Home Blog Page 1892

2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 14 246.6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით.

გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში მოპოვებულია 36.6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, რაც 2021 წელთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტია, 146.3 ათასი ტონა ქვანახშირი, რაც წინა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით ჩამორჩება და 14.6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი – კლებამ წინა წელთან შედარებით 8.8 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 11.4 პროცენტით შემცირდა და 1 113.5 ათასი მ3 შეადგინა. წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი – 78.1 პროცენტი მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია 13.3 პროცენტით, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

უწყების ინფორმაციით, 2022 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 385.5 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2022 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 361.0 მილიონი მ3, რაც წინა წელთან შედარებით 20.0 პროცენტით მეტია, ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 528.7 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2021 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება 9.4 პროცენტით გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში. მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 375.4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტია. ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 41.8 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები – 27.1 პროცენტით და ელექტროენერგია – 22.2 პროცენტით. წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.5 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.4 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.

2022 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 31.1 და 30.4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 18.1 პროცენტი – მრეწველობის, 4.3 პროცენტი – მშენებლობის, 0.6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

“დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია” – შალვა ოგბაიძე

„დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და  გეგმაზომიერად მიმდინარეობს“, –  განაცხადა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სწორედ ამიტომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული“,  –  განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების, სრულყოფის და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.

„რა თქმა უნდა, რეფორმას თან ახლავს გარდამავალი და საადაპტაციო პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეები, თუმცა  უმთავრესია ის, რომ სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს გეგმაზომიერად, რასაც მოწმობს თუნდაც ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, მეტროს ვაგონების განახლება თუ მიმდინარე მსხვილი საგზაო  ინფრასტრუქტურული პროექტები ხორცშესხმა და სხვა.

ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ტრანსპორტის განვითარება, დედაქალაქის მაცხოვრებელთა სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გადაადგილება კვლავაც დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება დედაქალაქისთვის“,  – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სააგენტოს ცნობითვე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-დე.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ” – ირაკლი კობახიძე

ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ასე არ იქნება, ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს მხოლოდ ღირსებით უნდა დამსახურებული წარმატების მიღწევა.

„ჩვენი ერთგვარი, ბუნებრივი სლოგანია – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. ჩვენ გვინდა, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. ვინმეს თუ სხვაგვარად წარმოუდგენია ეს პროცესი, წარმოუდგენია ისე, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეს ასე არ იქნება.

თქვენ გახსოვთ, ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოხატავს მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობას“ საქართველოში. გიორგი ბურჯანაძემ გაახმოვანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მათი პატრონების გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავდგებოდით ცალ ფეხზე, რადგან, როგორც კი დადგები ცალ ფეხზე, ძალიან მარტივად წაგაქცევენ და ეს იყო ამ ადამიანების მიზანი და სურვილი. ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა დამსახურებული წარმატების მიღწევა. ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ამოცანა, მხოლოდ ღირსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უამრავი ტყუილი ვრცელდებოდა, შემდეგ კი, შეცვალეს რიტორიკა.

„ხალხს ატყუებდნენ, რომ სტატუსთან დაკავშირებული იყო ფინანსური, ეკონომიკური სარგებელი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. არავითარი ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი არ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გარშემო სხვადასხვა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, მათ შორის კახა კალაძის განცხადებას, ის უკავშირდებოდა სწორედ ჩვენს საერთო სულისკვეთებას. მხოლოდ ღირსებით გვინდა იმ წარმატების მიღება, რომელსაც ვიმსახურებთ. ღირსების გარეშე არავითარ სტატუსს არავითარი ფასი არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენ ღირსებით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი და ასეთ ვითარებაში სტატუსს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“18-მეტრიანი ავტობუსები ჯიბეში არ გვიდევს, მათ დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება” -კახა კალაძე

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კახა კალაძემ დეპუტატების მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, სატრანსპორტო რეფორმა არის გრძელვადიანი და ამას თბილისის მთავრობა თანმიმდევრულად მიჰყვება.

