როგორ აქცია პუტინმა დასავლური ბოიკოტი “ოქროს ფსკერად”- The New York Times

72
spot_img

მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლურ კომპანიებს მოუწოდა, რუსეთი დაეტოვებინათ, ასობით კომპანიამ უპასუხა მის მოწოდებას, თუმცა ვლადიმირ პუტინს სხვა გეგმები ჰქონდა, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით როგორ აქცია პუტინმა დასავლური ბოიკოტი „ოქროს ფსკერად“.

გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ პუტინმა მსხვილი დასავლური კომპანიების რუსეთიდან გასვლა მოულოდნელ წარმატებად აქცია რუსეთის ლოიალური ელიტისა და თავად სახელმწიფოსთვის. მან გაყიდვის მსურველი კომპანიები აიძულა, ეს გაეკეთებინათ სასწრაფო გაყიდვის ფასად. მან შეზღუდა გაყიდვები მოსკოვის მიერ შავ სიაში შეყვანილ მყიდველებზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მფლობელებს კომპანიები ჩამოართვა.

გაზეთ The New York Times-ის გამოძიებამ დაადგინა, თუ როგორ აქცია პუტინმა მოსალოდნელი უბედურება გამდიდრების სქემად. გაზეთ The New York Times-ის მიერ ფინანსური ანგარიშების ანალიზმა ცხადყო, რომ დასავლურმა კომპანიებმა, რომლებმაც რუსეთიდან გასვლა გამოაცხადეს, 103 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი დააფიქსირეს ომის დაწყების შემდეგ. პუტინმა აღნიშნულ კომპანიებს მაქსიმალურად გამოსძალა რესურსები და რუსეთიდან გასვლის პირობები დაუწესა.

მან ასევე დაუქვემდებარა კომპანიების მიერ რუსეთიდან გასვლა მუდმივად მზარდ გადასახადებს, რის შედეგადაც, გასულ წელს რუსეთმა, სულ მცირე, 1.25 მილიარდი დოლარი მიიღო ომის ძალისხმევისთვის.

მაგალითად, ჰოლანდიურმა ლუდის კომპანია Heineken-მა გაზაფხულზე იპოვა მყიდველი და დაადგინა ფასი, თუმცა რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად უარყო შეთანხმება და კომპანიის რუსული ჰოლდინგი ჩააბარა რუსი სენატორის მფლობელობაში მყოფ კომპანიას.

“დღეს რუსეთში ძლიერი სამომხმარებლო სამყარო განაგრძობს ფუნქციონირებას, რაც პუტინს ეხმარება ნორმალურობის გრძნობის შენარჩუნებაში, მიუხედავად ომისა, რომელიც უფრო ხანგრძლივი, მომაკვდინებელი და ძვირადღირებული აღმოჩნდა, ვიდრე ის პროგნოზირებდა. უცხოური კომპანიების უმეტესობა რუსეთში რჩება. მათ არ სურთ დაკარგონ ის მილიარდები, რომელიც იქ ათწლეულების განმავლობაში ჩადეს”, – წერს გაზეთი The New York Times-ი.

პუტინის ეკონომიკურმა კონტრდარტყმებმა ხელი შეუწყო ელიტებს შორის მხარდაჭერის გაძლიერებას, რომლებიც ომისგან სარგებელს იღებენ, და ასევე შეამსუბუქა დასავლური იზოლაციის შედეგები. მაშინ, როდესაც უკრაინა დაკავებულია მოკლევადიანი იმპერატივებით, როგორიცაა საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება, რუსეთის ეკონომიკის შედარებითმა მედეგობამ პუტინს გრძელვადიანი თამაშის საშუალება მისცა.

გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ აქამდე გაუმჟღავნებელი დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგებები და ინტერვიუები რუსეთსა და ევროპაში გარიგებებში მონაწილე პირებთან აჩვენებს, რომ მოსკოვი ახლა რუსეთიდან კომპანიების თითქმის ყველა გასვლას მიკრომენეჯმენტის დონეზე მართავს. კომპანიები მოქმედებენ ბუნდოვან სისტემაში, რათა მიიღონ თანხმობა თავიანთი კომპანიების გასაყიდად.

