Home Blog Page 1869

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან”-ფინანსთა სამინისტრო

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში – ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ჯიმ ობრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.

საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიანის მიერ 7-8 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის – საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ  გამოწვევებს და აშშ-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით.

დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია.

სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით.

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

 “ფანჯარაში გადაიხედეთ გირჩი, კიკუ და ლяკა გაიხსენეთ, მიშა და გიული; ოღონდ მერე მიხურეთ, “სკვაზნიაკი აპასნია” – ხაინდრავა კალიურანდს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერით ეხმიანება ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით:

“ევროს პარლამენტარმა კალიურანდმა განაცხადა – ფანჯარა არის ღია არვინ იცის როდის დაიხურებაო. ხოდა სანამ ღიაა მიდით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ სული მოითქვით ფანჯარაში გადაიხედეთ გირჩი კიკუ და ლяკა გაიხსენეთ მიშა და გიული ოღონდ მერე მიხურეთ “სკვაზნიაკი აპასნია”.

“გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ!”

გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა, ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჯოზას ოლეკასიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მოუსმინოთ. არამხოლოდ აგვიხსნათ ჩვენ თუ რა გააკეთეთ, არამედ ერთმანეთთან ისაუბროთ. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ჯოზას ოლეკასმა.

“საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა, თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო” – გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე

„თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო და რა ვქნათ ჩვენ? მისი გული თუ უკრაინას ეკუთვნის, ჩემი პოზიცია სხვანაირი რატომ უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მედიასთან განაცხადა.

მაჭარაშვილმა ასევე, ზოგადად ოპოზიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, ტრიბუნიდან განცხადება ვინ უნდა გააკეთოს და ერთმანეთის კანონპროექტებსაც არ უჭერენ მხარს.

„ლელოს კონსოლიდაცია თავის თავში და პარტიაში უჭირს, რადგან აირჩია ხალხმა 4 წევრი და თავმჯდომარე თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა მოადგილესთან ერთად პარლამენტიდან, რა გვინდა პარლამენტშიო. ახლა ამბობენ, მომავალ პარლამენტში აგვირჩიოს ხალხმაო, ალბათ, იმისთვის, რომ ისევ გამოვიდნენ იქიდან. რაც შეეხება მინისტრთა ე.წ ჩრდილოვან კაბინეტს, ეს ფილმი ჩვენ ვნახეთ, როდესაც 2 თუ 3 წლის წინ ვაშაძემ თქვა, მე უნდა ვიყო ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიო, მერე მიხეილ სააკაშვილი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს კი არა, 4-იდან 2 კაცი ძლივს შერჩა პარლამენტში დღეს და მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვივამედში გაამწესა პრემიერობის ნაცვლად. დღეს ეს ხალხი ვერ თანხმდება იმაზე, ტრიბუნიდან ვინ გააკეთოს განცხადება და ერთმანეთის კანონპროექტებს არ უჭერენ მხარს. რომელ მინისტრების „პორტფელებს“ გაინაწილებენ ესენი, რომ კოალიცია შექმნან შემდგომ? ეს უკვე სასაცილო გახდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ჩვენ თავს დაგვესხნენ, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე, იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც”

ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეზე საუბრობს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, საქართველოში გაკეთებული განცხადებები, ხშირად არასწორად არის აღქმული.

