Home Blog Page 1878

ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში დიმიტრი მედვედევის ვაჟი და ვლადიმერ პუტინის დისშვილი მოხვდნენ

ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის ფარგლებში, 61 ფიზიკურ პირსა და 86 ორგანიზაციას პერსონალური შეზღუდვები დაუწესა.

სანქცირებული პირების სიაში მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია, კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ცოლი ანა ცივილევა, რომელიც ვლადიმერ პუტინის დისშვილია, მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარე ალექსეი შაპოშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, იური ჩიხანჩინი, „ურალვაგონზავოდის“ დირექტორი ალექსანდრე პოტაპოვი, ბაშკირეთის ხელმძღვანელი, რადი ხაბიროვი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 წევრი და სხვა პირები. ევროკავშირში განმარტავენ, რომ ცივილევა დაკავშირებულია ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედვედევის შვილს კი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსული სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები და კერძო სამხედრო კომპანიები.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს.

“საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება, გაუგზავნოს მკაფიო მესიჯი ისრაელს, რათა შეწყვიტოს ხოცვა ღაზის სექტორში” – ერდოღანი

საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება, გაუგზავნოს მკაფიო მესიჯი ისრაელს, რათა შეწყვიტოს ხოცვა ღაზის სექტორში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას დებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის უფრო ფართოდ გავრცელლების თავიდან ასაცილებლად.

„თურქეთი მუშაობს ღაზაში ისრაელის სისასტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე“, – ამბობს ერდოღანი.

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვულკანმა ამოხეთქა. ამის შესახებ BBC წერს.

კრატერიდან ამოფრქვეული გავარვარებული ლავა ახლო მდებარე დასახლებებს საფრთხეს უქმნის, რის გამოც 4 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

ამასთან, ვულკანის გამო, რეიკიავიკთან ახლოს მდებარე საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეფერხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს. თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე ზაზა გოგავას კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.

„ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ მაქვს შესაძლებლობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასარჩევად წარგიდგინოთ ბატონი ზაზა გოგავა. ზაზა გოგავა არის ადამიანი, ვისთვისაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არის მისი საქმეც, მისი პირადიც და მთელი მისი ცხოვრებაც. ეს არის ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურა და ემსახურება საქართველოს! ეს არის ადამიანი, ვისაც, საქართველოს თავისუფლების, ერთიანობისა და ევროპული მომავლის დასაცავად, წლების განმავლობაში ფიზიკურად უბრძოლია. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სიყვარულით, საქართველოს დასაცავად გაიარა გზა რიგითობიდან გენერლობამდე, ისე, რომ არც ჯარში მსახურის დროს და არც შემდგომ, არასდროს შეუწყვეტია ყოფნა რიგით ჯარისკაცად. ის დღემდე ცხოვრობს ამ განცდით, რომ არის საქართველოს რიგითი ჯარისკაცი. ვინ, თუ არა ზაზამ, ყველაზე კარგად იცის, რა ძალა აქვს ერთობას, ერთმანეთის გაგებას და ერთიანი სულისკვეთებას. როგორი საჭიროა მუშაობისას და საქმის კეთებისას დისციპლინა და როგორ შეიძლება, სამშობლოსთვის ბრძოლაში თავგანწირვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თავად ზაზა გოგავა.

„თბილისი ყოველი ქართველისთვის ერთიანი საქართველოს მარადიული სიმბოლო და საფიცარი ხატია. ოდითგანვე საქართველოს სვებედი თბილისის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. თბილისი ყოველთვის იყო არამარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ცენტრი, ის იყო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე. მინდა, დავსვა შეკითხვა, თუ რა იყო მიზეზი, რატომაც დავით აღმაშენებელმა საქართველოს დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა? ეს იყო ერთიანი კავკასიური კულტურულ-პოლიტიკური სივრცის შექმნის იდეა, რამაც განვლილი ცხრა საუკუნის განმავლობაში წარმატებით იმუშავა. დღეს საქართველოს და შესაბამისად თბილისსაც, აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ, გამოწვევები შეგვიძლია და უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს. ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია, ტანჯავს საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციული, განაშენიანების გამოწვევები, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და კიდევ სხვა მრავალი… იმისათვის, რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისთვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ყველა თაობის წარმომადგენელთან ერთად და თბილისის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა თაობას უბრძოლია. უბრძოლია ზვიად გამსახურდიას, რომლის სახელსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. უბრძოლია და იბრძვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის სახელთანაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სხეულის ჩამოყალიბებაა დაკავშირებული. მინდა, მივესალმო უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილს, ვუსურვო ჯანის სიმტკიცე და მხნეობა. ჩვენ ვიბრძოლებთ ცვლილებებისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, თბილისი იყოს ერთიანი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო – საქართველოს დედაქალაქი“, – აღნიშნა ზაზა გოგავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მისი ახალი ინიციატივის შესახებაც გამოაცხადა, რომლის თანახმად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის პარალელურად, იქმნება თბილისის საზოგადოებრივი დარბაზი.

