Home Blog Page 1901

“სააკაშვილს არ უთქვამს, გირგვლიანი წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო”- თაკო ჩარკვიანი

რადიკალები ხართ თქვენ, ვინც კონსტიტუციას არღვევთ, ვინც ბედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ შესთავაზოთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. გამორიცხულია, რევოლუცია იქნება, თუ რაც იქნება, მიიღებთ, აბა რას იზამთ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ ხომ რადიკალიზმი გგონიათ, როცა მე კონსტიტუციას ვიცავ, არა, რადიკალები ხართ თქვენ, ვინც კონსტიტუციას არღვევთ, ვინც ბდავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ შესთავაზოთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. რატომ ვარ ახლა მშვიდად? იმიტომ, რომ გამორიცხულია, რევოლუცია იქნება, თუ რაც იქნება, მიიღებთ, აბა რას იზამთ. ვინ გითხრათ, რომ ამ სიტყვის მეშინია, რას ქვია, ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა. დაგიჩემებიათ  ეს 11 წელი, მოსულები ხართ აქ, რა გირგვლიანი, სად იყო ოხანაშვილი, მე რომ გირგვლიანის გამო ვიდექი ქუჩაში. უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება ეს. რევოლუცია მინდა? აბა, მანდ გაგაჩერებთ თქვენ? აბა დამოუკიდებლობას წაგართმევინებთ? როგორ გეკადრებათ, ქუჩაში დავდგებით და უბედურება თქვენ კისერზე იქნება, სისხლს დაღვრის ქათველი ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს. არ იცით ეს? თუ სუბარის ჭკუაზე უნდა იყოთ? ინდაური რომ გვყავს თავის დროზე გაშვებული მის ეზოში, იმიტომ, რომ ვერ იყო კარგი უფლების დამცველი, ზუსტად იმ გირგვლიანის დროს, ვიდრე ჭკუაზე მოვიდოდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა გირგვლიანის თემაზე და მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ თვალწინ გაიარა გირვლიანის თემამ, მე არ მესწავლება, მაგრამ სააკაშვილს არ უთქვამს, წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო, ბრმები არ ვართ, კარგად ვიცით, იქ, სტრასბურგში რაც ხდებოდა და რაც წერია. დიახ, შეწყალების დროს, როცა შეუტანეს სია, იმის გამო სთხოვენ პასუხს. მან უთხრა, მოკალით გირგვლიანიო? მართლა არანორმალურებად ხომ არ იქეცით იმიტომ, რომ რუსეთის მონები ხართ აქ. შემირცხვენია თქვენი ქართველობა, რას ქვია, სიტყვა რევოლუციის მეშინია, აბა დამოუკიდებლობაზე რომ იქნება ლაპარაკი, თქვენმა მზემ, მანდ გაგაჩერებთ ზუსტად, აბა, დამოუკიდებლობას დაგაკარგვინებთ?“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

“დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოს-კენ სწრაფვა”- ირაკლი ღარიბაშვილი

დასავლელი ლიდერები ამბობენ იმას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოს-კენ სწრაფვა. დასავლელი ლიდერების არაერთი განცხადებაა. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებული განცხადებების შეფასებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ნატო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს პოზიცია კონსტიტუციაში წერია.

„დასავლელი ლიდერები ამბობენ ამას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატო-სკენ სწრაფვა. არაერთი განცხადებაა. არის ეს პოზიცია, დამოკიდებულება და შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი. ამაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, რომელიც არაერთხელ განუხორციელებიათ დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც. საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოს-კენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ეს არის ფაქტის კონსტატაცია. [ნატო-ში გაწევრიანებაზე] ჩვენი პოზიცია წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ჩემი ხელით დავწერე ეს პუნქტი. რაც შეეხება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რა დროსაც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია. ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

“ამ ანალიზს ვაქვეყნებ იმედით, რომ ზემოაღნიშნული სცენარი არ განვითარდება” – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ახალი გზავნილი შესთავაზა: თურმე, უკრაინაში ომის მიზეზი არის ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი და რომ არა ეს სურვილი, ომი არ მოხდებოდა. ეს ასე არ არის!

საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის შეჭრის მთავარი მიზეზია პუტინის სურვილი, აღადგინოს რუსეთის იმპერია და ქართველებსა და უკრაინელებს მოუსპოს ისტორიული სწრაფვა, ააშენონ თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოები და იზრუნონ თავიანთი ხალხის განვითარებაზე.

ამავე პერიოდში, ბატონმა ივანიშვილმა „შემოაგდო“ ნეიტრალიტეტის თემა – რომ თუ ნეიტრალურები ვიქნებით, საქართველოში ომი არ დაიწყება. ზუსტად ვიცი, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები: გაიმართება თეატრალური წარმოდგენა, როგორიც უკვე ვიხილეთ, მაგალითად, „გარეჯი საქართველოა“, „2017 წელს ზღაპრულად ვიცხოვრებთ“ და სხვა ამდაგვარი. შემდეგ დაიწყება საუბარი, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. „ქოცების“ პროპაგანდა შემოგვთავაზებს, რომ რუსეთი ამაში არც ისე ბევრს ითხოვს – მაგალითად, პატარა სამხედრო ნაწილის განლაგებას საქართველოში, ან ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრის დაფუძნებას ჩვენს ტერიტორიაზე.

ეს სცენარი, ფაქტობრივად, საქართველოს სრული ოკუპაციაა და ბატონი ივანიშვილი ამაზე წავა, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ხელისუფლება და საქართველო რუსეთს მიჰყიდოს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოში ომი გარდაუვალია და თუ ომი გაჩაღდა, მეც ქართველი ხალხის რიგებში ვიქნები.

ვის შორის იქნება ომი?! რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ქოც-ბანდას“ (ვგულისხმობ „ქოცლიდერებს“ და მათ „ზონდერებს“ და არა „ოცნების“ ამომრჩეველს) და ქართველ ხალხს შორის. ვფიქრობ, ივანიშვილი თავს გაქცევით უშველის, „ქოცბანდა“ და მათი „ზონდებრიგადები“ კი განადგურდებიან.

ამ ანალიზს ვაქვეყნებ იმედით, რომ ზემოაღნიშნული სცენარი არ განვითარდება და ივანიშვილის, თავისი არალეგიტიმური „რუსული ოცნებით“, ჭკუა ეყოფა, შეეშვას ოკუპანტთან კეკლუცს. რუსეთი არაფერს დაგვითმობს და ამ კეკლუც-კეკლუცში გადაგვყლაპავს, რისი სურვილიც ქართველი ხალხის 90 %-ს არ გააჩნია.

ჩვენ 30 წელია მივდივართ ევროპისა და ნატო-სკენ და ჩვენი ხალხი ამ გზიდან არ გადაუხვევს, ხოლო ვინც ამ სურვილს შეეწინააღმდეგება, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში“ – ზურაბ ქადაგიძე

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსისს ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო მკაფიო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღირსეულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და ახლა ჯერი ევროკავშირზეა შეასრულებს თუ არა დაპირებას.

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ევროპა ტოვებს საქართველოს, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას 2-3-ჯერ სჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი საქართველოსთვის, მუშაობის საფუძველზე, უნდა მიენიჭებინათ“, – ირაკლი ღარიბაშვილის ეს მიმართვა ევროპას, კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ინსინუაციურ კამპანიას, როდესაც გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს საქართველოს მხარდაჭერა, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება და საქმით საპირისპიროს მეტყველებს.

როდესაც ყველა მონაცემითა და შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა ასოცირებულ ტრიოში.

როდესაც რუსული ოკუპაცია წლებია გრძელდება საქართველოში.

როდესაც საერთაშორისო სამხედრო მისიებში, საქართველო პირველ ადგილზეა კონტრიბუციების თვალსაზრისით,
და ეს „როდესაც“ უსასრულოდ შეიძლება გააგრძელო…

იმის მაგივრად, რომ 2008 წლის ომის შემდგომი შეცდომები და 2022 წლის აბსურდით გამართლებული კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობას აღიქვამდნენ ადეკვატურად, კვლავ აგრძელებენ ინსინუაციურ კამპანიას, რაც ძალიან სამწუხაროა.