„2017 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ამ პროცესში დაქირავებული გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია, დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტები და მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ვახორციელებთ პროექტებს. ბევრი სპეკულაციური განცხადება ისმის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის შესახებ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. მათ მოვუწოდეთ, რომ თუ რამე არასწორია, გვითხრან რა გავაკეთოთ, რა არის სწორი, თუმცა ეს უნდა იყოს კვლევებზე დაფუძნებული და შინაარსობრივად სწორი. ჩვენი რეფორმა გრძელვადიანია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ამისკენ გვქონდეს მიმართული თანხები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, კახა კალაძის თქმით, ახალი ავტობუსების ნაწილი თბილისში უკვე შემოსულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში შემოვა.

„2012 წლამდე თბილისს ემსახურებოდა 450 ერთეული „ყვითელი ავტობუსი“, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პარკის განახლება-მოწესრიგება დავიწყეთ. დღეს, თბილისს 800-ზე მეტი ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი და 1 000-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. პროცესი გრძელდება. ვიყიდეთ ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები. თქვენ მკითხეთ, თუ სად არის ეს 150 ერთეული ავტობუსი. მე ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება. გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია, მომავალი წლისთვის კი დარჩენილი რაოდენობაც შემოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ავტობუსებში გადატვირთულობას, თბილისის მერის თქმით, ავტობუსების რაოდენობის ზრდა არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„არასწორია მოსაზრება, რომ თბილისს ცოტა ავტობუსი ემსახურება. ავტობუსების გადატვირთულობას იწვევს ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს ან წელს მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ეს სამუშაოები ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს იმ პირობებში, როდესაც დღეში 650 000-მდე ავტომანქანა გადაადგილდება. ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს და ავტობუსიც აგვიანებს. შესაბამისად, იმატებს მგზავრების რაოდენობაც. ავტობუსი თავის დანიშნულ დროში ვერ მიდის გაჩერებაზე და ხდება მგზავრებით გადავსება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომელიც ქალაქში გადაადგილების გართულებას იწვევს და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი ცდილობს, წლის განმავლობაში, ორზე მეტი მსხვილი პროექტი არ განახორციელოს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მხოლოდ ქუჩების შეკეთებით არ შემოვიფარგლოთ. გვინდა, რომ ძირეულად გაკეთდეს კონკრეტული ქუჩები თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. არის გარემოებები, რის გამოც ყველა ქუჩაზე „ბასლეინი“ ჯერ ვერ იხაზება. მაგალითად, იმის გამო, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დადიანის ქუჩაზე საავტობუსო ზოლის დახაზვისგან ჯერ თავს ვიკავებთ. იგივე დამოკიდებულება გვაქვს აღმაშენებლის ხეივნისა და მარშალ გელოვანის გამზირზე. ყველაფერს ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ორზე მეტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განვახორციელოთ, რათა ქალაქში მეტი დისკომფორტი არ შეიქმნას.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონებისა და მეტროსადგურების სრული განახლება-მოდერნიზება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ძალიან მალე შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას და მასში უცხოური სამშენებლო კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიმართულებით გამოწვევა ბევრი გვაქვს. ვხედავთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია რამდენი ხანია გრძელდება.  ვერავინ ვნახეთ, ვინც ამ პროექტს შეასრულებდა. კომპანიებს არც დიდი გამოცდილება აქვთ და თან რისკისგან თავს იკავებენ. ამიტომ, საერთაშორისო ტენდერებს ვაცხადებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის სრულად განხორციელების შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს.

„დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში ავტომანქანების რაოდენობაა. დღის განმავლობაში, პიკის საათებში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, ხოლო 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000 გადაადგილდებოდა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან სატრანსპორტო რეფორმის მთავარი მიზანი, ეს ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო” – ირაკლი კობახიძე

ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის ელჩს, ამერიკის ელჩს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტარებს, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. უამრავი საჯარო მოხელე იყო ჩართული ამ გამარჯვების მოპოვებაში. ძალიან დიდი მადლობა მათ. ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს კანდიდატის სტატუსი გვეზეიმა. ასევე, მადლობას ვუხდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ელჩს, რომელიც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მთლიანად ჩართული ამ პროცესში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მოდუნებას არ ვაპირებთ, წინ გასავლელია გზა იმისათვის, რომ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. უახლოეს პერიოდში შესასრულებელია 9 პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“რეფორმა, რეფორმა და რეფორმა! ახლა მთავარია კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ ერთად მივიყვანოთ საბოლოო შედეგამდე”

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას მთელ საქართველოს ულოცავს.