„იქნება დისკუსიები, დაიხვეწება იდეები, რათა თბილისი კვლავ დიდებულ ქალაქად ვაქციოთ. მე პირადად გპირდებით, რომ მუდმივად შევახსენებ, პირველ რიგში, ჩემს თავს და მერე ყველა თქვენგანს, რომ ჩვენ გვაქვს ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე და ახლა ამ ვალის დაბრუნების დროა. თბილისში ბევრმა საკუთარი წარუშლელი ნაკვალევი დატოვა და ჩვენ ქალაქს ვალი ერთი ასად დაუბრუნა. ამის ნამდვილი სიმბოლო ბუბა კიკაბიძეა, რომელმაც შექმნა დიდი ეპოქა და სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ იცავდა საქართველოსა და ჩვენი ქალაქის სახელს. თბილისი აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს დედაქალაქი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

ჩინეთში მიწისძვრას 116 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

„ბიბისის“ ცნობით, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას, სულ მცირე, 116 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიცენტრი განსუს პროვინციაში იყო.

როგორც „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, დაშავდა 186 ადამიანი, ხოლო დაზიანებულია 4 782 სახლი.

ადგილზე ათასობით მაშველია მობილიზებული.

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ გსურთ, რომ სასურველ შედეგებს მიაღწიოთ, სწრაფად და ინტუიციურად უნდა იმოქმედოთ. ეცადეთ, ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ და ახლობელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება სრულიად უწყინარი საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ.

კურო

გირჩევთ რთული, სტრესული დღისთვის მოემზადოთ. ფიქრში დრო არ დაკარგოთ – ამ დღეს სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება მოგიწევთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, იმ შანსით ისარგებლოთ, რომელსაც ბედი გიმზადებთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ.

ტყუპები

გაუფრთხილდით ურთიერთობებს. ეცადეთ, ადამიანებს შენიშვნებით გული არ ატკინოთ და თქვენ ირგვლივ განვითარებული მოვლენები მშვიდად მიიღოთ. ამ დღეს ბევრ ტყუპს მოუწევს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არ მოსწონს. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

კირჩხიბი

რთული და მრავალმხრივი ტენდენციებით გამორჩეული დღეა, ამიტომ ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საქმე სანანებლად გაგიხდეთ. კოლეგებთან ურთიერთობა საკუთარი შეცდომების დანახვასა და გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე სხვა მოგიგვარებთ. თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად იმოქმედეთ.

ლომი

ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ. უფრო მეტიც – შეიძლება ყველა ახლობელს ერთდროულად დასჭირდეთ და დახმარება გთხოვონ, ამიტომ დატვირთული დღისთვის უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა მნიშვნელოვან საქმეებს არ მოწყდეთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით – გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის დასვენება გჭირდებათ.

ქალწული

დაღლილობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გაამახვილოთ. მოსალოდნელი რისკები გათვალეთ და ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. არ დანებდეთ, თუნდაც მოვლენები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდნენ.

სასწორი

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ. ხელსაყრელი დღეა სახლის საფუძვლიანი დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთების მოცილებისთვის. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსებთ. სასურველია, რომ საღამო ახლო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ და თქვენთვის საინტერესო საკითხები განიხილოთ.

მორიელი

მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც დღეს გაიგებთ, მიმდინარე მოვლენების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე გავლენას მოახდენს. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ – ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ და რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭიროთ. ფრთხილად იყავით საბუთებზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გულწრფელობას უახლოეს ადამიანებთანაც კი უნდა ერიდოთ. არავის უამბოთ საკუთარ გეგმებზე. ბოლოს და ბოლოს, თქვენი უფლებაა, რომ საიდუმლო გქონდეთ. მშვენიერი დღეა სასიამოვნო შოპინგითვის და რომანტიკული პაემნებისთვის.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი ფიქრები და საზრუნავი საყვარელ ადამიანებს უკავშირდება. შესაძლოა, გაწუხებთ რამე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია თქვენი ოჯახის წევრთან ან მეგობართან და გამოსავალს ეძებთ. სანერვიულო არაფერია, უახლოეს დღეებში სირთულეებს დაძლევთ.

