Home Blog Page 1889

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით დაკორექტირდა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იხილავს.

როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგლამენტი ამ მიმართულებითაც იცვლება და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტებით ჩანაცვლდება.

დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი.

როგორც ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სესიაზე განმარტა, კანონით დადგენილი კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის წევრების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე წესდება, რითაც კოეფიციენტების ზღართან მიახლოება 85%-ით ხდება.

რეგლამენტის პროექტის შეცვლილი ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრის გასამრჯელო შესაბამისი წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლით განისაზღვრება. პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრება:

პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8;

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2;

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0.

პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იზრდება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, დეპუტატების გასამრჯელო შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:

პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე – 9 500 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი

მოადგილე – 8 750 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8 500 ლარი;

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი;

გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

თიბისი კონცეპტი ვერა ფაღავას გამოფენის „მდუმარე ქალაქები“-ს ტურებზე გეპატიჟებათ

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს.  გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ჩანახატები, იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურებს და ტურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიეროთ ექსპოზიცია, გაეცნოთ ვერა ფაღავას შემოქმედებას და  მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები გაიმართება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში კ. მარჯანიშვილის  ქ. #7

  • 18 ნოემბერი, 17:00 საათი – გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 28 ნოემბერი, 19:00 საათი – გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 2 დეკემბერი, 17:00 საათი – ხელოვანის, ნინო ქვრივიშვილის ტური
  • 9 დეკემბერი, 17:00 საათი – ხელოვნებათმცოდნე, მარიამ დვალის ტური

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გამოფენა თიბისისა და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება და 2024 წლის 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კურატორი ნინა ახვლედიანი.

R

 

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციი, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში ,,ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.

„6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს – 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

“სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში არ უნდა” – ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა, ბოდიში, ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

„სახალხო პარტიასთან დიდ ბოდიშს ვიხდი და მათ მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმარია და თავსაც ძალიან ჯანმრთელად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგიდან მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, შეამოწმეს და ნახეს, რომ მშვენიერ პირობებშია, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ამბობს, ვისაც დავრდომილი გგონივართ, პუტინის ხალხი ხართო. გეგონება, ერთი წელი თავად არ გაჰკიოდა, მკლავენო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 72 მილიარდ ლარს გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 72 265.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 20.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 9.1 პროცენტით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და დამამუშავებელი მრეწველობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, მშენებლობა, სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და განათლება.

ამასთან, როგორც საქსტატის ანგარიშში წერია, 2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია – 59.1 პროცენტიანი წილით, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 10.8 პროცენტი; ტრანსპორტი და დასაწყობება – 24.7 პროცენტი; მშენებლობა – 16.5 პროცენტი; დამამუშავებელი მრეწველობა – 10.5 პროცენტი; ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 29.3 პროცენტი; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 14.6 პროცენტი. კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7 პროცენტი).

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე კლერ ოლბლესი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკისვრენიოს დრაკინოსი.

სხდომის მონაწილეებს ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა როგორც წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების, ისე, ზოგადად, საბჭოს საქმიანობის დინამიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითრეკომენდაციაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სხდომის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობაზე იმსჯელეს.

სხდომის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მათ შორის ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის გადავადების საკითხი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება და აღნიშნულ საკითხზე მთავრობა დაპარლამენტი აქტიურად იმუშავებს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და იმსჯელეს ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერმიღწეული პროგრესი და ის მსხვილი ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მთავრობისეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას”

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იმ მასპინძლობისთვის, რომელიც მათ ჩვენს მიმართ გამოიჩინეს. მე და ჩემი გუნდი საქართველოში დილით ჩამოვედით და როგორც იცით, ჩვენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტური გვაქვს. ჩვენ გავატარეთ ორი დღე აზერბაიჯანში და ახლა ორ დღეს საქართველოში დავყოფთ და შემდეგ ტურს სომხეთში გავაგრძელებთ, რათა გვქონდეს სრული სურათი აღნიშნული რეგიონის შესახებ, თუ რეალურად როგორია სხვადასხვა ჯგუფების ხედვა და რა სიტუაციაა ამ დროისთვის“, – განაცხადა პია კაუმამ.

