“ვისთვის არის კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევა მომგებიანი?” – რას წერს უცხოური პრესა

591
spot_img

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტში“ (Junge Welt), მდ. დნეპრზე არსებული კახოვკის ჰესის კაშხლის გარღვევასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვისთვის არის კაშხლის დანგრევა მომგებიანი?“ (ავტორი – რეინჰარდ ლაუთერბახი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გეორგ ჰეგელს უთქვამს ერთხელ, რომ ომი ისეთი მდგომარეობაა, რომელშიც ყველა ამქვეყნიური სიკეთის ამაოება და დროებითობა ყველაზე უფრო უკეთ ჩანსო. ამ კონტექსტში სწორია ის აზრიც, რომ ომის (კონფლიქტის) დროს ერთ-ერთი რომელიმე დაპირისპირებული მხარე ყოველთვის ურიგდება თავისი კონტროლის ზონაში მომხდარ ყველა ნგრევას, თუ იგივე ნგრევა უფრო დიდ ზიანს მოუტანს მოწინააღმდეგე მხარეს. ამგვარ სიტუაციებში არცერთი მხარის პასუხისმგებლობა არ უნდა გამოირიცხოს. ასე მოიქცა, მაგალითად, რუსეთის არმიის სარდლობა 1812 წელს საფრანგეთთან (ნაპოლეონ ბონაპარტთან) ომის, როცა მოსკოვი თვითონ გადაწვა, რათა ფრანგ დამპყრობლებს ნორმალურად გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლები არ ჰქონოდა.

კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების თაობაზე ჯერ-ჯერობით ბევრი რამ უცნობია, მაგრამ გარკვეული მტკიცებულებებისა და მოტივების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ ვის სტრატეგიაში შედიოდა ყველაზე მეტად მდ. დნეპრზე არსებული ყველაზე დიდი წყალსაცავის ჯებირის დანგრევა.

ზოგიერთი ასპექტი უკრაინის ინტერესებზე მიუთითებს: ჯერ ერთი, რომ კაშხლის გარღვევით გამოწვეულმა წყალდიდობამ პირველ რიგში რუსეთის მიერ კონტროლირებული მდინარის მარცხენა – შედარებით უფრო დაბალი – ნაპირი დააზარალა; მეორე – რუსეთმა ხერსონიდან ანუ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან უკან რომ დაიხია, მარცხენა ნაპირზე პოზიციები გაამაგრა და დანაღმა, უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში. ახლა კი წყალმა ყველაფერი წალეკა და ამ ადგილებში უკრაინელი მედესანტეები შედარებით უსაფრთხოდ გაივლიან; მესამე – უკრაინა დიდი ხანია იმარაგებდა სასმელ წყალს იმ შემთხვევისათვის, თუ მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტები, კაშხლის სავარაუდო დანგრევის შემთხვევაში, უწყლოდ დარჩებოდნენ (ქალაქ კრივოი როგის უკრაინელმა მერმა განაცხადა, რომ წინასწარ მოიმარაგეს სასმელი წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობა);
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წყალსაცავის დონის დაკლებისა და მისი გაქრობის შემთხვევაში წყალი აღარ იქნება ჩრდილოეთ ყირიმის არხშიც, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფს. 2014 წელს არხი კახოვკასთან უკრაინელებმა ჩაკეტეს და ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რის შემდეგაც 2021 წლის დიდი გვალვის დროს ყირიმს უდიდესი ზარალი მიადგა. სწორედ ამიტომ რუსეთის არმიამ შარშან თებერვალში სწრაფად დაიკავა კახოვკა და არხში წყალი გაუშვა. ახლა კი ყირიმის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი აქსენოვი ძალიან ცუდ ხასიათზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კახოვკის წყალსაცავიდან მარაგდებოდა სასმელი წყლით რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები ბერდიანსკი და მელიტოპოლი, რომლებიც ახლა წყლის დეფიციტს განიცდიან.

რას ნიშნავს ეს უკრაინისათვის? ნიშნავს იმას, რომ კაშხლის განადგურებით და მისგან გამოწვეული უწყლოობით ყირიმი და სხვა ოკუპირებული რეგიონები რუსეთისთვის ეკონომიკურ მნიშვნელობას კარგავს. ანუ, სიტუაცია ასეთია: უკრაინას მათი უკან დაბრუნება ბრძოლით არ შეუძლია, მაგრამ არც რუსეთისათვის აღარ არის მომგებიანი. ამ თვალსაზრისით კაშხლის განადგურება შეიძლება განხილული იქნას როგორც თავის დაზღვევა იმ შემთხვევისათვის, თუ უკრაინის არმიის კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდება.

თუმცა, კიევის მხარესაც აქვს „ალიბი“, რადგან თუ მეომარი მხარე დარწმუნებულია გამარჯვებაში და მტრისგან თავისი მიწა-წყლის გათავისუფლებაში, ის ყოველთვის ცდილობს დასაკავებელი ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას.

წყარო