„როგორც საქართველოს მთავრობის წევრმა, თქვენი ნებართვით თავს უფლება მივეცი, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სამჯერ იყო ნახსენები დღევანდელ გამოსვლებში. უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო თავმჯდომარევ, იმ ციტატასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ ბუდაპეშტში მისი გამოსვლიდან, მსურს, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს ციტატა თქვენ მოიყვანეთ კონტექსტის გარეშე. ამ ციტატას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში, იმას თუ რამდენად დაცულია ყველას უფლებები. მან ასევე ისაუბრა უმცირესობათა უფლებებზე, რომელთა დაცვაც საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს. ბატონმა ლუკ დევინმა ახსენა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ციტატა GLOBSEC-იდან და დასვა კითხვა თუ რას ნიშნავდა ეს ციტატა. გეტვით, რასაც ნიშნავდა: ეს ნიშნავს, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და შეჭრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს საქართველოში, იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების სერიოზული დარღვევა, ეს იყო გაერო-ს ქარტიის პრინციპების დარღვევა, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს არჩევანის უფლების დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უფლებაა აირჩიოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია და დიახ, ჩვენ თავს დაგვესხნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ამ გზაზე. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც და მოვიყვან ციტატას, ევროკომისიის პრეზიდენტის ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას, რომელიც მან ასევე GLOBSEC-ზე წარმოთქვა: „პირველად ჩვენს ისტორიაში (სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ ეს 21-ე საუკუნეში უკვე მეორედ მოხდა და არა პირველად) ქვეყანა არის თავდასხმის ქვეშ, რადგან მას აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის უკრაინის სუვერენული უფლება და მისი ხალხის მიერ მკაფიოდ გაცხადებული ნება და ა.შ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნეგატიური ინტერპრეტაცია მოჰყვება ხოლმე.

„ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეზე საუბრობს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იმედი მაქვს, დღის მეორე ნაწილში მოვისმენთ ჩვენი პრემიერ მინისტრისა და სხვა ლიდერების იმ ციტატებს, რომელიც ეხება იმას თუ რამდენად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა. მესამე ციტატა, რომელიც ქალბატონმა თანათავმჯდომარემ ახსენა, მჯერა ამ ციტატასაც გამოეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თუმცა არასოდეს ჩემს სახელმწიფოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნის მთავრობის, მაგალითად უკრაინის მთავრობის წევრთა ცალკეული იდეები და მოსაზრებები თუ ევროპარლამენტის წევრთა მოსაზრებები გაგვეთანაბრებინა ევროპული ინსტიტუტების ან სახელმწიფოთა საერთო მოსაზრებებთან. ამიტომ, ვერ დაგეთანხმებით, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება იყო ანტიდასავლური. პირველ რიგში, კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვაგვარი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

“ეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს” -თეა წულუკიანი

მე ვყოფილვარ პოლიტიკურ ოპოზიციაში, გამივლია ის პრობლემები, რაც ზოგადად ოპოზიციას შეიძლება, ჰქონდეს და თან ვყოფილვარ ოპოზიციაში იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციაში ყოფნისთვის, ან ფიზიკურად უსწორდებოდა, ან ციხეში სვამდა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახლანდელ ოპოზიციას გაერთიანების რესურსი არ აქვს.

„იმ პირობებიდან ვიცი, რომ ოპოზიციის ერთიანობა არის საკმაოდ რთული. ჩვენ მაშინ გაგვაერთიანა ერთმა ლიდერმა, უპირობო ლიდერმა, რომელსაც ჰქონდა მორალური ავტორიტეტი, რომ გავეერთიანებინეთ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ჩემი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებ, ვიფიქრებდი, რომ ეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს, რომელსაც ექნება ყველას წინაშე აღიარებული ავტორიტეტი. ვინაიდან, მათ ასეთი არ ჰყავთ, ძალიან პესიმისტურად ვუყურებ იმ გეგმას, რომ ისინი ან მინუს ერთით, ან მინუს ორით, ან საერთოდ გაერთიანდებიან. ამიტომ, ისინი დაქსაქსულობისა და მარცხისთვის არიან სამწუხაროდ განწირულნი. სამწუხაროდ-მეთქი ვამბობ, რადგან ჯანსაღი და ერთიანი ოპოზიცია ამ ქვეყნის განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 8 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.35 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6102 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.04 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8005 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 9 ივნისის ჩათვლით იქნება.

“2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება, ეს არის რეალობა”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს უცხოელი მეგობრების მხრიდან მხოლოდ შეშფოთება გამოიხატა.

კალაძემ აღნიშნული კომენტარი გააკეთა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხებოდა.

