ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს

55
spot_img

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ხვალ 17 მებრძოლს – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.