მერწყული

ამ დღეს საყვარელ ადამიანებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით – ეს თქვენს ურთიერთობებს გააძლიერებს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, კარგი იქნება, თუ სპორტული დარბაზის აბონემენტს შეიძენთ ან დეტოქს-პროცედურას ჩაიტარებთ. არახელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, ასევე საქმიანი მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.

თევზები

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ – ეს ახალი საქმიანობის პოვნაში დაგეხმარებათ. შეიძლება ისეთი რამით დაინტერესდეთ, რაზედაც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. დიდი ალბათობით, ამ დღეს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი იპოვით – მთავარია, სწორი კითხვები დასვათ.

როგორ აქცია პუტინმა დასავლური ბოიკოტი “ოქროს ფსკერად”- The New York Times

მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლურ კომპანიებს მოუწოდა, რუსეთი დაეტოვებინათ, ასობით კომპანიამ უპასუხა მის მოწოდებას, თუმცა ვლადიმირ პუტინს სხვა გეგმები ჰქონდა, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით როგორ აქცია პუტინმა დასავლური ბოიკოტი „ოქროს ფსკერად“.

გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ პუტინმა მსხვილი დასავლური კომპანიების რუსეთიდან გასვლა მოულოდნელ წარმატებად აქცია რუსეთის ლოიალური ელიტისა და თავად სახელმწიფოსთვის. მან გაყიდვის მსურველი კომპანიები აიძულა, ეს გაეკეთებინათ სასწრაფო გაყიდვის ფასად. მან შეზღუდა გაყიდვები მოსკოვის მიერ შავ სიაში შეყვანილ მყიდველებზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მფლობელებს კომპანიები ჩამოართვა.

გაზეთ The New York Times-ის გამოძიებამ დაადგინა, თუ როგორ აქცია პუტინმა მოსალოდნელი უბედურება გამდიდრების სქემად. გაზეთ The New York Times-ის მიერ ფინანსური ანგარიშების ანალიზმა ცხადყო, რომ დასავლურმა კომპანიებმა, რომლებმაც რუსეთიდან გასვლა გამოაცხადეს, 103 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი დააფიქსირეს ომის დაწყების შემდეგ. პუტინმა აღნიშნულ კომპანიებს მაქსიმალურად გამოსძალა რესურსები და რუსეთიდან გასვლის პირობები დაუწესა.

მან ასევე დაუქვემდებარა კომპანიების მიერ რუსეთიდან გასვლა მუდმივად მზარდ გადასახადებს, რის შედეგადაც, გასულ წელს რუსეთმა, სულ მცირე, 1.25 მილიარდი დოლარი მიიღო ომის ძალისხმევისთვის.

მაგალითად, ჰოლანდიურმა ლუდის კომპანია Heineken-მა გაზაფხულზე იპოვა მყიდველი და დაადგინა ფასი, თუმცა რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად უარყო შეთანხმება და კომპანიის რუსული ჰოლდინგი ჩააბარა რუსი სენატორის მფლობელობაში მყოფ კომპანიას.

“დღეს რუსეთში ძლიერი სამომხმარებლო სამყარო განაგრძობს ფუნქციონირებას, რაც პუტინს ეხმარება ნორმალურობის გრძნობის შენარჩუნებაში, მიუხედავად ომისა, რომელიც უფრო ხანგრძლივი, მომაკვდინებელი და ძვირადღირებული აღმოჩნდა, ვიდრე ის პროგნოზირებდა. უცხოური კომპანიების უმეტესობა რუსეთში რჩება. მათ არ სურთ დაკარგონ ის მილიარდები, რომელიც იქ ათწლეულების განმავლობაში ჩადეს”, – წერს გაზეთი The New York Times-ი.

პუტინის ეკონომიკურმა კონტრდარტყმებმა ხელი შეუწყო ელიტებს შორის მხარდაჭერის გაძლიერებას, რომლებიც ომისგან სარგებელს იღებენ, და ასევე შეამსუბუქა დასავლური იზოლაციის შედეგები. მაშინ, როდესაც უკრაინა დაკავებულია მოკლევადიანი იმპერატივებით, როგორიცაა საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება, რუსეთის ეკონომიკის შედარებითმა მედეგობამ პუტინს გრძელვადიანი თამაშის საშუალება მისცა.

გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ აქამდე გაუმჟღავნებელი დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგებები და ინტერვიუები რუსეთსა და ევროპაში გარიგებებში მონაწილე პირებთან აჩვენებს, რომ მოსკოვი ახლა რუსეთიდან კომპანიების თითქმის ყველა გასვლას მიკრომენეჯმენტის დონეზე მართავს. კომპანიები მოქმედებენ ბუნდოვან სისტემაში, რათა მიიღონ თანხმობა თავიანთი კომპანიების გასაყიდად.

მიუხედავად ამისა, კომპანიების რუსეთიდან გასვლის ტალღამ გავლენა იქონია. ამ პროცესმა გლობალური სიგნალი გააგზავნა, რომ რუსეთი ბიზნესის წარმოების კუთხით გარიყულია. რუსეთის ეკონომიკა დაძაბულ მდგომარეობაშია. პუტინის მიერ დასავლური კომპანიების გასვლის მართვამ მხოლოდ გააძლიერა რუსეთის იმიჯი, როგორც სახიფათო ადგილი ბიზნესის საწარმოებლად. რუსეთის ზოგიერთი მაღალჩინოსანიც კი აღიარებს, რომ შემცირებული კონკურენცია და შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებენ ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ყველა გარიგება არ არის წარმატებული. ზოგიერთ მყიდველს მკვეთრი დაბრკოლებები შეექმნება, რათა თავისი ახალი ბიზნესი მომგებიანი გახადოს. დასავლური კომპანიების გასვლის პროცესი დაშინებისა და ძალის გამოყენების მუქარას წარმოადგენს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ, თეთრი სახლიდან სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთი ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. პუტინისთვის სიტუაცია სავალალო ჩანდა. მოსკოვში საფონდო ბირჟა დაიხურა, ხოლო რუბლი მკვეთრად დაეცა.

თუმცა პუტინი თავის ფინანსურ პასუხს ამზადებდა. მან შეზღუდა ფულის მოძრაობა საზღვარგარეთ და მოითხოვა, რომ „არამეგობრული ქვეყნების“ კომპანიებს თანხმობა მიეღოთ თავიანთი ბიზნესის გაყიდვამდე.

ზოგიერთი კომპანია შეშფოთებული იყო, რა მოუვიდოდა მათ პერსონალს, ქარხნებსა და ტექნოლოგიებს, თუ ისინი ქვეყანას დატოვებდნენ. სხვებს არ სურდათ უარი ეთქვათ ინვესტიციებზე ომის გამო, რომელიც შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩენილიყო, თუმცა ზოგიერთმა კომპანიამ სწრაფად გამოაცხადა რუსეთის დატოვების განზრახვა.

საზეიმო განწყობა იყო ივლისში, როდესაც სანქტ-პეტერბურგის ლიფტების ქარხანაში რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი გამოჩნდა.

ქარხანა ეკუთვნოდა ლიფტების მსოფლიოში უდიდეს კომპანიას – კონექტიკუტში დაფუძნებულ კომპანია Otis Worldwide-ს. ახლა კი ის ეკუთვნოდა ფირმას, რომელსაც აკონტროლებდა არმენ სარქისიანი. როდესაც ლიფტების ფინური გიგანტი Kone შეეცადა კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის მიეყიდა, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა გარიგება. მყიდველი კვლავ არმენ სარქისიანის ჰოლდინგი S8 Capital-ი გახდა.

2022 წლის ზაფხულისთვის რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა სტაბილური გახდა, რუბლი აღდგა, ხოლო პუტინის სტრატეგია შეიცვალა.

იმავე წლის აგვისტოში პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც მოითხოვდა, რომ საკვანძო ინდუსტრიების კომპანიებს მიეღოთ მისი თანხმობა რუსული აქტივების გაყიდვამდე. უამრავი ბიზნესი, მათ შორის Siemens-ისა და Caterpillar-ის ქვედანაყოფები, მოულოდნელად დაექვემდებარა პუტინის ახირებას.

