2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

21
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 14 246.6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით.

გარდა ამისა, 2022 წლის განმავლობაში მოპოვებულია 36.6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, რაც 2021 წელთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტია, 146.3 ათასი ტონა ქვანახშირი, რაც წინა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით ჩამორჩება და 14.6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი – კლებამ წინა წელთან შედარებით 8.8 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 11.4 პროცენტით შემცირდა და 1 113.5 ათასი მ3 შეადგინა. წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი – 78.1 პროცენტი მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია 13.3 პროცენტით, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

უწყების ინფორმაციით, 2022 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 385.5 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2022 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 361.0 მილიონი მ3, რაც წინა წელთან შედარებით 20.0 პროცენტით მეტია, ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 528.7 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2021 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება 9.4 პროცენტით გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში. მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 375.4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტია. ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 41.8 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები – 27.1 პროცენტით და ელექტროენერგია – 22.2 პროცენტით. წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.5 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.4 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.

2022 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 31.1 და 30.4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 18.1 პროცენტი – მრეწველობის, 4.3 პროცენტი – მშენებლობის, 0.6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.