“საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!” – პაველ ჰერჩინსკი

61
spot_img

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ, „საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება. ელჩმა შეკრებილ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა, ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას. გილოცავთ მედიას, მაგრამ უპირველოს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე, როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი.

დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.

საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის? წინ, საქართველო, წინ!“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.