“ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა არჩევნებთან შედარებითაც კი” – ირაკლი კობახიძე „გორბის“ კვლევაზე

115
spot_img

ხედავთ, რა მდგომარეობაა ოპოზიციის შიგნით: არის დაპირისპირება და კინკლაობა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, სხვა პარტიები პრაქტიკულად აღარც არსებობს. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოსულია 20%-მდე, სხვა პარტიებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობას. ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი წინა არჩევნებთან შედარებითაც კი, გახსოვთ ალბათ, წინა არჩევნებზე იყო 47%, მანამდე 48%. დღეს ეს რეიტინგი არის მომატებული, რასაც აქვს თავისი მიზეზები. რაც შეეხება ოპოზიციის შემცირებულ რეიტინგებს, ამასაც აქვს თავისი მიზეზები. ხედავთ, რა მდგომარეობაა ოპოზიციის შიგნით: არის დაპირისპირება და კინკლაობა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, სხვა პარტიები პრაქტიკულად აღარც არსებობს. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოსულია 20%-მდე, სხვა პარტიებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი. ეს ზუსტად ასახავს ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ვითარებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციას აგებული ჰქონდა თავისი კამპანია კანდიდატის სტატუსზე. თქვენ იცით, რომ აქაც სერიოზული მარცხი განიცადეს. ეს კვლევაც არის ჩატარებული ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეკომენდაციის შემდეგ ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად, მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი ოპოზიციამ: დეზინფორმაციული კამპანიები, რევოლუციის მცდელობა და ა.შ. – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ოპოზიციის რეიტინგზე. ამ ქვეყანაში ხალხს უნდა სიმშვიდე და მშვიდობა და არა ის, რასაც საზოგადოებას სთავაზობს რადიკალური ოპოზიცია, ამიტომ ეს რეიტინგები აბსოლუტურად ლოგიკურია“, – აღნიშნა კობახიძემ.

„გორბის“ კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