პარტიის ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში არის უკრაინისა და მისი მებრძოლების დამსახურება, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეების სურვილს დაინახავდნენ და გაითვალისწინებდნენ. ეს ნამდვილად მისალოცი ამბავია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან კანდიდატის სტატუსის მონიჭება სწორედ მათი დამსახურებაა. მთელმა დასავლეთმა არაერთხელ დაინახა ქართველი ხალხის ნება – ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქციებით აჩვენეს და ასევე ურყევად გამოხატეს ნება არაერთ საერთაშორისო კვლევაში.

ზეიმის პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ უმოქმედობის შედეგად ერთი წლით დაგვიანდა, ანუ ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ რეფორმების კუთხით მათზე წინ ვიყავით.

ახლა მთავარია გატარდეს ყველა შესაბამისი რეფორმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. სხვა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება როგორც მანქანის გასაღების მოცემა მანქანის გარეშე. ეს მანქანაა სწორედ ის რეფორმები, რისი გატარებაც პროცესის საბოლოო გამარჯვებით დასრულებისთვის გვჭირდება“, – აცხადებს ანა დოლიძე.

“ძაღლი ნივთი არაა, რომ აიღო და გარეთ დააგდო” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ თბილისის მერია აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ძალისხმევას არ იშურებს.

მისივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია გრძელდება და ამისთვის მერიის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებია გამოყოფილი.

„მიუსაფარი ცხოველების საკითხი, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. ერთ-ერთი გამომსვლელი  ამბობდა, რომ სტერილიზაცია შემცირებულია, რაც არ არის სწორი. ქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. პირველი, ვინც ვართ დამნაშავეები, ჩვენ, ადამიანები ვართ. ძაღლი არ  არის ნივთი, რომ მაგალითად, აიღო და გარეთ დააგდო. თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას ძაღლის აყვანაზე, არ უნდა გვქონდეს ის დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ხოლმე. ჩვენ ამ მიმართულებით ჰუმანური დამოკიდებულება გვაქვს და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომავალ კვირას დარეგისტრირდება. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს – არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეტერინარები და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დარეგულირდეს.

„მთელი რიგი პროცედურებია გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტი მზადაა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. სტერილიზაციას რაც შეეხება, პროცესი დღესაც გრძელდება. ამისთვის თანხებიც არის გამოყოფილი. მზად ვართ, აღნიშნული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ, რომ პრობლემა და დისკომფორტი, რომელიც ქალაქში არსებობს,  მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“უკრაინაზე ლაპარაკი არავის აღარ უნდა”-The Spectator

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინაზე ლაპარაკი არავის აღარ უნდა“ (ავტორი – ლიონელ შრაივერი).

„დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობამ უკრაინის კონფლიქტისადმი ინტერესი დაკარგა. მოქალაქეებს სულ უფრო უმტკიცდებათ აზრი, რომ უკრაინის დაპირისპირებას რუსეთთან „ბედნიერი დაბოლოება“ არ ექნება. კიევის არმია სულ უფრო სუსტდება“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინა-რუსეთის ომის პირველ თვეებში ბევრი დასავლელი „ობივატელი“ საომარ მოქმედებებს ყოველდღიურად თვალს ადევნებდა. რასაკვირველია, საზოგადოებაში თანადგომისა და სოლიდარობის გრძნობა ნამდვილად არსებობდა. ვოლოდიმირ ზელენსკი კლასიკურ დადებით გმირს ასახიერებდა, უკრაინელ ხალხთან ერთად, ხოლო ვლადიმერ პუტინი ისეთ ნეგატიურ ადამიანს და ავაზაკს, რომლის სახის შექმნა უილიამ შექსპირს თუ შეეძლო. ბუჩას ტრაგედია, შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის მთავარი სამხედრო ხომალდის ჩაძირვა, ხერსონის გათავისუფლება, ყირიმში რუსული ბაზების დაბომბვები უკრაინელების მიერ – ეს და სხვა მსგავსი მოვლენები მოსახლეობის ყურადღებას იწვევდა.
მაგრამ ახლა სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. უკრაინის მოვლენები უკვე „გუშინდელ ამბებად“ გადაიქცა. თუ არ ჩავთვლით მმართველ პოლიტიკური წრეებს, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვეულ ყურადღებას უთმობენ უკრაინის საკითხს, ფართო მოსახლეობაში კიევის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა ქრება. ნაწილობრივ, ამაში „დამნაშავეა“ ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში და ღაზას სექტორში მიმდინარე კრიზისი, რომელიც ანაზდეულად დაიწყო და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. გარდა ამისა, ინტერესი შეამცირა უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შედეგებმა, რომლებიც კიევის გეგმების სრულ კრახში გამოიხატა.