„ახლა გაიგეთ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა? ახლა მოისმინეთ პირველად? მაკრონის განცხადებები არ მოგისმენიათ? სხვა, ჩვენი უცხოელი მეგობრების განცხადებები არ მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით? ქალბატონი ვიოლას განცხადება არ მოგისმენიათ? რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალზე იყო საუბარი და მოვისმინე. არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი. ზელენსკის განცხადება არ გაქვთ მოსმენილი? მესმის, რომ მწარეა სიმართლე და არ სურთ, მისი მოსმენა. ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რა იყო, რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ნუ ადანაშაულებთ სხვებს! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად!” – მარინა კალიურანდი მაია ბითაძეს

ძალიან ვწუხვარ, თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება – ნუ ადანაშაულებთ სხვებს! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად! – ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქართული ოცნების“ წევრს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე.

კალიურანდის განცხადებით, როდესაც ევროპარლამენტარები აკეთებენ შეფასებას, რომ მათ ესმით ანტიდასავლური რიტორიკა, რომ ისმის ბრალდებები პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, ეს გამოწვეულია ქართველი ლიდერების განცხადებებით. ამის დასტურად ევროპარლამენტარმა კალიურანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიცემული ინტერვიუდან ის ციტატა წაიკითხა, რომელიც ევროპარლამენტს ეხებოდა.

„როდესაც მე ვახსენე აგრესიის წახალისება, მე ვგულისხმობდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა 12 მარტს ტელეკომპანია „იმედს“, სადაც მან თქვა: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ, მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში!“ ეს არის პრემიერ-მინისტრის სიტყვები. თუ გსურთ მე განცხადებების ორი გვერდი მაქვს და შემიძლია კითხვა გავაგრძელო, გსურთ ყველა განცხადების მოსმენა ?! მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა, რომ ისმის ბრალდებები პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ ბრიუსელში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, – განაცხადა კალიურანდმა.

ცნობისთვის, მაია ბითაძის შეფასებით, რომელიც მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე გააკეთა, ის განცხადებები, რაც მან მოისმინა შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელი იყო. ბითაძის თქმით, ზოგი განცხადება, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“ვისთვის არის კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევა მომგებიანი?” – რას წერს უცხოური პრესა

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტში“ (Junge Welt), მდ. დნეპრზე არსებული კახოვკის ჰესის კაშხლის გარღვევასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვისთვის არის კაშხლის დანგრევა მომგებიანი?“ (ავტორი – რეინჰარდ ლაუთერბახი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გეორგ ჰეგელს უთქვამს ერთხელ, რომ ომი ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ყველა ამქვეყნიური სიკეთის ამაოება და დროებითობა ყველაზე უფრო უკეთ ჩანსო. ამ კონტექსტში სწორია ის აზრიც, რომ ომის (კონფლიქტის) დროს ერთ-ერთი რომელიმე დაპირისპირებული მხარე ყოველთვის ურიგდება თავისი კონტროლის ზონაში მომხდარ ყველა ნგრევას, თუ იგივე ნგრევა უფრო დიდ ზიანს მოუტანს მოწინააღმდეგე მხარეს. ამგვარ სიტუაციებში არცერთი მხარის პასუხისმგებლობა არ უნდა გამოირიცხოს. ასე მოიქცა, მაგალითად, რუსეთის არმიის სარდლობა 1812 წელს საფრანგეთთან (ნაპოლეონ ბონაპარტთან) ომის, როცა მოსკოვი თვითონ გადაწვა, რათა ფრანგ დამპყრობლებს ნორმალურად გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლები არ ჰქონოდა.

კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების თაობაზე ჯერ-ჯერობით ბევრი რამ უცნობია, მაგრამ გარკვეული მტკიცებულებებისა და მოტივების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ ვის სტრატეგიაში შედიოდა ყველაზე მეტად მდ. დნეპრზე არსებული ყველაზე დიდი წყალსაცავის ჯებირის დანგრევა.

