ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ასე არ იქნება, ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს მხოლოდ ღირსებით უნდა დამსახურებული წარმატების მიღწევა.
„ჩვენი ერთგვარი, ბუნებრივი სლოგანია – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. ჩვენ გვინდა, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. ვინმეს თუ სხვაგვარად წარმოუდგენია ეს პროცესი, წარმოუდგენია ისე, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეს ასე არ იქნება.
თქვენ გახსოვთ, ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოხატავს მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობას“ საქართველოში. გიორგი ბურჯანაძემ გაახმოვანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მათი პატრონების გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავდგებოდით ცალ ფეხზე, რადგან, როგორც კი დადგები ცალ ფეხზე, ძალიან მარტივად წაგაქცევენ და ეს იყო ამ ადამიანების მიზანი და სურვილი. ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა დამსახურებული წარმატების მიღწევა. ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ამოცანა, მხოლოდ ღირსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უამრავი ტყუილი ვრცელდებოდა, შემდეგ კი, შეცვალეს რიტორიკა.
„ხალხს ატყუებდნენ, რომ სტატუსთან დაკავშირებული იყო ფინანსური, ეკონომიკური სარგებელი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. არავითარი ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი არ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გარშემო სხვადასხვა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.
რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, მათ შორის კახა კალაძის განცხადებას, ის უკავშირდებოდა სწორედ ჩვენს საერთო სულისკვეთებას. მხოლოდ ღირსებით გვინდა იმ წარმატების მიღება, რომელსაც ვიმსახურებთ. ღირსების გარეშე არავითარ სტატუსს არავითარი ფასი არ ექნებოდა, მაგრამ ჩვენ ღირსებით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი და ასეთ ვითარებაში სტატუსს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.