ყოველდღიურად სულ უფრო აშკარა ხდება, რომ კიევს წინ ბედნიერი მომავალი არ ელოდება, პირიქით – ომის დაბოლოება უაღრესად ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება. უკრაინის არმია დიდ დანაკარგებს განიცდის და მის მდგომარეობას ვერანაირი დასავლური დახმარება ვერ გამოასწორებს.

ომის ფინალი, დიდი ალბათობით, უკრაინისათვის მარცხიანი მოჩანს. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რეალობას ვერსად ვერ გავექცევით: ამჟამად უკრაინის არმიის ჯარისკაცთა საშუალო ასაკი 43 წელს შეადგენს. ჯარს ახალგაზრდები აკლია. დიახ, ბევრმა თავი უცხოეთს შეაფარა, მაგრამ ბევრზე ბევრი უკვე უკვე დაღუპული და დასახიჩრებულია. უკვე ფრონტის წინა ხაზზე ქალებს გზავნიან საბრძოლველად. უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია – ომამდე რუსეთის მოსახლეობა ოთხჯერ მეტად ჭარბობდა უკრაინის მოსახლეობას, ახლა კი უკვე, ალბათ, ხუთჯერ ჭარბობს: ქალები და ბავშვები ლტოლვილებად იქცნენ და საეჭვოა ევროკავშირის ქვეყნებიდან უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ.

რუსეთის მოსახლეობამ კი ტრადიციულად, ომის მიმართ ადაპტირება მოახდინა. ფართო მასშტაბიანი უკმაყოფილება ომით შექმნილი სირთულეების გამო არ იგრძნობა. რუსეთის მთავრობა ცდილობს ნეგატიური პროცესები გაანეიტრალოს. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მატულობს, რუბლის კურსი საკმაოდ მყარია. დასავლურმა სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწია.

ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ე.წ. „მორალური კომპრომისი“ წარმოადგენს. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დროა მოუწოდონ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, რათა უკრაინამ თავისი არსებობა შეინარჩუნოს, თუმცა გარკვეული ტერიტორიული დათმობების ფასად.
პატური (ჩიხური) სიტუაციის გაჭიანურება ფრონტზე კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს და ნგრევას გამოიწვევს. და თუ უკრაინას დასავლეთი მხოლოდ იმდენ იარაღს მისცემს, რომ მათ ბრძოლა ბოლო მამაკაცამდე და ქალამდე გააგრძელონ, ეს არა მარტო ამორალური ქმედებაა, არამედ ეს უკრაინელი ერის მკვლელობაა.

წყარო:

“მეტროს ვაგონები ექსპლუატაციის რესურსის ამოწურვისთანავე ახალი ვაგონებით ჩანაცვლდება” – კახა კალაძე

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მეტროს ვაგონების ეტაპობრივ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში, დეპუტატ შალვა ოგბაიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა, რა გრაფიკით განხორციელდება მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამა.

„მეტროს ვაგონების განახლებასთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ეტაპობრივი ჩანაცვლება. მეტროს ვაგონებს, რომლებიც დღეს ემსახურება თბილისის მოსახლეობას, გარკვეული დროის შემდეგ ეწურება გადაადგილების და მოძრაობის რესურსი. შესაბამისად, საჭიროებს ჩანაცვლებას. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ რესურსის გასვლისთანავე ისინი ჩანაცვლდეს ახალი ვაგონებით. როდესაც აღნიშნულ ვაგონს დაუმთავრდება ექსპლუატაციის ვადა, შემოვა მეტროს ახალი ვაგონები. თუ რომელიც ფირმის იქნება, ამაზე ამჯერად პასუხი არ მაქვს, რადგან ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ფასთა კვლევაზე გვაქვს გაშვებული, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ შესყიდვაზე ტენდერს და გვეცოდინება, თუ რომელი კომპანია იქნება მომწოდებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

“ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო და ამას აუცილებლად შევძლებთ”

ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამას აუცილებლად შევძლებთ – მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული ქვეყანა.

