“ჩვენ თავს დაგვესხნენ, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე, იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც”

246
spot_img

ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეზე საუბრობს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, საქართველოში გაკეთებული განცხადებები, ხშირად არასწორად არის აღქმული.

„როგორც საქართველოს მთავრობის წევრმა, თქვენი ნებართვით თავს უფლება მივეცი, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სამჯერ იყო ნახსენები დღევანდელ გამოსვლებში. უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო თავმჯდომარევ, იმ ციტატასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ ბუდაპეშტში მისი გამოსვლიდან, მსურს, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს ციტატა თქვენ მოიყვანეთ კონტექსტის გარეშე. ამ ციტატას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში, იმას თუ რამდენად დაცულია ყველას უფლებები. მან ასევე ისაუბრა უმცირესობათა უფლებებზე, რომელთა დაცვაც საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს. ბატონმა ლუკ დევინმა ახსენა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ციტატა GLOBSEC-იდან და დასვა კითხვა თუ რას ნიშნავდა ეს ციტატა. გეტვით, რასაც ნიშნავდა: ეს ნიშნავს, რომ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და შეჭრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს საქართველოში, იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების სერიოზული დარღვევა, ეს იყო გაერო-ს ქარტიის პრინციპების დარღვევა, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს არჩევანის უფლების დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უფლებაა აირჩიოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია და დიახ, ჩვენ თავს დაგვესხნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ამ გზაზე. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც და მოვიყვან ციტატას, ევროკომისიის პრეზიდენტის ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას, რომელიც მან ასევე GLOBSEC-ზე წარმოთქვა: „პირველად ჩვენს ისტორიაში (სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ ეს 21-ე საუკუნეში უკვე მეორედ მოხდა და არა პირველად) ქვეყანა არის თავდასხმის ქვეშ, რადგან მას აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის უკრაინის სუვერენული უფლება და მისი ხალხის მიერ მკაფიოდ გაცხადებული ნება და ა.შ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნეგატიური ინტერპრეტაცია მოჰყვება ხოლმე.

„ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავეზე საუბრობს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იმედი მაქვს, დღის მეორე ნაწილში მოვისმენთ ჩვენი პრემიერ მინისტრისა და სხვა ლიდერების იმ ციტატებს, რომელიც ეხება იმას თუ რამდენად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა. მესამე ციტატა, რომელიც ქალბატონმა თანათავმჯდომარემ ახსენა, მჯერა ამ ციტატასაც გამოეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თუმცა არასოდეს ჩემს სახელმწიფოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნის მთავრობის, მაგალითად უკრაინის მთავრობის წევრთა ცალკეული იდეები და მოსაზრებები თუ ევროპარლამენტის წევრთა მოსაზრებები გაგვეთანაბრებინა ევროპული ინსტიტუტების ან სახელმწიფოთა საერთო მოსაზრებებთან. ამიტომ, ვერ დაგეთანხმებით, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება იყო ანტიდასავლური. პირველ რიგში, კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვაგვარი“, – განაცხადა ახვლედიანმა.