Home Blog Page 1890

“უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემიისა არ იყოს, დასრულდება სწორედ მაშინ, როდესაც ათვისებული და გადამუშავებული იქნება ამ ომისთვის გამოყოფილი უკანასკნელი ცენტი”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ერთ-ერთი საინტერესო ფენომენის – „ფობიანომიკის“ შესახებ სოციალურ ქსელში მიმოხილვას აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი განმარტავს, ეს ფენომენი გულისხმობს „შიშებით ვაჭრობას“. მას არცთუ ისე შორეულ წარსულში უკავშირდება – პანდემიის პერიოდი, ახლა – რუსეთ-უკრაინის ომი, ხოლო მომავალში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დაუკავშირდება.

„ერთმა საინტერესო ინგლისურმა სიტყვამ: „Fearnmonger“ (შიშების გამყიდველი), წარმოშვა მეტად საინტერესო ფენომენი – „ფობიანომიკა“. ეს ფენომენი მართავდა მსოფლიოს პანდემიის დროს, როდესაც სიცოცხლის/ჯანმრთელობის მასობრივი დაკარგვის შიშებით ხდებოდა ასობით მილიონობით ადამიანის „დაშანტაჟება“. ამის გასანეიტრალებლად გამოყოფილი და ათვისებული იქნა ასობით მილიარდობით თანხა. შემდეგ, როდესაც გამოყოფილი ფულის ათვისება წარმატებულად დასრულდა – დასრულდა პანდემიაც. „ფობიანომიკა“ განაპირობებს ამჟამინდელ მსოფლიო სამხედრო ბიუჯეტებსაც. სწორედ ამ მოტივაციით ითხოვენ „შიშებით გამყიდველები“ ამერიკის კონგრესისაგან მორიგ 66 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ითხოვენ „დაშინებით“ – თუ არ გამოყოფენ, რუსეთი გაიმარჯვებს.

უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემიისა არ იყოს, დასრულდება სწორედ მაშინ, როდესაც ათვისებული და გადამუშავებული იქნება ამ ომისთვის გამოყოფილი უკანასკნელი ცენტი. ამერიკული 66 და ევროპული 50 მილიარდი მხოლოდ გაახანგრძლივებდა ამ თანხების ათვისებისა და შესაბამისად, ომის გაგრძელების პერიოდს. ასე რომ, ჰორიზონტზე რეალურად ჩნდება ამ ომის დასრულების კონტურები. მაგრამ, არც ესაა პრობლემა: „ფობიანომიკის“ დაინტერესების უფრო მსუყე სფერო – „კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაა“, რასაც უკვე, ალბათ, ტრილიონობით დოლარის ათვისება დასჭირდება. შუალედებში კი, არავის არ გაუუქმებია არც რომელიმე ახალი პანდემია, ან სადმე ახალი ომი. მით უმეტეს, რომ „შიშებით გამყიდველებმა“ მომხმარებელი კაცობრიობა ამისთვის უკვე მოამზადეს და „ფობიანომიკის“ მძევლებად გახადეს: „ნუ გეშინიათ, როდის არ გადაგვირჩენიხართ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“გენოციდი, რაც პალესტინასა და ღაზაში ხდება, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას ღაზაში შექმნილ ვითარებას გენოციდი უწოდა.

იბრაჰიმ რაისის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინის ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვა.

„პალესტინასა და ღაზაში რაც ხდება, რა თქმა უნდა, არის გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“, – აღნიშნა იბრაჰიმ რაისიმ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტს კრემლში უმასპინძლა, სადაც ღაზაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი და ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით, რუსეთისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ძალისხმევა განიხილა.

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას ტოვებს. გადაწყვეტილების შესახენ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო პრინციპები, მაგრამ მიიღო “ყრუ კედელი”.

მელიას შეფასებით, შეიქმნა “მოჯადოებული წრე” და “მანკიერ წრეში” დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.

ნიკა მელიას თქმით, მაშასადამე, მიდის წინ მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში.

ამასთან, მელიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა და დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება, საქართველოს უკარგავს განვითარების პერსპექტივას და ართმევს მომავალს. მომავალს, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს გაცილებით უკეთესი, ვიდრე აქვს აწმყო.

