Home Blog Page 1890

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაცის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან.

საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ.

შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისათვის.

“საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ფარცხალაძე მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა”

ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასეთ რამეს იძიებდეს, აბსოლუტურად ბუნებრივია, ამიტომ აშშ-ს ელჩის განცხადება ლეგიტიმურია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა.

„ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ფარცხალაძე საკუთარ თავს არ წარმოადგენდა ამ საქმეში, ის წარმოადგენდა რეჟიმს, ეს არის პრობლემა. ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სახეა და მის დავალებებს ასრულებდა. საჯაროდ იყო ცნობილი, რომ ის მოსკოვში წავიდა და იქ ჩვენი მტრისთვის ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას აკეთებდა. ჩვენი მოსახლეობის პასუხისმგებლობაა ეს ხელისუფლება გამოვცვალოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს ახალი ელჩის, რობინ დანიგანის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8932 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8836 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა”- ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება ინფლაციის მკვეთრი დასტაბილურება, რასაც, მისი თქმით, ხელი შეუწყო როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა კონსოლიდაციამ, ასევე საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ.

„პანდემიიდან მოყოლებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვნად დაირღვა მიწოდების ჯაჭვები, რამაც მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2021-2022 წლებში არსებული ინფლაცია, ძირითადად, განპირობებული იყო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის კომპონენტებით, რომლებმაც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების გამო, 2023 წელს ინფლაციის ტემპის შემცირებაში უკვე დადებითი გავლენა მოახდინეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

“ჩვენ არ გვაქვს რესურსი ვიმუშაოთ ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ გვაქვს რესურსი ვიმუშაოთ სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან – ერთადერთი, რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, რუსეთში ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

კობახიძე აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით, ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო და წითელი ჯვარი.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში, რატომ – იმიტომ რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი ემუშავა ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში. ერთადერთი, რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. დანარჩენზე გიპასუხებენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ კომპანია „ლიდერმა“ წარმოება გაზარდა

2022 წელს, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოებულმა კომპანიამ, სამკერვალო „ლიდერმა“ ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული წარმატების შედეგად წარმოება გააფართოვა, ახალი სოციალური მიზნები დაისახა,  ISO-ს სერტიფიკატი მოიპოვა და საექსპორტო ბაზარი გაზარდა. კომპანიის მიზნები და ბიზნესდაჯილდოების პროექტში მოპოვებულ წარმატებაზე „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიამბობს:

„კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს, გორში, მცირე ატელიეთი და სამი დასაქმებული ქალით დაიწყო. შემოსავალზე ორიენტირებულობის გარდა, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საწარმოს სოციალური დანიშნულება მიზნები ჰქონოდა. გვინდოდა, დავხმარებოდით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალებს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა  ჭრა-კერვა და ამგვარად გაგვეძლიერებინა ისინი ფინანსურად და სოციალურად.

თავდაპირველად გადავამზადეთ 7 იძულებით გადაადგილებული ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენსავე საწარმოშივე დავასაქმეთ. ჭრა-კერვის გარდა, ამ ქალებს ვასწავლეთ ყველაფერი, რაც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაში დაეხმარებოდა. ამით, ერთი მხრივ, ეს ქალები გავაძლიერეთ, მეორე მხრივ კი შევქმენით კვალიფიციური კადრები ჩვენივე ბიზნესისთვის. ამ მიმართულებისთვის არც შემდეგ გადაგვიხვევია.

დღემდე გადამზადებული გვყავს 416 ქალი, ამათგან 45% უკვე დასაქმდა –  ნაწილი ჩვენთან, ნაწილი სხვა საწარმოებში, ნაწილმა კი თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.

ჩვენს საწარმოში მუდმივად ვამზადებთ 30 ქალს. ეს უწყვეტი პროცესია. ამ სოციალურმა აქტივობებით „ლიდერი“ ძალიან  კარგად პოზიციონირდა ბაზარზე – ჩვენით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლები, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კომერციულ ორგანიზაციებთან. ამასთანავე, გაიზარდა კორპორაციული კლიენტების რაოდენობაც.

ასე გავხდით ისეთი დიდი კომპანიების პარტნიორები, როგორიცაა „თეგეტა“ და „ვისოლი“.

