Home Blog Page 1898

“ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან”- რომან გოცირიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დამშვიდდნენ და ფრაქციაში მშვიდად განაგრძონ მუშაობა.

„აბსურდია, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ადამიანების გარდა, სხვას არ ჰქონდა. ეს ვარიანტი გასწორდა, არ არის საჭირო ამ თემაზე ბევრი კამათი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“. დამშვიდდნენ, რადგან „ქართული ოცნების“ მიზანია განხეთქილების შეტანა.

ის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს თუ შევქმნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დატოვება მოუნდებათ, ფრაქცია დაეშლებათ და ამაზე წუხან, მაშინ სამწუხარო ფაქტი იქნება და ფრაქციის გაძლიერებაზე იზრუნონ. „ქართული ოცნების“ მიზანი იყო „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების შეტანა. დამშვიდდნენ, „ქართული ოცნების“ ოინებზე ნუ წამოეგებიან. ფრაქციაში მშვიდად გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Netის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკები და სიახლეები, როგორებიცაა:

  • Microservice Architecture – Approaches, Principles, Best Practices
  • Code and Source Generators
  • GraphQL – Hot Chocolate
  • SignalR

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საშუალება გვქონდა ერთის მხრივ გაგვეღრმავებინა ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებით საინტერესო პრეზენტაციების და დემო პროექტების საშუალებით, მეორე მხრივ,  არაფორმალურ გარემოში პირისპირ გვესაუბრა პირად გამოცდილებებზე, ტექნიკებზე და მიგნებებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესება და თითოეულმა დეველოპერის კმაყოფილების დონე ძალიან მაღალი იყო, ვიმედოვნებ რომ ხშირად შევძლებთ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას.” – ჯუბო ფალელიშვილი, თიბისის .net დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი.

თიბისი Tech Meetup-ის პირველი შეხვედრა 13 იანვარს თიბისი კონცეპტის სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის”

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30 პროცენტით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკების ეფექტურად აღსაკვეთად, მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების მონიტორინგისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებული წესების ხელახლა შეფასება და გაუმჯობესება უნდა მოხდეს.

ევროკომისია კონსულტაციებს გამართავს ევროპარლამენტთან და ევროპულ საბჭოსთან იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი, რის შემდგომაც, კომისია 2023 წლის შემოდგომაზე საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით.

როგორც ევროკომისია გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლას მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნებისთვის.

ამავდროულად, ევროკომისია დასძენს, რომ გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო მიმოსვლიდან შესაძლოა წარმოიქმნას მნიშვნელოვანი მიგრაციული და უსაფრთხოების გამოწვევები.

ამასთან, ევროკომისია აცხადებს, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან არასაკმარისმა შესაბამისობამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანა შესაძლოა სატრანზიტო ჰაბად გადააქციოს ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისთვის. აღნიშნულის მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ის ქვეყნებია დასახელებული, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვს და რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მზარდი რაოდენობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესასვლელად გამოიყენებოდა.

საკითხზე ევროკომისიასა და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის დაუყოვნებლივი კონტაქტის შემდეგ, უვიზო რეჟიმთან შესაბამისობის მხრივ, არსებითი პროგრესის მიღწევა მოხდა. შედეგად კი, ევროკომისიის ცნობით, არალეგალური მიგრაცია ევროკავშირში შემცირდა.

“დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს”

წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული პოლიციის დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ ქართველი სამართალდამცავების მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

„ჩემთვის, როგორც პოლიციელის შვილისთვის, დიდი პატივია მოგილოცოთ პოლიციელის დღე. დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო პოლიციელი და 24-საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს. წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა. ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვის. თქვენ ყოველდღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. უკანასკნელ პერიოდში არა ერთხელ გავხდით ჩვენი პოლიციელების მაღალი პროფესიონალიზმის მოწმენი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. წამყვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრივი წესრიგის, კანონის აღსრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში. თქვენი დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ თქვენი მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს. პოლიციის დღეს და პოლიციელების დღეს, დიდ მადლობას გიხდით ყველა პოლიციელს, ვინც დაუღალავად და თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობას ოჯახის, შვილების, ქართული საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მწუხარება გამოთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების გამო.