“ეს [სტატუსის მიღება] შეუძლებელი იქნებოდა რომ არა რეფორმები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გავატარეთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ხალხის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ატარებს. საქართველო დღეს არის უფრო თავისუფალი, დემოკრატიული, პროევროპული ქვეყანა. ჩვენ მზად გვაქვს სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ დავიწყებთ და ამით შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსის მიღებით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით დიდი ქართული ოცნების შესრულებას. ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების ოცნებაც არის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამას აუცილებლად შევძლებთ,” – განაცხადა თალაკვაძემ.

“რუსეთის რწმენა და თავდაჯერებულობა მტკიცდება, უკრაინას კი ახალი პრობლემები უჩნდება”-The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რუსეთის რწმენა და თავდაჯერებულობა მტკიცდება, უკრაინას კი ახალი პრობლემები უჩნდება“ (ავტორი – ენდრიუ კრამერი, კიევის ბიუროს ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინა ყველანაირი „შიმშილის“ წინაშე დადგა, ყველაფერი ამოეწურა: საბრძოლო მასალები, პირადი შემადგენლობა და დასავლეთის მხარდაჭერა. კონტრშეტევა, რომელიც ნახევარი წლის წინათ, ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო, ჩაიშალა. დიდი ხანია არ გასულა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიაში „ვაგნერელები“ და გენშტაბისტები ერთმანეთს აბრალებდნენ ფრონტზე შექმნილ რთულ მდგომარეობას, ახლა კი კრემლი „სიხარულით ცას სწვდება“, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეაჩერა და ომი პოზიციურ ბრძოლებად გადააქცია.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს შექმნილი კრიტიკული მომენტის შედეგებს ყველა ხედავს: გააფთრებული მრავალთვიანი ბრძოლების დროს მოსკოვი თავის ძალებში დარწმუნდა, კიევის პერსპექტივა კი პირიქით – ბურუსით არის მოცული.

ეს ტენდენცია ნათლად გამოჩნდა გასულ კვირაში, როცა ვლადიმერ პუტინმა უბოდიშოდ გამოაცხადა თავის გეგმებზე რუსეთის პრეზიდენტად ბალოტირების თაობაზე – კიდევ ექვსი წლით, თან შამპანურს მიირთმევდა და რუსეთის არმიის მიღწევებით ტრაბახობდა. მან ისიც განაცხადა, რომ უკრაინას, რომელიც მთლიანად გარე დახმარებაზეა დამოკიდებული, მომავალი არ აქვს.
ვლადიმერ პუტინის ასეთი თვითკმაყოფილების ატმოსფერო სრულიად განსხვავდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის უსაშველო და გამოუვალი მდგომარეობისაგან, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში იმყოფებოდა – იმ იმედით, რომ ამერიკელ კონგრესმენებს როგორმე დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე დაითანხმებდა [უკრაინისათვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზნით].

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით მდგარმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კანონმდებლები დახმარების პაკეტს არ დაამტკიცებენ, „ეს იქნება საუკეთესო საშობაო საჩუქარი ვლადიმერ პუტინისათვის , რომელიც სწორედ ამას ელოდება“.

მაგრამ უკრაინის ლიდერის ხვეწნა-მუდარამ პოზიტიური შედეგი არ გამოიღო – ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს. კონგრესში რესპუბლიკელები ძველებურად აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ უკრაინა დამატებით დახმარებას მანამ ვერ მიიღებს, სანამ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაცია აღკვეთილი არ იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევთან მიმართებით მისი სკეპტიციზმი არ შეცვლილა.

მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან წამოსული სიგნალები იმას მოწმობს, რომ ზეწოლა უკრაინაზე გაძლიერდება. კიევი ამჟამად თავდაცვით ბრძოლებზეა გადასული და მკაცრი ზამთრის პირობებში რუსეთის სარაკეტო დარტყმების მოსაგერიებლად ემზადება. როგორც ჩანს, ახლაც შარშანდელი სიტუაცია განმეორდება, როცა რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებს ბომბავდა. კიევი სასოწარკვეთილად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მთავარი მფარველის – აშშ-ის მხარდაჭერა, მაგრამ ვაშინგტონის ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიპყრობილი.
კიევის პერსპექტივას ართულებს არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსები, რომელიც უკრაინის მძაგებელს და პუტინის აპოლოგეტს წარმოადგენს.

