“უფლის ნებით, უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის მთავარი ოცნება” – პრემიერი

50
spot_img

ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და გამარჯვების მოპოვებაში.

„კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება, ევროკავშირის ელჩებს, ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში.

ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში.
კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. დიდი მადლობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.