„დღეს აგრეთვე, ქედს ვიხრი იმ პოლიციელების წინაშე, რომლებმაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს იმ შრომისთვის, რომლის შედეგიც ყველასათვის თვალსაჩინოა – ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეზე მზრუნავი პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი. ვამაყობთ თქვენით და თითოეულ პოლიციელს გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი. სახელმწიფო თქვენ გვერდით დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“თქვენ ფასდაუდებელ სამსახურის ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის” – პრემიერი პოლიციელებს

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, მივესალმები ჩვენს მეგობრებს და მივესალმები ჩვენს საამაყო და გმირ პოლიციელებს. პოლიციის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის და წინსვლის აუცილებელი პირობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და რაც მთავარია მაღალპროფესიული.

„მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და რაც მთავარია მაღალ-პროფესიული პოლიცია. ეს რა თქმა უნდა არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგი, ეს არის ჩვენი მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის და მისი გუნდის ეფექტური მუშაობის შედეგი და რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი.

თქვენ შეძელით ის, რაც არც თუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ თქვენთან ერთად ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურის ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

“როდის იყო უკრაინა უფრო მეტად დამოუკიდებელი, 2014 წლამდე თუ მას შემდეგ?!”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“უკრაინიზაცია” ამ კვაზი ერი-სახელმწიფოს, რომელიც ვერ, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით მაინც, შედგა, უმძიმესი ტრაგედიაა; არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ომშია და ფიზიკურად ინგრევა, მსხვერპლი, რაც ვერასდროს ვერაფრით ანაზღაურდება, ყოველ წუთას ეზრდება, მილიონობით ადამიანი, მათ შორის ლტოლვილები, მიუსაფარნი, უსახლკაროდ და უსახსროდ დარჩენილნი, განიცდიან ენით აუწერელ ტკივილსა და ტანჯვას; არამედ იმიტომაც, რომ სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის გაღებული ეს უზარმაზარი მსხვერპლი თითქოსდა ამაოა და შედეგი არ მოაქვს, გამოსავალი არა ჩანს – არც ომს უჩანს კეთილი დასასრული და რაც მთავარია, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მომავალი სულ უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება;

რუსული ოკუპაცია ოკუპაციად, აუნაზღაურებელი დანაკარგები – დანაკარგებად, მაგრამ მთავარი ესაა: სიმწრით მეცინება ხოლმე, როცა უკრაინის დამოუკიდებლობაზე პათეტიკურად საუბრობენ. ამაზრზენი რეალობა კი საპირისპიროა: უკრაინა ამჟამად 100%-ით არის დამოკიდებული უცხოეთზე, იმ გარეშე ძალთა ბალანსზე, რასაც უკრაინა, რაც არ უნდა დიდი მსხვერპლი გაიღოს, არსებითად ვერ შეცვლის; სავალალოა, რომ არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ უარესიც: ყოველი მთავრობა, რაც კი შეიძლება წარმოსადგენ პერსპექტივაში იქ მოვიდეს, უნდა იყოს და იქნება კიდეც ამ უცხოური ძალების კლიენტელა და მათი ნების შემსრულებელი. სხვა გზა – 2014 წლის შემდეგ უკრაინას არ დაუტოვეს. უცხოეთზე სრული დამოკიდებულება გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ გარდა ცოცხალი ძალისა, რაც გამოლევადია, ომის წარმოების ყველა სხვა რესურსი – ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური თუ სამხედრო, არსებითად გარეშეა; ეს თავისთავად უდიდესი უბედურებაა – უკრაინა პროქსი-სახელმწიფოა, პროქსი-ომის ინსტრუმენტია; უარესი უბედურება კი ისაა, რომ უცხოეთზე სხვისდება უკრაინის მიწა, ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკური სიმძლავრეების დიდი ნაწილი; ეს სიმძლავრეები ან ნადგურდება, ოკუპანტების ხელში გადადის ანდა, რაც ამას გადაურჩება, საერთაშორისო კორპორაციებს მიაქვთ თითქმის ყველაფერი, რისი წაღებაც კი შესაძლებელია; და პირველ რიგში, მათ მიაქვთ მომავლის პერსპექტივა: საინვესტიციო სუპერ-გიგანტი “ბლექ როკი” უკვე ფლობს კონტრაქტს, რომ ომისშემდგომი უკრაინის ეკონომიკური ყოფიერება ლამის სრულად განაგოს: მის კორპორაციულ და არა უკრაინის სუვერენულ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რა აშენდება იქ და რა არა, რა განვითარდება და რა არა, ვინ იცხოვრებს და იმუშავებს იქ და ვინ არა, როგორი იქნება უკრაინის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და აღმშენებლობის საინვესტიციო პორტფელი და რაც მთავარია, როგორ განაწილდება სარგებელი, რაც ამ ქვეყნის უმდიდრესი რესურსების ექსპლუატაციისგან შეიძლება მიიღონ.