ვიბრძოდი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქუჩიდან, საერთაშორისო პლატფორმებიდან და ციხის საკნიდან. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც ილახებოდა ხალხის თავისუფლება.

ამ პროცესში არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხის და ჩემი ქვეყნის ინტერესისა.

11 წლის თავზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, მხოლოდ ფულსა და არაფორმალურ ინტერესებზე, გვაქვს გახრწნილი პოლიტიკური სისტემა, სადაც გასაქანი არ ეძლევა პატიოსნებას, წესიერ, გამოცდილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ზნეობრივ და გულწრფელ პოლიტიკას, იდეალისტებს.

მოსყიდვა და პოლიტიკური ვაჭრობა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის საფუძველი და სამწუხაროდ, თამაშის ეს წესები მიიღო პოლიტიკოსების არცთუ ისე მცირე ნაწილმა.

ისინი ცდილობენ ამორალურობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, პოლიტიკაში წარმატების წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი;

დღეს ბევრი თქვენგანი ფიქრობს, ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, მაღაზიაში – კი არ ვარგა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ვერ მოერევი, ცუდია, მაგრამ ფული აქვს ბევრი და ვერ მოერევი.

მე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, უღირსობის უღირსობით, პოლიტიკური კორუფციის დამარცხება შესაძლებელია პოლიტიკური კორუფციით, არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა მარცხდება პოლიტიკური ვაჭრობით. მე მჯერა, რომ სისტემური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება სუფთა წარსული, რეპუტაცია, ცოდნა,პატიოსნება, გამბედაობა – აი, ეს არის გამარჯვების ახალი გზა და არა პოლიტიკურ ვაჭრობებში ჩართვა, ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები, ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შენარჩუნებულიყო (გაემარჯვა ამ პრინციპებს) ეს პრინციპები, მაგრამ მივიღე ყრუ კედელი.

შეიქმნა მოჯადოებული წრე, რომელიც ითვალისწინებს ყველას ინტერესს, გარდა ხალხის ინტერესისა. ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე.

პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი დღეს არის ფული, მე კი მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, სიტყვის ფასი, გულწრფელობა.

სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობა

ვიცი რა ხდება თქვენს გულებში, ჩემს გულშიც იგივე ტრიალებს. თქვენ რომ დაკარგეთ ნდობა პოლიტიკური კლასის, მეც ასევე დავკარგე პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ნდობა. ახლა მაქვს ორი არჩევანი – ან ვითვალთმაქცო ისე როგორც უმეტესობამ, მოვირგო ეს ნიღაბი და ნიღბით ვიყო, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, საკუთარ თავთან და თქვენთან მართალი. ან უნდა მივიღო პოლიტიკური კორუფციული თამაშის წესები ან დავრჩე ხალხთან და ერთად შევცვალოთ ეს თამაშის წესები.

დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ყოველთვის იმაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ვინმემ შეიძლება ხალხი იყიდოს. მართალი ხალხი – არ იყიდება, ჩვენ კი პოლიტიკაში მათთვის სივრცე უნდა გავაჩინოთ.

ყველა ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში იქნება, მიიღებს ინდივიდუალურ, სინდისით ნაკარნახებ გადაწყვეტილებას და ვიქნებით ძალიან ბევრნი, სწორი ადამიანების ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ მომავლისკენ და დავამარცხებთ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას.

მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში.

ამ ქვეყანაში ოლიგარქიას სურს დაწეროს საქართველოს ისტორია, მაგრამ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების შესამოწმებლად ისრაელი ომის დაწყებიდან პირველად გახსნის კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტს” – მედია

ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების შესამოწმებლად ისრაელი ომის დაწყებიდან პირველად გახსნის კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება მოქმედებაში რამდენიმე დღეში მოვა და განკუთვნილია იმისთვის, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაიზარდოს.

ამჟამად ისრაელი ისრაელ-ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ნიცანას პატარა სასაზღვრო პუნქტზე ამოწმებს ყველა სატვირთო მანქანას, სანამ ისინი ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო პუნტისკენ გაემგზავრებიან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისრაელი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურას სატვირთო მანქანების გადასამოწმებლად გამოიყენებს, მაგრამ ღაზაში შესასვლელად მათ მაინც რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლა მოუწევთ.