ზოგიერთი ასპექტი უკრაინის ინტერესებზე მიუთითებს: ჯერ ერთი, რომ კაშხლის გარღვევით გამოწვეულმა წყალდიდობამ პირველ რიგში რუსეთის მიერ კონტროლირებული მდინარის მარცხენა – შედარებით უფრო დაბალი – ნაპირი დააზარალა; მეორე – რუსეთმა ხერსონიდან ანუ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან უკან რომ დაიხია, მარცხენა ნაპირზე პოზიციები გაამაგრა და დანაღმა, უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში. ახლა კი წყალმა ყველაფერი წალეკა და ამ ადგილებში უკრაინელი მედესანტეები შედარებით უსაფრთხოდ გაივლიან; მესამე – უკრაინა დიდი ხანია იმარაგებდა სასმელ წყალს იმ შემთხვევისათვის, თუ მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტები, კაშხლის სავარაუდო დანგრევის შემთხვევაში, უწყლოდ დარჩებოდნენ (ქალაქ კრივოი როგის უკრაინელმა მერმა განაცხადა, რომ წინასწარ მოიმარაგეს სასმელი წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობა);
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წყალსაცავის დონის დაკლებისა და მისი გაქრობის შემთხვევაში წყალი აღარ იქნება ჩრდილოეთ ყირიმის არხშიც, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფს. 2014 წელს არხი კახოვკასთან უკრაინელებმა ჩაკეტეს და ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რის შემდეგაც 2021 წლის დიდი გვალვის დროს ყირიმს უდიდესი ზარალი მიადგა. სწორედ ამიტომ რუსეთის არმიამ შარშან თებერვალში სწრაფად დაიკავა კახოვკა და არხში წყალი გაუშვა. ახლა კი ყირიმის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი აქსენოვი ძალიან ცუდ ხასიათზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კახოვკის წყალსაცავიდან მარაგდებოდა სასმელი წყლით რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები ბერდიანსკი და მელიტოპოლი, რომლებიც ახლა წყლის დეფიციტს განიცდიან.

რას ნიშნავს ეს უკრაინისათვის? ნიშნავს იმას, რომ კაშხლის განადგურებით და მისგან გამოწვეული უწყლოობით ყირიმი და სხვა ოკუპირებული რეგიონები რუსეთისთვის ეკონომიკურ მნიშვნელობას კარგავს. ანუ, სიტუაცია ასეთია: უკრაინას მათი უკან დაბრუნება ბრძოლით არ შეუძლია, მაგრამ არც რუსეთისათვის აღარ არის მომგებიანი. ამ თვალსაზრისით კაშხლის განადგურება შეიძლება განხილული იქნას როგორც თავის დაზღვევა იმ შემთხვევისათვის, თუ უკრაინის არმიის კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდება.

თუმცა, კიევის მხარესაც აქვს „ალიბი“, რადგან თუ მეომარი მხარე დარწმუნებულია გამარჯვებაში და მტრისგან თავისი მიწა-წყლის გათავისუფლებაში, ის ყოველთვის ცდილობს დასაკავებელი ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას.

წყარო

“ამ პარტიებს მომავალი არ აქვთ, მოსახლეობა წარსულს არასდროს დაუბრუნდება” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ლევან ხაბეიშვილს დატოვებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლები მარცხისთვის არიან განწირული.

„არ ვიცი მათი დაპირისპირების საგანი. ლევან ხაბეიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. სხვათაშორის, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მას ვგულშემატკივრობდი. ერთი რამ ცხადია, ვიცით, ვინც იყო შემოქმედი რადიკალიზმის, ბოროტების, იმ უბედურების, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა. ამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს მომავალი არ აქვთ, განწირული იქნებიან მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, თავის თავზე გამოსცადა ეს უბედურება, შესაბამისად, წარსულს მოსახლეობა არასდროს დაუბრუნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის კონსოლიდაცია არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან.

„ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან. ერთ დროს ერთი კონკრეტული ფრთის – სააკაშვილის გაერთიანების ქვეშ იყვნენ, შემდეგ დაიშალნენ, შექმნეს საკუთარი პარტიები, როგორ გამოვლენ არჩევნებში, ცალკეულად, თუ გაერთიანებულად, ეს არაფერს ცვლის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.