“ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წლის ნოემბერ-დეკემბერზე” – ირაკლი კობახიძე

97
spot_img

ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წლის ნოემბერ-დეკემბერზე, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი.

„ყველას მინდა მოგილოცოთ ევროკომისიის გადაწყვეტილება. საკმაოდ რთული 20 თვე გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ 20 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად გაღვივდა ქვეყანაში პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ საკითხს, რომელიც წესით გაერთიანების საფუძველი უნდა ყოფილიყო, ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის. ათასი ტყუილი ვრცელდებოდა მათ შორის ამისთვის. ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული მილიარდობით დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ ემოციები საზოგადოებაში. ეს იყო კლასიკური დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაღვივებულიყო. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხორციელდებოდა 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი, ასევე იყო რევოლუციის მცდელობა პირდაპირ გასული წლის ივნისში, თუმცა ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში წარუმატებლად დასრულდა. ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წლის ნოემბერ-დეკემბერზე, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.