კახა კალაძე ქართველ ებრაელებს და ისრაელის მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველ ებრაელებს და ისრაელის მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო. მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ისრაელის ყველა მოქალაქეს. ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ – გამარჯვებას და განვითარებას. მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს“, – წერს კახა კალაძე.

“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს:

“მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?

თუ ხაზარაძესავით, ამერიკაში მიწვდენილი ხმის ექო, უკან დოლარებით რომ უბრუნდება?! და ეს ჩიტები? ამბები რომ მიაქვთ-მოაქვთ! რა ხმაზე გეჭიკჭიკებიან?

თქვენ მშობლიურ ევროპულზე თუ გაღმა ნაპირის ენა ურჩევნიათ?” – წერს გოგა ხაინდრავა.

“უკრაინის გარშემო დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის კავშირი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარნა სჟიგმონდის შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს კანდიდატის სტატუსის საკითხზე და უნგრული მხარისგან მყარი მხარდაჭერა მიიღო.

„საუბარი გვქონდა ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსის თემაზე. უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც სტატუსის მიღებას ეხება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვხატოთ რწმენა, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება სტატუსი და უნგრეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება. მიმოვიხილეთ გასულ წელს მომხდარი მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა სტატუსი ყველა თვალსაზრისით. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ეს ეხება დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურს და უსაფრთხოებას. შარშანაც ვიმსახურებდით და წელსაც ვიმსახურებთ სტატუსს. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეალურად, არ არსებობს კავშირი უკრაინის გარშემო განვითარებულ დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი და განცალკევებულად განიხილებოდა, წელსაც განცალკევებულად მოხდება. ამიტომ, უკრაინის საკითხის ჩვენს საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება ნატო-ს პირობებს? რას გააკეთებენ ისინი?..

ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ სენატს მოვუწოდებ რამე ქნას, და სწორი რამ – მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი”, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათს უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა.

“გახარიას უსაფუძვლო განცხადებები მიუთითებენ თუ როგორ შეიძლება იქცეს პოპულარული პოლიტიკოსი შარახვეტია პოლიტიკანად”

„მოღალატე გიორგი გახარიამ უკვე აღარ იცის ვის მიჰბაძოს სასოწარკვეთილ რადიკალურ ოპოზიციაში. თაღლითების კანტორა „ლელოს“ ე.წ. „მუქარის წერილებში“ თუ რუბლოვნა ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის სამარცხვინო ტანდემს ე.წ.„მონების რეესტრში“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამგვარი უსაფუძვლო განცხადებები მიუთითებენ თუ როგორ შეიძლება იქცეს პოპულარული პოლიტიკოსი შარახვეტია პოლიტიკანად.

„მოღალატე გიორგი გახარიამ უკვე აღარ იცის ვის მიბაძოს სასოწარკვეთილ რადიკალურ ოპოზიციაში. თაღლითების კანტორა „ლელოს“ ე.წ. „მუქარის წერილებში“ თუ რუბლოვნა ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის სამარცხვინო ტანდემს ე.წ. „მონების რეესტრში“. პრემიერობიდან გაქცეული გახარიას ბოდვით, თურმე საქართველოს ბიუჯეტს ხრავენ ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წევრების ოჯახები. გახარიას ამგვარი უსაფუძვლო განცხადებები მიუთითებენ თუ როგორ შეიძლება იქცეს პოპულარული პოლიტიკოსი შარახვეტია პოლიტიკანად, როცა ზნეობასთან ხდება განშორება,“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“მჯერა, სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის”

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუს შეხვდა.

„მჯერა, ჩვენი რიგით მეხუთე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თავის მხრივ, კატერინა საკელაროპულუმ აღნიშნა, რომ ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ, დაიცვან მშვიდობა, სტაბილურობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, რაც სასარგებლო იქნება როგორც მათი ხალხებისთვის, ასევე რეგიონისთვის.

„ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა წელს გადაიტანეს, გახდა მიზეზი, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ რთულ პირობებში სოლიდარობის გრძნობა და ჰუმანურობის ჩვენება საერთო მახასიათებელია, რომელიც აერთიანებს ორივე ხალხს. ექვსი წლის გასვლის შემდეგ დღეს საბერძნეთში თქვენი ყოფნა ასახავს პოზიტიურ კლიმატს“, – აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია საბერძნეთში, რომლის მიზანსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. როგორც მედია წერს, მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, იქნება ეს საზღვაო საზღვრები თუ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის კვლევასთან დაკავშირებული უფლებები, გასული 50 წლის განმავლობაში თურქეთი და საბერძნეთი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვართან.

“საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი”

საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, 2 თვით ადრე გადადგება თუ 3 თვით ადრე გადადგება. მან უნდა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის კუთხით – გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი უკანონო, რუსული პატიმრობიდან , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში უნდა დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება

„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, 2 თვით ადრე გადაგდება თუ 3 თვით ადრე გადადგება. სალომე ზურაბიშვილმა ის უნდა გააკეთოს, რისი უფლებებიც მას გააჩნია და სწორედ მისი უფლება ქვეყანას მისცემს კიდევ ერთ შანსს, რომ ქვეყანა განვითარდეს – მან უნდა გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ეს არის მთავარი, მან უნდა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება. მის ყველა ნაბიჯს, რა თქმა უნდა, დავაფასებ, რომელიც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული, თუმცა მისი ქმედება ადგილზე არასაკმარისი კი არა, ბევრი რამ აკლია მას, რომ დამარწმუნებელი იყოს მისი ქმედება, რომ ის რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ სახეს და რეალურად უნდა მას ქვეყნის განვითარებას. გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია გავაკეთო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ის ყველა თავის უფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ის არ იყენებს ამ უფლებებს, მან უნდა დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება. თვითონ როდესაც საუბრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ამ დროს ამ რუსული რეჟიმის სასამართლოს მიერ გასამართლებული მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში. სწორედ ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა შეიწყალოს, არამედ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი უკანონო რუსული პატიმრობიდან“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა” – პუტინი

2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, გაოცებული იყო, როცა ეს ინფორმაცია მიიღო.

„დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ზეწოლის მიუხედავად, 2022 წლის მარტის დასაწყისიდან ამ წლის ნოემბრის ჩათვლით, რუსეთში უცხოური კომპანიების, რუსეთში მოქმედი უცხოური სტრუქტურების რაოდენობა არ შემცირებულა. წარმოიდგინეთ, თვითონ გაოცებული ვიყავი, როცა მონაცემები ვნახე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, 2022 წლის პირველი მარტის მონაცემებით, რუსეთში 24 000 უცხოური ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული, 2023 წლის პირველ ნოემბერს კი ეს რიცხვი 1,5 ათასით გაიზარდა.

„ეს ხომ რუსეთთან მუშაობის სურვილის მაჩვენებელია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ და სხვა ქვეყნების ინვესტორებთან კონტაქტები გრძელდება. ამასთან, როგორც პუტინი ამბობს, იმედს გამოთქვამს, რომ „საღი აზრი გაიმარჯვებს და თანამშრომლობა გაძლიერდება“.

„ინვესტორებს რაც შეეხება, ისინი ჭკვიანი ხალხია, მათგან განსხვავებით, ვინც მათ მეთაურობს. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მათთან უშუალო კომუნიკაციას პირად დონეზე. კონტაქტები ფაქტობრივად გრძელდება, მაგრამ მათ უბრალოდ პოლიტიკური დონიდან აბრკოლებენ შეძახილებით და მიღებული გადაწყვეტილებებით, არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს. მე ასე ვარ განწყობილი“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთში გამართულ ფორუმზე.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდა, სადაც მხოლოდ ძლიერ, სტაბილურ და სუვერენულ ქვეყნებს შეუძლიათ გადარჩენა.

„მსოფლიო შევიდა დრამატული ცვლილებებისა და სერიოზული გამოწვევების ეპოქაში არა მხოლოდ ცალკეული კომპანიებისა და ინდუსტრიებისთვის, არამედ მსოფლიოს მთელი ქვეყნებისა და რეგიონებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.