პარალელურად სულ ვმუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც. ჩვენ ვართ ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წარმოების, არამედ 35 სხვა საწარმოს ნარჩენებსაც გადაამუშავებს და მისგან ახალ პროდუქციას ქმნის. გასული წლის განმავლობაში 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ.

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მეორედ მივიღეთ მონაწილეობა და ამჯერად კიდეც გავიმარჯვეთ. ჯილდო მოგვენიჭა ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“. ეს იყო პირველ რიგში უდიდესი აღიარება და დიდი მოტივაცია, რადგან ერთია, შენი სურვილით, ენთუზიაზმით რომ აკეთებ რაღაცას და  მეორეა, როცა ვიღაც ამჩნევს და აღიარებს ამ შრომას. ეს გამარჯვება უდიდესი მოტივაცია იყო მთელი გუნდისთვის.

გარდა მოტივაციისა, ამ ჯილდომ ფინანსური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდი წარმატება მოგვიტანა: გავზარდეთ წარმოება, დამატებით დავასაქმეთ 17 ადამიანი, გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზარი – თუ მანამდე ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 30% გადიოდა საზღვარგარეთ, ახლა ექსპორტმა 75%-ს გადააჭარბა.  ამ ჯილდოს აღება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა რეპუტაციულადაც, რაც პირდაპირ აისახა რიცხვებზე.

„თიბისი ბიზნესისთვის“ დიდი ხანია იქცა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ვგრძნობთ, რომ გვერდით გვყავს ძალიან დიდი და საიმედო კომპანია, რომელიც ბიზნესს ზრდის და ეხმარება განვითარებაში. ეს ძალიან დიდი ბიძგია ბიზნესისთვის ზოგადად და მცირე ბიზნესისთვის  განსაკუთრებით.“

R

“თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს”

შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ აშშ-ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია- ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს,- ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს.

„საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდა მცდელობა, შეგვექნება საგამოძიებო კომისია დასანქცირებულ მოსამართლეებზე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი არის ის, რომ ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს საგარეო პოლიტიკასთან, რაც არ ხდება. ეს დათქმა არის სერიოზული დათქმა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ იმას, რომ ფარცხალაძე, რომელიც არის „ეფესბეს“ აგენტი თავისუფლად გადაადგილდება. გარდა ამისა, შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ აშშ-ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია. ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს. ხელისუფლება უნდა ესმოდეს ძალიან მარტივი რამ – 15 დეკემბერს გადაწყდება, მოხდება თუ არა კანდიდატის სტატუსის ფორმალიზება. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ეს არის პირველი ეტაპი. თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს, ასევე ჩვენი პარტნიორების და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, დიდი შანსია სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, არის პირდაპირი მესიჯი, რომ დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი”

ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან, რომ გაჩნდეს პირდაპირი მესიჯი – დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და “გაუგებარია, რატომ გააჩინა ის უმრავლესობამ“.

სამნიძის თქმით, შესაძლებელია ისეთი კამპანიის წარმოება, რომ მოქალაქეებმა თანამედროვე პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აიღონ და არჩევნებზე ძველი პირადობის მოწმობების გამოყენება არ მოხდეს.

„ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. როცა ვლაპარაკობთ, რომ სისტემა გაუმჯობესდა, საზოგადოებას ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობას ვაძლევთ და ნაბიჯი გადავდგით წინ, ახლა უკან დაბრუნება და ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან, რომ გაჩნდეს პირდაპირი მესიჯი, რომ დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა სამნიძემ.

77 მომხრე, 7 – წინააღმდეგი – პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც არაელექტრონული – ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.

ამასთან, კენჭისყრის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს ფრიდონ ინჯიას კანონპროექტზე შემდგომი კონსულტაციები და ალტერნატიული ინიციატივების წარმოდგენა შესთავაზა.

“საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა” – ფინანსთა მინისტრი

საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში საქართველო იყო ფისკალური დისციპლინით გამორჩეული ქვეყანა და ვალი ნარჩუნდებოდა უსაფრთხო დონეზე.

„სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ პანდემიის გამოწვევისთვის გვეპასუხა შესაბამისი ფისკალური ხარჯებით და ეს ყველაფერი ისე მოვახერხეთ, რომ ხელი არ შეგვეშალა პოსტ-კრიზისული აღდგენისათვის. ჩვენ რეკორდულად დაბალ დროში შევძელით, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა. მთავრობის ვალის დონე, რომელიც 2020 წელს 60-პროცენტიან ნიშნულს გადასცდა, 2024 წლისთვის 38%-მდე მცირდება. ეს არის 3 წლის განმავლობაში ვალის დონის 20 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში. ჩვენ ვაჩვენეთ ფისკალური კონსოლიდაციის ის იშვიათი მაგალითი, როდესაც 2 წელიწადში სრულად აღდგა ვალი უსაფრთხო დონეზე (40%-ზე დაბალ ნიშნულზე), და ამავდროულად, ხელი არ შეგვიშლია ეკონომიკური ზრდისთვის. მეტიც, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანა ერთგული რჩება ვალის პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნის.

„საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ვისახავთ ვალის დოლარიზაცია 65 პროცენტს ქვემოთ შევამციროთ, რაც განსაზღვრულია, ასევე, საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ უკვე შევძელით ეს მაჩვენებელი 80 პროცენტიდან 72 პროცენტამდე ჩამოგვეყვანა და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, გავაგრძელებთ ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავზარდეთ გამოშვებები და გაიზარდა ბაზრის ლიკვიდურობაც. საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი მიზანია, საქართველოს ვალის პორტფელი მოვამზადოთ საერთაშორისო ინდექსებისათვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ერთი მხრივ მთავრობის ვალი შევინარჩუნოთ უსაფრთხო დონეზე და ამავდროულად, შესაძლებელი იყოს რესურსების მობილიზება მომდევნო წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

მისი თქმით, 2024 წელს დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია მშპ-ის 2,5%-ის ოდენობით და სწორედ ამ დეფიციტის მიხედვით არის დათვლილი ნაერთი ბიუჯეტის საფინანსო რესურსი. ბიუჯეტის მთავარ წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, თუმცა გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია გრანტები – 361 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები – 1 მილიარდ 920 მილიონი ლარი; პრივატიზაცია – 350 მილიონი ლარი; სესხების დაბრუნება – 270 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა განმარტა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, 2 მილიარდ 532 მილიონი ლარით იზრდება და 21 მილიარდ 942 მილიონ ლარს შეადგენს.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო.

აღსანიშნავია, რომ დღგ-ის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში გრძელდება და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა 2,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლები სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადი – 6 მილიარდ 885 მილიონი ლარი; მოგების გადასახადის სახით, დაგეგმილია 2 მილიარდ 583 მილიონი ლარი, სადაც ასახულია, როგორც საფინანსო სექტორის განახლებული მაჩვენებლების შესაბამისად პროგნოზირებული თანხა, ასევე, პარლამენტში ინიცირებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის შედეგად მისაღები დამატებითი შემოსავლებიც; დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები აღემატება 9 მილიარდ 121 მილიონ ლარს; აქციზის სახით პროგნოზირებულია 2 მილიარდ 365 მილიონ ლარზე მეტი; ქონების გადასახადის პროგნოზი შეადგენს 650 მილიონ ლარს; იმპორტისა და სხვა გადასახადების სახით, ჯამურად, დაგეგმილია 337 მილიონ ლარზე მეტის მიღება.

“ტურიზმის აღდგენამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში”

ტურიზმის აღდგენამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ ზრდას განაგრძობს და მხოლოდ 2023 წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ტურიზმიდან იმდენივე შემოსავალი მივიღეთ, რაც 2019 წელს მთლიანად და 28 პროცენტით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ ცხრა თვეში. ჩვენი შეფასებით, ტურიზმი მომდევნო წლებშიც გააგრძელებს დადებითი წვლილის შეტანას როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ისე საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

პარლამენტმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. 82-ხმით ერთხმად, მესამე მოსმენით, მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში ნარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ცვლილებებით, პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავალდებულო წესით, მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენს. რაც შეეხება სხვა დანარჩენი უწყებების ყოველწლიურ ანგარიშებს, ის განსახილველად წამყვან კომიტეტს გადაეცემა, ხოლო პლენარულ სხდომაზე კომიტეტის, ფრაქციის ან ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში გავა.

ამავე პროექტით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება. პროექტით ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხიც რეგულირდება. კერძოდ, თუ გარკვეული მიზეზის გამო პრეზიდენტი პირველ სხდომაზე არ იქნება, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება – ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შვიდი ვიცე-სპიკერი ეყოლება. რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.