მიუხედავად ამისა, კომპანიების რუსეთიდან გასვლის ტალღამ გავლენა იქონია. ამ პროცესმა გლობალური სიგნალი გააგზავნა, რომ რუსეთი ბიზნესის წარმოების კუთხით გარიყულია. რუსეთის ეკონომიკა დაძაბულ მდგომარეობაშია. პუტინის მიერ დასავლური კომპანიების გასვლის მართვამ მხოლოდ გააძლიერა რუსეთის იმიჯი, როგორც სახიფათო ადგილი ბიზნესის საწარმოებლად. რუსეთის ზოგიერთი მაღალჩინოსანიც კი აღიარებს, რომ შემცირებული კონკურენცია და შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებენ ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში.

ყველა გარიგება არ არის წარმატებული. ზოგიერთ მყიდველს მკვეთრი დაბრკოლებები შეექმნება, რათა თავისი ახალი ბიზნესი მომგებიანი გახადოს. დასავლური კომპანიების გასვლის პროცესი დაშინებისა და ძალის გამოყენების მუქარას წარმოადგენს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ, თეთრი სახლიდან სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთი ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. პუტინისთვის სიტუაცია სავალალო ჩანდა. მოსკოვში საფონდო ბირჟა დაიხურა, ხოლო რუბლი მკვეთრად დაეცა.

თუმცა პუტინი თავის ფინანსურ პასუხს ამზადებდა. მან შეზღუდა ფულის მოძრაობა საზღვარგარეთ და მოითხოვა, რომ „არამეგობრული ქვეყნების“ კომპანიებს თანხმობა მიეღოთ თავიანთი ბიზნესის გაყიდვამდე.

ზოგიერთი კომპანია შეშფოთებული იყო, რა მოუვიდოდა მათ პერსონალს, ქარხნებსა და ტექნოლოგიებს, თუ ისინი ქვეყანას დატოვებდნენ. სხვებს არ სურდათ უარი ეთქვათ ინვესტიციებზე ომის გამო, რომელიც შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩენილიყო, თუმცა ზოგიერთმა კომპანიამ სწრაფად გამოაცხადა რუსეთის დატოვების განზრახვა.

საზეიმო განწყობა იყო ივლისში, როდესაც სანქტ-პეტერბურგის ლიფტების ქარხანაში რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი გამოჩნდა.

ქარხანა ეკუთვნოდა ლიფტების მსოფლიოში უდიდეს კომპანიას – კონექტიკუტში დაფუძნებულ კომპანია Otis Worldwide-ს. ახლა კი ის ეკუთვნოდა ფირმას, რომელსაც აკონტროლებდა არმენ სარქისიანი. როდესაც ლიფტების ფინური გიგანტი Kone შეეცადა კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის მიეყიდა, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა გარიგება. მყიდველი კვლავ არმენ სარქისიანის ჰოლდინგი S8 Capital-ი გახდა.

2022 წლის ზაფხულისთვის რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა სტაბილური გახდა, რუბლი აღდგა, ხოლო პუტინის სტრატეგია შეიცვალა.

იმავე წლის აგვისტოში პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც მოითხოვდა, რომ საკვანძო ინდუსტრიების კომპანიებს მიეღოთ მისი თანხმობა რუსული აქტივების გაყიდვამდე. უამრავი ბიზნესი, მათ შორის Siemens-ისა და Caterpillar-ის ქვედანაყოფები, მოულოდნელად დაექვემდებარა პუტინის ახირებას.

კომპანიების უმეტესობისთვის, რომლებიც ცდილობენ დატოვონ რუსეთი, პუტინმა სპეციალური „ქვეკომისია“ შექმნა, რომელიც გაყიდვის მოთხოვნებს განიხილავს. ქვეკომისია, რომელშიც შედიან კრემლის, ცენტრალური ბანკისა და ძირითადი სამინისტროების ოფიციალური პირები, წყვეტს, შეუძლიათ თუ არა კომპანიებს რუსეთიდან გასვლა და რა პირობებით.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ გააფორმა გარიგება მყიდველთან, მოლაპარაკებები ხშირად ისევ თავიდან იწყება – ამჯერად ფარულად, მყიდველსა და რუსეთის ერთ-ერთ სამინისტროს შორის. იურისტების თქმით, ეს პროცესი ხშირად მთავრდება დაბალი გასაყიდი ფასითა და ზოგჯერ ახალი მყიდველით. შემდეგ გარიგება ქვეკომისიის დაქვემდებარებაში გადადის.

რუსეთის მთავრობას ასევე შეუძლია უცხოური აქტივების ჩამორთმევა და მათი დროებითი ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა. კომპანიები ახლა სრული კონფისკაციის რისკის წინაშე დგანან.