კომპანიების უმეტესობისთვის, რომლებიც ცდილობენ დატოვონ რუსეთი, პუტინმა სპეციალური „ქვეკომისია“ შექმნა, რომელიც გაყიდვის მოთხოვნებს განიხილავს. ქვეკომისია, რომელშიც შედიან კრემლის, ცენტრალური ბანკისა და ძირითადი სამინისტროების ოფიციალური პირები, წყვეტს, შეუძლიათ თუ არა კომპანიებს რუსეთიდან გასვლა და რა პირობებით.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ გააფორმა გარიგება მყიდველთან, მოლაპარაკებები ხშირად ისევ თავიდან იწყება – ამჯერად ფარულად, მყიდველსა და რუსეთის ერთ-ერთ სამინისტროს შორის. იურისტების თქმით, ეს პროცესი ხშირად მთავრდება დაბალი გასაყიდი ფასითა და ზოგჯერ ახალი მყიდველით. შემდეგ გარიგება ქვეკომისიის დაქვემდებარებაში გადადის.

რუსეთის მთავრობას ასევე შეუძლია უცხოური აქტივების ჩამორთმევა და მათი დროებითი ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა. კომპანიები ახლა სრული კონფისკაციის რისკის წინაშე დგანან.

სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი -შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი, ეს მისი ციტატაა, რომ ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ასევე, ის ამბობდა, რომ საქართველო არ ასრულებს რეკომენდაციებს და შესაბამისად ახლაც არ იმსახურებს გადაწყვეტილებას, ესეც მისი ციტატაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა ის შედეგები, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტებს მოჰყვა.

„ვნახეთ, რომ მან იმ ვიზიტებში, რომელშიც იმყოფებოდა, ისე რომ ნებართვა არ ჰქონდა მთავრობისგან, რა შედეგები გამოჰქონდა, გამოსული არ იყო ოთახიდან ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტისა, როდესაც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა და მოუწოდა საქართველოს, რომ დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ეს არის საბოლოო ჯამში მისი შედეგები, რაც ჩვენ ხილულად ვნახეთ და რაც დახურულ კარს მიღმა მიდიოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ეწვია

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ნენსი ფეზერი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერალურ მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია დახვდნენ.

„ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.

გარდა ზემოანიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“, – აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ევროკავშირის ქვეყნებმა პანდემიის დროს შეძენილი, სულ მცირე, 215 მილიონი დოზა კოვიდვაქცინა გაანადგურეს

ევროკავშირის ქვეყნებმა პანდემიის დროს შეძენილი, სულ მცირე, 215 მილიონი დოზა კოვიდვაქცინა გაანადგურეს, რაც დაახლოებით ოთხი მილიარდი ევროს ღირებულებისაა.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები, ევროკავშირის ქვეყნება კოლექტიურად შეიძინეს 1,5 მილიარდი დოზა. ეს ერთ სულ მოსახლეზე სამ ვაქცინას ნიშნავს.

საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით, „პოლიტიკომ“ დაადგინა, რომ ევროკავშირის ქვყნებმა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 0,7 ვაქცინა გაანადგურეს. განადგურებული ვაქცინების საშუალო რაოდენობა გამოცემამ 19 ქვეყნის მონაცემებზე დაყრნდობით დაიანგარიშა. ერთ სულ მოსახლეზე განადგურებული ვაქცინების რაოდენობით პირველ ადგილზე ესტონეთია, მეორეზე კი, გერმანია.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-12 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი შემზღუდავი ზომების სამიზნე არის რუსეთის ეკონომიკის მაღალღირებული სექტორები. ამასთან, სანქციები ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული.

კერძოდ, ევროკავშირი კრძალავს რუსეთიდან ალმასების იმპორტს. აკრძალვა ვრცელდება, როგორც ბუნებრივ, ისე სინთეტიკურ ალმასებსა და ბრილიანტის სამკაულებზე. შეზღუდვა ძალაში შედის 2024 წლის პირველი იანვრიდან.

ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპელი ექსპორტიორებისგან ითხოვს, ხელშეკრულებით გააფორმონ მესამე ქვეყნებთან, პარტნიორი ქვეყნების გარდა, რუსეთში სენსიტიური საქონლისა და ტექნოლოგიების რეექსპორტის აკრძალვა. აღნიშნული დებულება ვრცელდება აკრძალულ საქონელზე, რომელიც რუსულ სამხედრო სისტემებში გამოიყენება ან რომელიც კრიტიკულია რუსული სამხედრო სისტემების განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან გამოყენებისთვის.

სანქციების მე-12 პაკეტი ითვალისწინებს „შავ სიაში“ 29 კომპანიის დამატებას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსს. ამ 29 კომპანიიდან ნაწილი ეკუთვნის მესამე ქვეყნებს, რომლებიც ჩართული არიან სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში.