დავსვათ რიტორიკული კითხვა: როდის უფრო მეტად იყო უკრაინა დამოუკიდებელი, 2014 წლამდე თუ მას შემდეგ?! პასუხი ნათელი და მკაფიოა. ამ თვალსაზრისით ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობის ხარისხი შეუდარებლად აღემატება უკრაინისას, რომელიც, ვიმეორებ – სრულად დამოკიდებული ქვეყანა გახდა და როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს იგი ამ დამოკიდებულებიდან, რაც კიდევ უარეს “ლომკებს” იწვევს, ვიდრე ნარკომანის წამალდამოკიდებულებაა, გაათავისუფლოს…

…”უკრაინიზაცია” ესაა: იგი არათუ კოლონიაა, არამედ იხვეწება – ოღონდ თქვენი კოლონია ვიყო და თუნდაც გავწყდებით ამისათვისო….

არავის – არც მტერს, არ ვუსურვებ ამგვარ მწარე ხვედრს…

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.

პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ცერემონიალს ესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის სხვა წევრები და პარლამენტარები.

ცერემონიალს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 462-ე დღე

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგეს ბახმუტის მიმართულებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია. ავდიივკას მიმართულებით, რუსებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. კუპიანსკის მიმართულებით კი წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ხარკოვის ოლქის მასიუტოვკას დასავლეთით და ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის მიმართულებით.

„მარინკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოებში, აგრეთვე პობედას და ნოვომიხაილოვკას დასახლებების მიმართულებით“, – აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა Shahed-ის ტიპის 32 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიას, 4 საარტილერიო დანადგარს, საზენიტო სარაკეტო სისტემას და საწვავი და საპოხი მასალების 3 საცავს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

“დრონები აპროტესტებენ, უარს აცხადებენ უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმაზე და ფეთქებადი პროტესტით უბრუნდებიან რუსული “საჰაერო ტერორის” ავტორებს მოსკოვში,” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

„ხელოვნური ინტელექტიც კი უკვე უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, – დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.

“უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი,”- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს კითხვა, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა :

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში”, – განაცხადა ჯეიმს კლერლიმ. “ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ,” – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა და ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ნატო კოსოვოში დამატებით 700 ჯარისკაცს განათავსებს

ნატო-ს სამხედრო ალიანსი კოსოვოში დამატებით 700 ჯარისკაცს განათავსებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავრცელებს.

„ნატო-ს ძალები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას კოსოვოში ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შესანარჩუნებლად. ჩვენ განვაგრძობთ მიუკერძოებელ მოქმედებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთში ოპერატიული სარეზერვო ძალებიდან კიდევ 700 ჯარისკაცი განვათავსოთ და მზადყოფნაში გვყავდეს სარეზერვო ძალების დამატებითი ბატალიონი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი განლაგებაც“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ასეთი თავდასხმები მიუღებელია და ის დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ჩრდილოეთით დასახლებებში მცხოვრები სერბები პოლიციას დაუპირისპირდნენ და აპრილში არჩეული ალბანელი მერების წინააღმდეგ დემონსტრაციები მოაწყეს. მედიის ცნობით, შეტაკებების შედეგად დაშავდა 52 დემონსტრანტი და ნატო-ს სამშვიდობო მისიის 30 სამხედრო.

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.

თბილისის აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ბარაბაძე 4 აპრილს, ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლია დაღუპული.