პია კაუმამ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან გამართა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება მიულოცა.

„რა თქმა უნდა, მინდა მივულოცო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პოზიტიული ახალი ამბის მიღება. ჩვენ ყველამ ამის შესახებ გასულ კვირას გავიგეთ და გვსურს მივულოცოთ და მოვუწოდოთ საქართველოს, რომ აუცილებელი ნაბიჯები გადადგას, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ამას მივესალმებით, როგორც ევროკავშირი და როგორც ჩემი ქვეყანა ფინეთი. ასევე, მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და დავაფასო თქვენი პარლამენტის მუშაობა და იმ რეფორმების მართვა, რომლებიც თქვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განახორციელეთ“, – აღნიშნა კაუმამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა.

„მაგრამ ასევე, როდესაც საქმე ეხება არჩევნებზე დაკვირვებას, თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ ჩემი ორგანიზაცია OSCEPA არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საარჩევნო, სადამკვირვებლო მისიებს. ბოლოს ეს საქართველოში სამი წლის წინ გავაკეთეთ და იმედია, რომ მომავალ წელსაც მოგვიწვევენ. საქართველო არის OSCE-სა და OSCPA-ს ხანგრძლივი წევრი და ყოველთვის ძალიან აქტიური პარტნიორია, როცა საქმე ეხება დემოკრატიას, განვითარებასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებული დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა პია კაუმამ.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასა და თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ის ფაქტი, რომ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას იმყოფებით, როგორიც სამხრეთ კავკასიაა და თქვენ რეგიონულ სტაბილურობაში კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ თქვენს მიერ გატარებული რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანების ახალი გზა, რომელიც უახლოეს მომავალში გექნებათ“, – დასძინა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

“აზერბაიჯანი ყოველთვის ავლენდა სოლიდარობას პალესტინის საკითხთან დაკავშირებით” – ილჰამ ალიევი

ვიმედოვნებთ, ღაზაში დაძაბულობა მალე მოგვარდება, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მილოცვის ტექსტში, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის ავლენდა სოლიდარობას პალესტინის საკითხთან დაკავშირებით და მხარს უჭერს საკითხის გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით, გაერო-ს რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.

„ჩვენი ქვეყანა შემდგომშიც გააგრძელებს გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მხარდაჭერას“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

„ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

“ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 252.1 ლარი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 250.9 ლარი იყო, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა და ჯამში 252.1 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტბერში ერთი ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 223.3 ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.).

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

“ზოგიერთი ოპოზიციონერის სიცანცარე ჩემთვის აუხსნელია” – ალეკო ელისაშვილი

რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ყავის დასალევად არსად მივდივართ, ჩვენიც საკმარისი გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი კოლეგა აკეთებს.

„ჩვენთვის მაშინაც გაუგებარი იყო რაღაც ზედმეტი ფორიაქი, როცა ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყავის დასალევად არ შევიდოდნენ. ყავის დასალევად არსად მივდივართ, ჩვენი ყავაც საკმარისი გვაქვს. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მივიღებთ, რათა პირნათელი ვიყოთ ევროკავშირთანაც და ქვეყნის მომავალთანაც.

სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი ჩემი კოლეგა სჩადის. პარლამენტში რაც შემოვიდნენ, ყოველდღე იძახიან, უნდა გავიდნენ და სულ ბოიკოტში იყვნენ, ოღონდ რატომ, კაცმა არ იცის და სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ. ევროკავშირის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ერთად დასხედით და იმუშავეთო. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რამდენიმე საათი ჯდომა არ მეხალისება, მაგრამ ქვეყნის მომავალს ასე სჭირდება და ეს გვითხრეს. ზოგიერთი ოპოზიციონერის სიცანცარე ჩემთვის აუხსნელია. გამოვიდნენ და თქვეს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სტატუსი მოეცათო. შემოვიდნენ სამუშაო ჯგუფებში და ეს იქნება მათი მუშაობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა

16 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს დანიელ კოლეგასთან ლარს ლოკე რასმუსენთან.

„შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.