გავიხსენოთ, რომ 2019 წელს მას იმპიჩმენტი ჰქონდა გამოცხადებული იმის გამო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეგავლენას ახდენდა – ტრამპს სურდა გამოძიება დაეწყო ჯო ბაიდენისა და სხვა დემოკრატების უკრაინაში ჩადენილი საქმეების თაობაზე.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან თითქმის 22 თვის შემდეგ საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინისადმი დახმარების სურვილი ამერიკელებში განუხრელად მცირდება, განსაკუთრებით რესპუბლიკელებში. (…) წყვეტა ამერიკული დახმარებაში ვლადიმერ პუტინის ძველ რწმენას განუმტკიცებს, რომლის მიხედვით, დადგება დრო და დასავლეთს გლობალურ კონფლიქტებში არც ჩარევის გაბედულება აღარ ექნება და არც რესურსი. მართალია, რუსეთმა ომის დაწყებისას თავდაპირველი მიზნები ვერ შეისრულა, მაგრამ შემდეგ კრემლმა თავისი ძალების გადაჯგუფება მოახდინა და დიდი მსხვერპლის ფასად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება მაინც მოახერხა.

„ვლადიმერ პუტინმა სურვილი ვერ შეისრულა – უკრაინის ხელისუფლება ურყევია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრემლი კარგად მოემზადა გაჭიანურებული კონფლიქტისათვის. პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსებს ამტანობისა და სიმტკიცის უნარი საკმარისად აქვთ“, – ამბობს ხანა ნოტე, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯეიმს მარტინის სახელობის ამერიკული ანალიტიკური ცენტრიდან.

რუსეთმა შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება მოახდინა, აფართოებს და ზრდის იარაღის წარმოებას, დამატებით ყიდულობს აგრეთვე ირანისაგან და ჩრდილოეთ კორეისაგან… და ეს ყველაფერი კეთდება გაჭიანურებული ომისათვის, რომელიც თვეები და წლებიც შეიძლება გაგრძელდეს. ამასობაში უკრაინა სასოწარკვეთილებით ცდილობს დასავლეთისაგან იარაღის მიღებას, მისი [დანგრეული] ეკონომიკა ვერ ახერხებს საომარ რელსებზე გადასვლას და რაც მუშაობს, ისიც დიდი შეფერხებით.
ამასთან, ექსპერტების თქმით, რუსეთს, თავისი უპირატესობის მიუხედავად, კიდევ ერთი დიდი შეტევის განხორციელება კიევისაკენ და უკრაინის სხვა მსხვილი ქალაქებისაკენ უკვე აღარ შეუძლია. უკრაინამ მოასწრო თავდაცვის ხაზის მშენებლობა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. შესაბამისად, თუ რუსეთი შეტევას გააგრძელებს, კრემლი დიდ დანაკარგებს განიცდის. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც კარგად გააცნობიერა შარშანდელი მობილიზაციის ავ-კარგი, როგორც ჩანს, მომავალი წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არმიაში გაწვევისათვის გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს.
„ამ ომის დროს ჩვენ დავინახეთ იმის დადასტურება, რომ თავდამცავ მხარეს, როგორც წესი, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს“, – ამბობს სტივენ პაიფერი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

ანალიტიკოსების აზრით, ზაფხულ-შემოდგომის კონტრშეტევის კრახის შემდეგ დასავლეთს აღარ აქვს უკრაინისათვის იარაღის მარაგის შევსების ადრინდელი შესაძლებლობა, ამიტომ კიევის მხრიდან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტევის დაგეგმვა-განხორციელება უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელი აღარ არის.
მართალია, აშშ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში სიძნელეებს განიცდის, მაგრამ ვაშინგტონი კვლავ რჩება მთავარ სპონსორად, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები – კონგრესმენების შეხლა-შემოხლა უკრაინის გამო – კიევს ანერვიულებს.