ამასთან, გაფართოვდა იმ საგნების სია, რომელთა რუსეთისთვის მიწოდებაც აკრძალულია, მათ შორის არის ქიმიური ნივთიერებები, ლითიუმის ბატარეები, თერმოსტატები, ძრავები, მანქანების ნაწილები და ინსტრუმენტები.

ამასთან, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომების გამკაცრებას სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად. ასევე, ევროკავშირი ამკაცრებს წესებს, რათა გააკონტროლოს ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვრის დაცვა. ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებული მექანიზმი კი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს ის კომპანიები და ხომალდები, რომლებიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მანიპულაციებში არიან ჩართულნი.

სანქციები უწესდებათ ასევე დამატებით ფიზიკურ პირებს.

სანქციების მე-12 პაკეტის მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უკრაინამ ომის სპონსორთა სიიდან ავსტრიული ბანკი Raiffeisen Bank International-ი ამოიღო, რასაც ავსტრია ითხოვდა.

გადასცემს თუ არა ანდრეი ერმაკი უკრაინას ოლიგარქებს? -Business Insider

სექტემბრის ბოლოს, მაიკ პაილმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებზე მაღალჩინოსანმა, უკრაინაში თავის კოლეგებს გაუგზავნა ოთხგვერდიანი სამუშაო პროექტი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო უამრავი რეფორმა, რომელსაც თეთრი სახლი ელოდა უკრაინის მხრიდან, – წერს ამერიკული გამოცემა Business Insider-ი.

დოკუმენტი მოიცავდა ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო საწარმოების გაძლიერებულ ზედამხედველობას, ასევე ნაბიჯებს უფრო მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის დროს. დოკუმენტის მიზანი იყო სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კორუფციის შეკავება, რომელიც დიდი ხანია უკრაინის მმართველობის დამახასიათებელი ნიშანია.

პაილის წერილის მიმღებთა შორის იყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისი – გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ანდრეი ერმაკი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის მეგობარი. უკრაინის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში ერმაკი, ყოფილი იურისტი და კინოპროდიუსერი, ფართოდ განიხილება, როგორც გავლენით მეორე ადამიანი ქვეყანაში.

“კარგი ამბავი ის არის, რომ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ უკრაინაში დიდწილად გაანადგურა ოლიგარქების თაობა, რომლებსაც სრული თავისუფლება ჰქონდათ უკრაინის ეკონომიკის ძარცვაში. ძველ ტიტანებს [უკვე] აღარ აქვთ ძალაუფლება. ცუდი ამბავი ის არის, რომ ერმაკი ქმნის ოლიგარქიის ახალ სისტემას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს”, – აღნიშნა დარია კალენიუკმა, უკრაინის ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კალენიუკის თქმით, ერმაკი, პრეზიდენტის ოფისში მოადგილეებისა და მინისტრების მეშვეობით, მანევრირებას ახდენს უკრაინის ეკონომიკის დიდ ნაწილზე, ისევე როგორც მის სამართალდამცავ და უსაფრთხოების აპარატზე.

“ის არ აშენებს ძლიერ უკრაინას. ის აზიანებს ომის ძალისხმევას”, – აღნიშნა კალენიუკმა.

ერმაკი უარყოფს, რომ ის ზელენსკის ოფისს უკრაინის ძარცვისთვის იყენებს. დარია ზარივნამ, ერმაკის მრჩეველმა, აღნიშნა, რომ ასეთი კრიტიკა ასახავს რუსეთის მიერ წარმოებულ ინფორმაციულ ომს უკრაინის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

მაგრამ მექრთამეობა, რომელიც დიდი ხანია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას წამლავს, აწუხებს უკრაინელებს, რომლებიც შორს არიან ძალაუფლების წრეებისგან.

კიევში მდებარე დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ გასულ ზაფხულს ჩატარებულ გამოკითხვაში უკრაინელები კორუფციას ასახელებენ, როგორც მთავარ დაბრკოლებას ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის.

გამოკითხულ უკრაინელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის მიზანშეწონილი იქნება სამხედრო დახმარება უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას დაუკავშირონ.

“ფსონები მაღალია. ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცი არ რისკავს თავის სიცოცხლეს თავისი ქვეყნის მთავრობასა და ეკონომიკაზე კონტროლის ყველაზე მტაცებელ აქტორებზე დაბრუნებისთვის”, – წერს გამოცემა.