Home Blog Page 1897

პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში 19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გატაცებული ასევე წარმოშობით ქართველია.

მომხდარის შესახებ პოლიციას ახალგაზრდა ქალის დედამ შეატყობინა. ინციდენტი ქალაქ სკერნევიცეში მოხდა. გამტაცებლების მანქანა პოლიციამ ხუთ საათში აღმოაჩინა. ბოროტმოქმედებმა გატაცებული ქალი ქალაქ ვერუშუვში წაიყვანეს.

დაკავებული პირები 38, 37 და 33 წლის არიან. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თურქეთი ქართულ ავიაკომპანიებს ყველა აეროპორტს უხსნის

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში განახლებული დანართის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთი ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით.

„აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აქვთ. თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით“, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (#ican2023) ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ხვალ 17 მებრძოლს – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

,,უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლის მომსწრე გავხდებით”- დიმიტრი ხუნდაძე

პროცესები იმდენად სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მსოფლიოში, რომ უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლის მომსწრე გავხდებით.

ბოლო ორი წლის ყველაზე აქტუალური თემა – უკრაინის ომი ხელოვნურად უკანა პლანზე იწევს და ამ პოლიტიკის ძირითადი აქტორები ერთმანეთის გადაბრალების პროცესში არიან.

რა მოხდა? რატომ ჩაიშალა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ომის დაწყებამდე? შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? ვისი ინტერესები იკვეთება ამ ომში და ვინ უნდა აგოს პასუხი ამხელა მსხვერპლზე?

მთავარი დანაშაული, ბუნებრივია, ოკუპანტ სახელმწიფოს მიუძღვის, მაგრამ ვინ ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგები? რატომ ხდება უკრაინისგან დისტანცირება დღეს, მაშინ, როდესაც ერთგვარი შემგულიანებელი და „ერთგული მეგობარი“ ამ ქვეყანას ომის დაწყებისას ბევრი ჰყავდა დასავლეთში?

კითხვები ბევრია, მაგრამ პასუხებს არავინ სცემს. ეს კითხვები აწუხებს თავად უკრაინის მოსახლეობასა და უფრო მეტიც, უშუალოდ ზელენსკის ყოფილ თუ ამჟამინდელ გარემოცვას. ერთმანეთზე გადაბრალებით ცდილობენ ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას, თუმცა, ალბათ, უკრაინელი ხალხის მოთმინებასაც ექნება საზღვარი.

უკრაინის ომის ირგვლივ შეკერილი პოლიტიკა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო საქართველო, დასასრულს უახლოვდება. საქართველო გადარჩა! ის ჩვენ გადავარჩინეთ! შეძლებს თუ არა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი იმიჯის გადარჩენას, არ ვიცით,  ქვეყანაზე ხომ აღარ ვსაუბრობთ.

ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ. ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას ქვეყანაში და ამისთვის გვმოძღვრავდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თუ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალები კიევიდან.

გავუძელით, გადავლახეთ, გავიმარჯვეთ!

არ გავხდით დამანგრეველი თამაშის მონაწილე. დღეს ჩვენ ვართ მაყურებლები იმ ხალხის, ვინც გუშინ ჩვენი ლანძღვით რეიტინგს იმაღლებდა, დღეს კი კულისებიდან ვეღარ გამოდის.

გვტკივა და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, ახლა, კიდევ უფრო მეტად, რომელიც ასე უმოწყალოდ გაწირეს როგორც გარე, ასევე შიდა მტრებმა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

,,ნეტარ არიან მორწმუნენი“ – კარგია, თუ ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ”- სამხარაძე

,,ნეტარ არიან მორწმუნენი“ – კარგია, თუ მას [ლევან ხაბეიშვილს] და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დაამარცხებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ალბათ, ნოემბერში სულ სხვა რეალობაში გაიღვიძებენ მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება. ამიტომ არ მინდა, ახლა მათ ყველანაირი იმედი მოვუკლა. ვნახეთ, რომ პარტია ადამიანებმა დატოვეს, რაც იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც პარტიაში არსებობს. წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ შეიძლება პარტიამ, რომელსაც პანტაპუნტით ტოვებენ დიდი ქალაქების საკრებულოს წევრები, არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

,, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია”- პაპუაშვილი

ნათქვამია, რომ „ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია, სულსა გულსა“. სხვანაირად რომ ვთქვა, ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს. ის რომ გაწყდება, შემდეგ ასეთი სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას განცხადებები აბსოლუტური ფარისევლობაა.

,,სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ის გზა აირჩია, რომელიც საქართველოს ისტორიაში ბევრს თუ ზოგიერთს აურჩევია და ისტორიაშიც შესაბამისად შესულან. ეს არის გზა – ღალატის. როცა ამ ძარღვს წყვეტ, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი ბრალდებები, ტყუილი და დეზინფორმაციაც ადვილი ხდება. ამიტომ, გიორგი გახარიას განცხადებას არც კი შევაფასებდი. მით უმეტეს, ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ჰქონდა საქართველოს მთავრობაში და ახლა ეკონომიკაზე საუბრობს, ეკონომიკის

მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ამ ყველაფერზე საუბრობს, ეს აბსოლუტური ფარისევლობაა,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მიღებული და არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

სოფო გორგოძემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე ხუთი წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

„საქართველო და აზერბაიჯანი – ევროპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია“ – ალიევი

საქართველო და აზერბაიჯანი ახლო პარტნიორები არიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მისი თქმით, ორი ქვეყნის პარტნიორობა მხოლოდ ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. „ამ თანამშრომლობის დახმარებით ჩვენ ევროპისთვის ვართ ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში რეგულარულად ჩადის, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგულარულად სტუმრობს აზერბაიჯანს. „ძალიან კარგად გვესმის ქართველი მეგობრების სურვილი, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ და ქართველ მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ვულოცავ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა საბოლოოდ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში უნდა მიიღონ.

“ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სადაც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ” – იაგო ხვიჩია

ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ – არ ვართ დაინტერესებული ივანიშვილის კადრების გადაბირებით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ხვიჩიას თქმით, თანამშრომლობით ყველასთან ითანამშრომლებენ.

“ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პარტიაში არ მივიღებთ. ამიტომ სხვა დროს თუ კობახიძეს ან ვინმეს რაიმე წამოსცდება ჩვენი მისამართით, იცოდეთ, რომ მე თქვენთან ეს მაქვს განხილული.

რაც შეეხება ამ ვერსიას, „ქართული ოცნების“ ხელშია მოსასმენი აპარატებიც, თვალთვალიც, სუს-იც, პოლიციაც, შესაბამისად, მათ ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვინ რას აპირებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვერ შევამოწმებთ ამ ინფორმაციის სანდოობას, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, შესაბამისად, შეიძლება ეს მართალი იყოს, შეიძლება საერთოდ ტყუილი იყოს, ჩვენთვის გზის ასაბნევად”, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რატომ არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს მათ პარტიაში, ხვიჩია აცხადებს, რომ “ივანიშვილის კადრების გადაბირებით” დაინტერესებულნი არ არიან.

“ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ბატონი ივანიშვილის კადრების გადაბირებით. არ მიგვაჩნია სწორად და გვგონია, რომ ჩვენ ჩვენი ხალხი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. ხოლო სალომე ზურაბიშვილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

“სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ” – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მაღალია ალბათობა, ეომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი იმ ნაბიჯს გადადგამს, რაც მეტად დააზიანებს საქართველოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ის განზრახ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ამიტომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. რამის გამორიცხვა ძნელი იქნება. რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში, იმ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6860 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6860 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8987 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9178 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0191 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ორბანის პოზიციონირება ნამდვილად არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას”- ბექა ოდიშარია

ორბანის პოზიციონირება ნამდვილად არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას – კობახიძე რომ ხელმძღვანელობს კონსულტაციებს უნგრეთის მთავრობასთან მრავლისმეტყველია, დელეგაცია იცავს ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაზეც მალე შეიტყობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის კრიტიკა ორბანის მიმართ „კლოუნადის აპოთეოზია.”

„ვიქტორ ორბანი თავის ქვეყნის და ერის გამოკვეთილი ლიდერია, აგერ 4- ჯერ თუ არა 5- ჯერ მოიგო ნაციონალური არჩევნები და მისდამი ნდობა მაღალია. ჩვენი ოპოზიცია ვის აკრიტიკებს? ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის, ქვეყნის ჭეშმარიტ პატრიოტ ლიდერს? თავად საკუთარ სახლში და სადარბაზოში არ აძლევენ ხმას. მათი კრიტიკა ორბანისადმი მიმართული კლოუნადის აპოთეოზია.

ბატონი ორბანის პოზიციონირება ევროკავშირში ნამდვილად არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ ის წარმოადგენს ქვეყანას და ხელისუფლებას, რომელიც ერთ- ერთი უპირველესი ჩვენი გულშემატკივარი და ლობისტია, მათ შორის, სტატუსის მონიჭებისა. ახლაც ის, რომ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს ჩვენს დელეგაციას და ასეთი მაღალი რანგის კონსულტაციებს უნგრეთის მთავრობასთან, მრავლისმეტყველია. ბუნებრივია, ჩვენი დელეგაცია იცავს ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაზეც დარწმუნებული ვარ, მალე შეიტყობთ საზოგადოება. რაც მთავარია, მივაღწევთ მიზანს რაც დასახული გვაქვს მოკლე დროში – კანდიდატის სტატუსის მიღება.

ქვეყნის მტერი ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, მე მათი კრუსუნი არ მახსენდება მაშინ, როცა საქართველო დაისაჯა და უსამართლოდ არ მიენიჭა სტატუსი. რა კრიტერიუმებით შეიძლება დაწინაურებულიყვნენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით, იქნებ ვინმემ მითხრას?! საქართველო იყო, არის და იქნება უფრო წინ რეფორმებში, ეკონომიკურ განვითარებაში, თანმიმდევრულ პოლიტიკაში, ვიდრე არის მოლდოვა და უკრაინა. ამას საზოგადოება საკუთარ ტანზე, სხეულზე, ოჯახზე ქალაქებსა და სოფლებში გრძნობს,”- განაცხადა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, ვიქტორ ორბანის პარტიამ უნგრეთის პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

მანამდე ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ და არ მოიწვიონ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.