„უკრაინელები ეჭვობენ – ხომ არ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს გვაიძულოს იარაღის დაყრაზე და სამარცხვინო ზავის დადებაზე?“, – აცხადებს იური მაკაროვი, ჟურნალ „უკრაინსკი ტიჟდენის“ პოლიტიკური მიმომხილველი, – „ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე გავანადგურეთ რუსეთის პროფესიული არმია, რომელიც ბოლო დრომდე ამერიკის მთავარი მტერი იყო, ეს არაფერს ნიშნავს? რატომ არ იღებს ამ ფაქტს მხედველობაში ვაშინგტონი?“.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კონტრშეტევის კრახმა უკრაინაში პოლიტიკური რყევები გაამწვავა, განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და არმიის სარდლობას შორის. ჯერ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში, რომ ომი ჩიხში შევიდაო (ამით მან პრეზიდენტზე – უმაღლეს მთავარსარდალზე მიანიშნა, რაც „ზემოთ“ კარგად გაიგეს), შემდეგ კი თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ „შეახურა“ გენერალი და მიანიშნა, რომ სწორედ გენერალიტეტის ბრალი იყო ომის ჩიხში შესვლა… მოკლედ, ამის შემდეგ ზელენსკი და ზალუჟნი ერთად არავის აღარ უნახავს.

არის იმის წინაპირობები, რომ ამ ზამთარს რუსეთი შარშანდელზე უფრო აქტიურად იმოქმედებს. კრემლმა უკვე გააქტიურა ავდეევკაზე იერიშები და ქალაქი თითქმის ალყაში მოაქცია, გააფართოვა შეტევა აღმოსავლეთის ფრონტზე, რასაც უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსაბდრ სირსკიც ადასტურებს. როგორც ჩანს, საომარ მოქმედებებზე რუსეთის უპირატესობა არტილერიაში აუცილებლად აისახება: დღეისათვის საბრძოლო მასალებით უკმარისობის გამო „მოშიმშილე“ უკრაინელები დღეში 4-დან 5 ათასამდე ჭურვს ისვრიან, რუსები კი 20 ათასს.
ამერიკამ უკრაინას ორ მილიონზე მეტი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი მისცა. ვაშინგტონმა ასევე უშუამდგომლა კიევს სხვა ქვეყნებისგან იარაღის მიღების თაობაზე. მაგრამ რადგანაც მაღალი ინტენსივობის საარტილერიო ბრძოლებს არავინ ელოდებოდა, დასავლეთის ქვეყნებშიც აღარ არის მარაგები დარჩენილი. უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისათვის რაკეტების დიდი რაოდენობა ჭირდება, რომ რუსულმა დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა უკრაინის დედაქალაქისა და სხვა მსხვილი ქალაქების „ცის გუმბათი“ არ გაარღვიონ.

მართალია, ამერიკა ამ სფეროშიც დაეხმარა უკრაინას, მაგრამ ამოუწურავი არაფერი არ არის.
გარდამტეხი მომენტი იმ დროს დადგება, თუ რუსეთი ისარგებლებს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაში გაჩენილი ნარღვევებით და დაბომბავს სამხედრო ობიექტებს, აეროდრომების ჩათვლით და მწყობრიდან გამოიყვანს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას – უფრო მეტად, ვიდრე ამას გასულ ზამთარს აკეთებდა. ამით უკრაინა კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება დასავლეთის დახმარებაზე.

უკრაინას ცოცხალი ძალის უკმარისობის პრობლემაც გაუჩნდა. კიევი საიდუმლოდ ინახავს როგორც მობილიზაციის მასშტაბებს, ასევე დანაკარგების რაოდენობას, მაგრამ როგორც ბატალიონის ყოფილი მეთაური ევგენი დიკი ამბობს, უკრაინის არმიას მომავალ წელს ყოველთვიურად 20 ათასამდე ახალგაზრდის გაწვევა მოუწევს – მოკლულებისა და დაჭრილების ჩასანაცვლებლად, აგრეთვე როტაციისათვის. „ყველაფერს ვერ აღადგენ. სამხედრო ეშმაკობებსაც და ტყუილებსაც აქვთ თავიანთი ზღვარი. ციფრები ციფრებად, მაგრამ ზოგიერთი დანაკლისის რეალურად აღდგენა შეუძლებელია“, – ამბობს ყოფილი ოფიცერი.

წყარო