Home Blog Page 1867

„ჰამასმა“ ერთკვირიანი ზავის შესახებ ისრაელის შეთავაზებაზე უარი თქვა -WSJ

პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ უარი თქვა ისრაელის მთავრობის წინადადებაზე, რომელიც ათობით მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებების ერთი კვირით შეწყვეტას ითვალისწინებდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ეგვიპტეს მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის წყარო აცხადებს, რომ ისრაელი 7 ოქტომბერს გატაცებული 40 მძევლის გათავისუფლებას ითხოვდა – ქალების, ბავშვების და ხანდაზმული კაცების, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ამის სანაცვლოდ კი ისრაელი „ჰამასს“ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების ერთი კვირით შეჩერებასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სთავაზობდა.

მოლაპარაკებებში პირველად უნდა მიეღოთ მონაწილეობა სიმძლავრით მეორე პალესტინურ დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ წევრებს, თუმცა ისინი ითხოვდნენ, რომ ისრაელს საბრძოლო მოქმედებები მოლაპარაკებების დაწყებამდე შეეწყვიტა. მათ ასევე სურდათ, რომ ისრაელს 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ციხეებიდან დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი გაეთავისუფლებინა. ამ დროისთვის ღაზაში 137 ისრაელელი მძევალი რჩება, მათ შორის 19 ქალი და 2 ბავშვია.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ერთ ხანმოკლე ზავს უკვე მიაღწიეს, რომელიც 24 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე მოქმედებდა. შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 105 მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი ციხეებიდან 210 პალესტინელი.

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად 1 200 ადამიანი დაიღუპა. პალესტინური მხარე აცხადებს, რომ „ცაჰალის“ საპასუხო ოპერაციას ღაზაში 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„გერმანიამ ქართველებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების გზა გაურთულა“ – რას წერს „დოიჩე ველე“

„საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების შვიდი წლის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ მიგრანტების ნაკადის შემცირება გადაწყვიტა“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვრდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გერმანიამ ქართველებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების გზა გაურთულა“. პუბლიკაციაში გადმოცემულია ქართველი მიგრანტების მდგომარეობა გერმანიაში, ასევე შეფასებულია თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ნენსი ფეზერის ვიზიტი, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბრალდებულებს სახელად ჰქვიათ გივი, სოლომონი, თორნიკე და მიხეილი. მათი ასაკია 31-დან 39 წლამდე. საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში მათ ბერლინის ჩრდილოეთ რაიონებში სულ მცირე ხუთი ბინა გაძარცვეს და ნაძარცვს – ძვირფასეულობას, ელექტრონულ აპარატურას და სხვა ნივთებს ყიდდნენ, ხოლო მიღებულ ფულს სამშობლოში გზავნიდნენ, საქართველოში. ახლა ოთხივე განსასჯელთა სკამზე სხედან, ბერლინის საქალაქო სასამართლოში, სადაც  მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იხილება.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 2022 წლის ზაფხულში ბერლინის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა საქართველოს მოქალაქეს – 30 წლის ლაშა ბ.-ს, რომელიც ბინებს ძარცვავდა და მთლიანობაში 60 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარა.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების მონაცემებით, გერმანიაში მყოფი ქართველი ქურდების ნახევარზე მეტს განაცხადი აქვს წარდგენილი… პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე.

უვიზო რეჟიმმა თავშესაფრის მიღების მსურველები გაამრავლა

საქართველოს ევროპული მომავალი ბერლინში, ბრიუსელში და თბილისში პოლიტიკოსებს ცოტა სხვადასხვანაირად ჰქონდათ წარმოდგენილი. როცა 2017 წლის 27 მარტიდან ევროკავშირმა ვიზები გააუქმა კავკასიური რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის, ევროპაში იმედოვნებდნენ, რომ ევროპაში უვიზო მოგზაურობა ქართველებს კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებდა დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის უპირატესობაში. მაგრამ ერთი წლის სემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ და შვედეთმა, დაიწყეს ლაპარაკი, რომ შესაძლოა ქართველი მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი გაეუქმებინათ. ამის მიზეზი იყო დამნაშავეობის ზრდა და თავშესაფრის მიღების თხოვნების მატება. ცხადია, გერმანიის საიმიგრაციო უწყებებმა დაიწყეს განაცხადების უარყოფა, რომლის დონემ 99%-ს მიაღწია.

საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების შემოსავლების მოცულობაში განსხვავება იმდენად მაღალია, რომ ქართველების საკმაოდ დიდ რაოდენობას თავში ეშმაკური აზრი მოუვიდა – საცხოვრებლად გერმანიაში გადასვლა, თანაც გერმანელი გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. უვიზო რეჟიმის პირველ წელიწადში გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა.

უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება ქართველების მიერ

გერმანული კანონები ნებისმიერ უცხოელს პრინციპულ უფლებას აძლევს ქვეყნაში შემოსვლისთანავე პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს. მათ, ვინც ასეთი განაცხადი წარადგინა, გერმანია საცხოვრებელი ფართობით და საკვებით უზრუნველყოფს მანამ, სანამ განაცხადის განხილვის პროცესი მიმდინარეობს. შედეგმაც არ დააყოვნა: საერთო საცხოვრებლები ქართველი მიგრანტებით გაივსო, რომლებსაც თავშესაფრის მიღება სურდათ. მათი გათვლები მარტივი იყო: ბევრისთვის მომგებიანი იყო  გერმანულ საერთო საცხოვრებელში ყოფნა, თვეში 400 ევროს მიღება და ლოდინი. გერმანული ბიუროკრატიული მანქანის გამო განაცხადების განხილვა წლობით ჭიანურდებოდა, შესაბამისად, ასევე ხანგრძლივდებოდა ქართველთა ლოდინი, ევროების ყოველთვიური მიღება და ფულის სამშობლოში გადაგზავნა, ნათესავებისათვის.

საბოლოო ჯამში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მაგალითად, საქსონიაში, ლტოლვილის სტატუსის მიღების პრეტენდენტთა განთავსების ცენტრში მყოფი ყოველი მეხუთე პიროვნება ქართველი იყო. დროის გარკვეულ მონაკვეთში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილზე გავიდნენ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნის თვალსაზრისითაც. ისინი საკმაოდ უცნაურ კამპანიაში აღმოჩნდნენ – ავღანელებს, სირიელებსა და ერაყელებს შორის, თუმცა მათი ქვეყნები, კვკასიური სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ევროკავშირში მიღების პრეტენდენტები არ იყვნენ.

ქართველო მიგრანტებო, ფრთხილად!

2023 წლის 19 დეკემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა და მისმა ქართველმა კოლეგამ ვახტანგ გომელაურმა თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მთელ რიგ ზომებს ითვალისწინებს ქართველ მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად – ვთქვათ, საქართველოში საინფორმაციო კამპანიის მოწყობას დევიზით „ქართველებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების მცირე შანსი აქვთ“.

გერმანული პრესის თანახმად, საქართველოს მთავრობა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიასთან იმ ქართველი მოქალაქეების დეპორტაციის საკითხში, რომლებსაც გერმანულმა საიმიგრაციო სტრუქტურებმა თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს და სამშობლოში დაბრუნება „გამოუწერეს“. იგივე ეხება დამნაშავეებად შერაცხულ საქართველოს მოქალაქეებსაც.

გასულ კვირას გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ – ბუნდესრატმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეტანაზე, რომლებიც უსაფრთხო სახელმწიფოებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ქართველთა განცხადებები სწრაფად იქნება განხილული, მათ უარის ვერდიქტს გამოუტანენ და ასევე სწრაფად მოხდება მათი დეპორტაცია გერმანიიდან. მიმდინარე წლის 11 თვეში, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 ათასმა მოქალაქემ ითხოვა.

პრიორიტეტი – უკრაინელებს…

რა თქმა უნდა, გერმანიიაში თავშესაფრის მიღება სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც სურთ. საერთო ჯამში, გერმანიას იგივე თხოვნით სხვადასხვა ქვეყნის 304 ათასმა ადამიანმა მიმართა.

მაგრამ იმდენად, რამდენადაც გერმანიაში სხვა ქვეყნიდან ჩასულ მიგრანტებთან ერთად, ერთი მილიონი უკრაინელიც იმყოფება, რომლებსაც ასევე ჭირდებათ საცხოვრებელი ფართობი, გერმანიის ხელისუფლება ყველანაირი ხერხებით ცდილობს შეამციროს არალეგალური მიგრანტების შესვლა თავის ტერიტორიაზე.

წყარო

ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება-ენტონი ბლინკენი

ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება, რათა დანებდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„თუ „ჰამასი“ ამას იზამს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. თუ „ჰამასი“ ამას იზამდა, ეს მოხდებოდა ერთი თვის, ექვსი კვირის უკან“,- განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ ყველას სურს კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი „ჰამასის“ დარჩენით დასრულდება, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლობა 7 ოქტომბრის თავიდან გამეორების, რაც არც ისრაელის და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.

„როგორ შეიძლება, რომ მოთხოვნა არ იყოს აგრესორის მიმართ და მხოლოდ მსხვერპლის მიმართ იყოს“,- განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენს ასევე ჰკითხეს ღაზის სექტორში დაღუპულების ზრდის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ ბრძოლები „დაბალი ინტენსიურობის ფაზაში უნდა გადავიდეს“.

