უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

64
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 462-ე დღე

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგეს ბახმუტის მიმართულებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია. ავდიივკას მიმართულებით, რუსებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. კუპიანსკის მიმართულებით კი წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ხარკოვის ოლქის მასიუტოვკას დასავლეთით და ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის მიმართულებით.

„მარინკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოებში, აგრეთვე პობედას და ნოვომიხაილოვკას დასახლებების მიმართულებით“, – აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა Shahed-ის ტიპის 32 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიას, 4 საარტილერიო დანადგარს, საზენიტო სარაკეტო სისტემას და საწვავი და საპოხი მასალების 3 საცავს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

“დრონები აპროტესტებენ, უარს აცხადებენ უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმაზე და ფეთქებადი პროტესტით უბრუნდებიან რუსული “საჰაერო ტერორის” ავტორებს მოსკოვში,” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

„ხელოვნური ინტელექტიც კი უკვე უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, – დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.

“უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი,”- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს კითხვა, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა :

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში”, – განაცხადა ჯეიმს კლერლიმ. “ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ,” – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვში დრონებით თავდასხმა განხორციელდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევს დააკისრა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა და ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.