საქართველოს დასამტკიცებელი არავისთან არაფერი აქვს.

სისხლით, საქმით, ერთგულებით დაამტკიცა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა – მზად არის შეასრულოს არამხოლოდ დაპირება, არამედ ვალდებულებაც კი?

წლის ბოლოს ვნახავთ“!, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

“აამუშავეს გეგმა B – გეგმა B არის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში -კობახიძე

პირველი გეგმა ჩაიშალა და აამუშავეს გეგმა B – გეგმა B არის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თელავში გამართულ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უყურადღებობას უჩიოდა და როგორც ჩანს, მის მიმართ ყურადღება ასე გამოხატეს.

„სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს, ამით გამოხატეს ყურადღება მის მიმართ. მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა, აქედან გამომდინარე ამუშავეს გეგმა B. გეგმა B არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ეს არის ახალი გეგმა და ამის გამოხატულება შეიძლება იყოს მის სახლში პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა,“ – განაცხადა კობახიძემ.

“მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?”- ალექსანდრე ელისაშვილი უმრავლესობას

„დღეს დილით უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ამ ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდება, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, აი ეს მაინტერესებს. ან უკრაინულებს ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ”, – ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან სხდომაზე უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს მიმართა.

„როგორ შეწყდა ის ფრენები აბა კარგად გავიხსენოთ, ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან თვითმფრინავში რომ შეყარეს, მაშინაც ვაპროტესტებდი ბატონო ანრი. მაშინაც ვაპროტესტებდი სააკაშვილმა ომიდან რამდენიმე თვეში რომ მოუხსნა სავიზო რეჟიმი. რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე. 11 წელია ხელისუფლებაში ხართ. ახლა ამ ფონზე, თვითონ რუსებს მაინც ადევნეთ თვალი რას ლაპარაკობენ. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის. მანამდე კრემლს მოარტყეს დრონი, ახლა ორგანიზებულად დაბომბეს მოსკოვი. მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ”? – განაცხადა  ალექსანდრე ელისაშვილმა.

“დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში” – თინა ბოკუჩავა

დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში და განუმარტოს საზოგადოებას, რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან “მოღალატეობრივად და მალულად აწარმოებდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს”.

„მთელი მსოფლიო ხედავს, რომ „რუსული ოცნების“ ხელით საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია. ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან მოღალატეობრივად, მალულად აწარმოებდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს და რომ სწორედ ქართული მხარის დაჟინებული თხოვნის საპასუხოდ მიიღო მან ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. ვინ აწარმოებდა მტერთან ფარულ მოლაპარაკებებს, ვინ არის ეს პირი ან პირთა წრე, ვინც ქართველი ხალხის ზურგს უკან მტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს? რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ სანაცვლოდ? რა სხვა საკითხები განიხილებოდა ფარულ მოლაპარაკებებზე ოკუპანტთან? მაგალითად, განიხილებოდა თუ არა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა? ამ საკითხებზე ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხს. დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში და განუმარტოს საზოგადოებას, რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა. ღარიბაშვილთან ერთად ქვეყნის რუსიფიკაციის, მოღალატეობრივ საქმეში წვლილი მიუძღვის პარლამენტის თითოეულ წევრსაც, რომელიც ტოტალურ პოლიტიკურ მორჩილებას ირჩევს ქვეყნის ინტერესის ნაცვლად. გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აკრძალავდა რუსი სანქცირებული პირების საქართველოში შემოსვლას, რომლებიც აკრძალავდა ეკონომიკურ საქმიანობას იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც დარღვეული აქვთ „ოკუპაციის შესახებ კანონი“. საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობები შექმენით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. იზრდება მათი დეპოზიტები მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში მხოლოდ სესხები იზრდება და არა დეპოზიტები“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

“Говорит Москва!” – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„Говорит Москва!”- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება იყო.

„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – აღნიშნა პრემიერმა.

“მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ”-სოზარ სუბარი

ეს არის უკვე მეორე დემარში ბოლო სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებმა პირველად მიმდინარე წლის 27 თებერვალს გამოთქვეს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„ზუსტად თვენახევარში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია და არანაირი საფუძველი შეშფოთებას არ ჰქონდა, თუმცა ამის შემდეგ ელჩებისგან არც ბოდიში მოგვისმენია ქართული საზოგადოების წინაშე და არც სინანული იმის გამო, რომ ისინი იქცნენ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად.

გუშინ ელჩებმა გამოთქვეს წუხილი, რომ  აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის და პრაქტიკულად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდეს. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია არა , ვთქვათ, საქართველო რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება ან ის ფაქტი, რომ ეს ფრენები არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, არამედ აბსტრაქტული და პირადად ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური არსი. ცუდი ის არის, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩები ხშირად იმპერატიული ტონით გვკარნახობენ, როგორ მოვიქცეთ და სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ თავიანთი ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.

“2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას კვ.მ-ზე მეტი მიწა, დარეგისტრირდა 8832 ინდმეწარმე” – ეს სტატისტიკა საკმაოდ დიდია

2022 წლის 1-ელი მარტიდან, 2023 წლის 26 აპრილამდე, ჯამურად, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას 449 კვ.მ. მიწა. დარეგისტრირდა 8832 ინდმეწარმე, ასევე შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, პირდაპირი ფრენების აღდგენა არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ქვეყანა.

„ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან, 2023 წლის 26 აპრილამდე, ჯამურად, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა 424 ათას 449 კვ.მ. მიწა, დარეგისტრირდა 8832 ინდ. მეწარმე, ასევე შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი. დამერწმუნებით, ეს სტატისტიკა საკმაოდ დიდია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აღდგებოდა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან და აწარმოებენ ბიზნესს, უძრავ ქონებას ყიდულობენ, პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა, გვეჩვენებინა, რომ არ ვართ მაინც და მაინც მათი პარტნიორები.

რატომ ვივიწყებთ, რას აკეთებს ევროპა ჩვენთვის? რა გაუკეთებია და რა მხარდაჭერას ავლენს საქართველოსთან დაკავშირებით. ის, რომ ჩვენთან მშვიდობაა, ევროპის დამსახურებაა. უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს. არ არის სწორი იმის შედარება, რა სარგებელს იღებს ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო. ცოტა უხერხულია ამ ტიპის შედარებების გაკეთება. არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური სარგებლით მოტყუება, ადამიანების სიღარიბით მანიპულაცია, მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებს კლავენ. არავინ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ამოვწყდეთ ენერგორესურსების გარეშე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დავიცვათ, ნუ გავაკეთებთ იმაზე მეტს, რაც ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. პირდაპირი ფრენების აღდგენა არაფერში გვჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად დაზიანდა ჩვენი ქვეყანა“,- აღნიშნა კორძაიამ.

კორძაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს კითხვით მიმართა, როდესაც საქართველოში რუსეთის ამდენი მოქალაქეა შემოსული, შესწავლილი აქვთ თუ არა მათი საქმიანობა.

„უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ამ რაოდენობის რუსებთან დაკავშირებით კონტროლის თვალსაზრისით. ჩვენ ველოდებით ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში ანგარიშის წარმოდგენის სახით. მინდა აქედან დავუსვა შეკითხვა, ამდენი ადამიანი რომ არის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ და იურიდიული პირი აქვს დაფუძნებული, შესწავლილი ჰყავს თუ არა ისინი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას უსაფრთხოების სფეროში, როდესაც ამდენი რუსეთის მოქალაქეა შემოსული“, -აღნიშნა კორძაიამ.

“რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?”- ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს

„საიტზე flightradar24-ზე ჩანს, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. ასობით ფრენა სრულდება. რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს მიმართავს.

ექსპერტის თქმით, მაშინ, როდესაც თავად ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს და ახორციელებენ ასობით ფრენას რუსეთის გავლით, რატომ ითხოვენ საქართველოსგან, მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით.

