” – “სახურავის ბინადარი კარლსონი”.

***
– “პეპი, უკვე ერთი წელია, რაც აქ ცხოვრობ, – თქვა უცებ ანიკამ.
– ჰო, დრო შეუმჩნევლად გარბის, სიბერე ისე მოგეპარება, ვერც გაიგებ. შემოდგომაზე ათი წელი შემისრულდება, საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე,” – “პეპი გრძელიწინდა.”

 

***
“ჩორვენი წავიდა. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა, შემობრუნდა:
– ძია მელკერ, იცი, რას გეტყვი?
რადგან ისე ვერ წერ, მე რომ გავიგო, საერთოდ გაანებე წერას თავი”, – “ჩვენც სალტკროკელები ვართ.”

****
–”გიყვარვარ მაინც?..
– აბა რა, მიყვარხარ, სინდისს ვფიცავ! ბევრჯერ ვიმტვრიე თავი სადილის შემდეგ უძილობით გატანჯულმა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიყვარხარ, – კარლსონმა ხელი მოუთათუნა ბიჭს ლოყაზე. – მიყვარხარ, მიყვარხარ. ვხვდები კიდეც, რატომ, შენ მე არა მგავხარ პატარა ბიჭო!
კარლსონი მაღლა აიჭრა და ბიჭუნას ხელი დაუქნია.. ” – “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი.”

“ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წლის ნოემბერ-დეკემბერზე” – ირაკლი კობახიძე

ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წლის ნოემბერ-დეკემბერზე, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი.

„ყველას მინდა მოგილოცოთ ევროკომისიის გადაწყვეტილება. საკმაოდ რთული 20 თვე გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ 20 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად გაღვივდა ქვეყანაში პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ საკითხს, რომელიც წესით გაერთიანების საფუძველი უნდა ყოფილიყო, ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის. ათასი ტყუილი ვრცელდებოდა მათ შორის ამისთვის. ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული მილიარდობით დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ ემოციები საზოგადოებაში. ეს იყო კლასიკური დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღვივებულიყო. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, ასევე იყო რევოლუციის მცდელობა პირდაპირ გასული წლის ივნისში, თუმცა ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში წარუმატებლად დასრულდა. ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წლის ნოემბერ-დეკემბერზე, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და იმართება კონცერტები” – ელისო ბოლქვაძე

როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები, – აღნიშნულით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს უპასუხა, რომელმაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისკუსიისას ბიუროს მიმართა, განიხილონ, როგორც მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.

როგორც ბოლქვაძემ განმარტა, როიალის დადგმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის, როიალის დადგმა კი ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

“ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა არჩევნებთან შედარებითაც კი” – ირაკლი კობახიძე „გორბის“ კვლევაზე

ხედავთ, რა მდგომარეობაა ოპოზიციის შიგნით: არის დაპირისპირება და კინკლაობა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, სხვა პარტიები პრაქტიკულად აღარც არსებობს. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოსულია 20%-მდე, სხვა პარტიებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობას. ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი წინა არჩევნებთან შედარებითაც კი, გახსოვთ ალბათ, წინა არჩევნებზე იყო 47%, მანამდე 48%. დღეს ეს რეიტინგი არის მომატებული, რასაც აქვს თავისი მიზეზები. რაც შეეხება ოპოზიციის შემცირებულ რეიტინგებს, ამასაც აქვს თავისი მიზეზები. ხედავთ, რა მდგომარეობაა ოპოზიციის შიგნით: არის დაპირისპირება და კინკლაობა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, სხვა პარტიები პრაქტიკულად აღარც არსებობს. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოსულია 20%-მდე, სხვა პარტიებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი. ეს ზუსტად ასახავს ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ვითარებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციას აგებული ჰქონდა თავისი კამპანია კანდიდატის სტატუსზე. თქვენ იცით, რომ აქაც სერიოზული მარცხი განიცადეს. ეს კვლევაც არის ჩატარებული ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეკომენდაციის შემდეგ ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად, მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი ოპოზიციამ: დეზინფორმაციული კამპანიები, რევოლუციის მცდელობა და ა.შ. – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ოპოზიციის რეიტინგზე. ამ ქვეყანაში ხალხს უნდა სიმშვიდე და მშვიდობა და არა ის, რასაც საზოგადოებას სთავაზობს რადიკალური ოპოზიცია, ამიტომ ეს რეიტინგები აბსოლუტურად ლოგიკურია“, – აღნიშნა კობახიძემ.

„გორბის“ კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