„კითხვები ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ელჩებს:

1. საიტზე flightradar24-ზე ჩანს, რომ ევროპიდან აზიის მიმართულებით ევროპული ბორტები იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. იხილეთ ფოტოზე ფრანკფურტი – შანიანი, ჟენევა – პეკინი. ასეთი ასობით ფრენა სრულდება. რატომ უხდით რუსეთის ნავიგაციას ფულს?

2. მესმის თქვენი, ამოკლებთ მარშრუტს, ამცირებთ ყველანაირ საავიაციო ხარჯებს, ამცირებთ ფრენის დროს, რითაც თქვენს მგზავრებს უქმნით კომფორტს და ა.შ. მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვთ, რომ ჩვენმა მგზავრებმა იფრინონ ტრანზიტით, სხვა ქვეყნების გავლით? რას გიწყვიტავთ ერთი-ორი რეისი, როცა თქვენ ახორციელებთ ასობით ფრენას რუსეთის გავლით?

3. გუშინ დემარში რომ მოაწყვეთ, რა მოსთხოვეთ ვიცე-პრემიერს, ფრენების სფეროში სანქცია დააწესოს საქართველომ? პუტინმა გააუქმა მის მიერ დაწესებული სანქცია. იურიდიულად სხვა რა ფორმა არსებობს ფრენების შეჩერების, გარდა სანქციის დაწესებისა?

P.S. ცნობისთვის. 2022 წელს რუსეთის საჰაერო მოძრაობის სახელმწიფო ორგანიზაციამ ჯამში, როგორც შიდა, ისე ტრანზიტული ფრენებიდან, 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.“- წერს ამირან სალუქვაძე.

https://www.facebook.com/salukvadzeamirani/posts/pfbid0yykP8kzVuUfWVSADHnVSfsTwn4mq3viBh8zVQtWHJrfFdPA33JifPQ4trqcQHxxol

“რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეალური ოლიგარქი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულის პასუხად, ინტერვიუერმა განაცხადა, რომ მას ეგონა ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა.

ღარიბაშვილი ჩაეკითხა, თუ რატომ ფიქრობს ინტერვიუერი, რომ ივანიშვილი ოლიგარქია.

ინტერვიუერის თქმით, „ივანიშვილს ასე მოიხსენიებენ და არ არის სწორი?!“

„თქვენც ოლიგარქი შეიძლება გამოხვიდეთ არა?!“ – განუცხადა კითხვის ავტორს ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც კი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი იქნება მიღებული, ყველაფერი გარკვეული იქნება და „მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს“.

„უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. ამიტომ, რადგან იკითხეთ [„ქართული ოცნების“] დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს მას განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეში, ქუჩებში კლავდნენ, 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციაზე გამოცდილება უკრაინიდან მიიღო.

„ოდესაც საქართველოს მიეცა ევროკომისიის მხრიდან 12 პრიორიტეტი, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მათზე მუშაობა და ივნისისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული ერთი რეკომენდაციის გარდა – ის დეპოლარიზაციაა. რადგან იკითხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხი, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი 2 წლის წინ მიიღო უკრაინამ. ბევრ სხვა ქვეყანას არა აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება, ამიტომ უკრაინის მაგალითი ავიღეთ და ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, უცხოური აგენტების გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ინტერვიუერის კითხვაზე – „თუ რატომ არის აუცილებელი, რომ იარლიყები მივაწებოთ ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომელიც 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ“, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს თავი დახურულია და აქცენტი უფრო სერიოზულ საკითხებზე უნდა გაკეთდეს“.

„რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გადაიჭრა, ეს კანონი გაწვეულ იქნა, დავხურეთ თავი, და ამიტომ აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტში იქნა განხილული მსგავსი კანონის მიღება. მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, არც სპეკულაციაში. იყო ეს ინიციატივა და ჩვენ გავიწვიეთ ეს კანონპროექტი, ეს თავი დახურულია. მინდა საუბარი წარვამართო უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე, რაც არის შემდეგი ნაბიჯები ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვმუშაობთ ამ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი. ეს იყო ბონუსი მოლდოვისთვის და უკრაინისთვის, ძალიან გვიხარია მათი სახელით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.