„ჩვენ ველით და გვინდა, ვიხილოთ გადასვლა უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც ორიენტირებულები არიან „ჰამასის“ ხელმძღვანელობასთან, გვირაბის ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ბრძოლაზე. და როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, თუ როგორ შემცირდება მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანი“, – ამბობს ბლინკენი.

“არაერთხელ მითქვამს, მიშა თვითაღიარების დიდოსტატია!” – გოგა ხაინდრავა

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ 20 დეკემბერს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას (7 ნოემბრის საქმეზე) ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა:

“არაერთხელ მითქვამს,მიშა თვითაღიარების დიდოსტატია. აგე, დღესაც ჩაუშვა ხაზარაძე! შიკრიკად ჰყოლია გამწესებული. ფარჩაკ კიკუსგან განსხვავებით, ბრწყინვალების ორდენოსანის მისია დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა…

სად იყო და სად არა, მიშას პირში ენა აღარ გაუჩერდა და გაშიფრა მისი ონერი!” – წერს ხაინდრავა.

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ვებ-გვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის გადახდის სისტემით ინტეგრირებულ უფასო ვებ-გვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს. კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს გადაეცემათ მათ ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული ვებ-გვერდი უფასოდ.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში ონლაინ ვაჭრობის განვითარებას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ელექტრონული კომერციის საშუალებით.

კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით.

სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებიისათვის უზრუნველყოფს: უფასო ვებ-გვერდის დამზადებას;  ვებ-გვერდის მართვის უფასო ტრენინგს; ერთწლიან უფასო დომენს; ერთწლიან  უფასო ჰოსტინგსა და  ტექნიკურ მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მეწარმეებმა უნდა შეავსონ კითხვარი ბმულის საშუალებით: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfVKz1N4As3fDaJCH…/viewform

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 იანვარი.

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 35 დრონიდან 34 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35 დრონიდან 34 ჩამოაგდო, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები სამი მიმართულებდან გაუშვეს : ოკუპირებული ყირიმიდან, და რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკოახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქებიდან.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცასჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში.

არავის აქვს უფლება გვითხრას, ვისი შემოშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში -უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

არავის აქვს უფლება გვითხრას, ვისი შემოშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში, – ასე აფასებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღწეულ შეთანხმებას.

„არც ბრიუსელს და არც სხვა ვინმეს აქვს იმის უფლება, გვითხრას, ვისი შემოშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში, რადგანაც ძალაუფლება უნგრელმა ხალხმა მოგვცა და არა ბრიუსელის ელიტამ. კარგი იქნება, თუ არ შეეცდებიან ჩვენზე იძულებითი ზომების დაწესებას, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ“, – განაცხადა სიირატომ.

ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ „მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტზე“ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე არცერთი კითხვა არ არსებობს -ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში.

აღნიშნული კომენტარით ბაიდენი გამოეხმაურა კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.

„მე-14 შესწორება ვრცელდება თუ არა, ჩვენ სასამართლოს მივცემთ უფლებას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე კითხვა არ არსებობს. არცერთი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უარი განუცხადა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ეპასუხა კითხვაზე – უნდა მოიხსნას თუ არა ტრამპი საპრეზიდენტო კენჭისყრიდან.

ამასთან, კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა თავად დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „დიქტატურის დასაწყისია“. მისივე თქმით, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე დემოკრატების მიერ იყო დანიშნული და ის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 დეკემბერს ქუთაისში +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზე და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +10, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალაქო დღე და +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +2, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

„მედიკამენტებზე, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, ჩვენმა მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს“

„მედიკამენტებზე, რეფერენტული ფასების  დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, ჩვენმა მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელი, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მედიკამენტებზე, ფასის ხელოვნურ ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული არასამართლიანი ფასებით, ზარალდება როგორც მოქალაქე, ისე სახელმწიფო.

„ჩვენი მხრიდან გაუგებრობა ნამდვილად არ არის, თუ ვინმესთვის ეს გაუგებარია , სამინისტროში არსებობს შესაბამისი პლატფორმა, სადაც ნებისმიერი სახის კომუნიკაციაა შესაძლებელი.

მედიკამენტების ბაზრის რეგულირების დაწყებიდან დღემდე, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან სამწუხარო ფაქტები მუდმივად გვხვდება. ეს რეფერენტული ფასების დაწესებას ეხება.

ჩვენი მხრიდან გაჟღერდა წამლის იმპორტის ფასები და ის ფაქტი, თუ რა ფასად მიდიოდა შემდგომში ეს მომხმარებლამდე. სამინისტრომ უფრო მძიმე ფაქტები, აპრილის თვეშიც დააფიქსირა. არასამართლიანი ფასებით, ზარალდება როგორც  ჩვენი მოქალაქეები, ისე სახელმწიფო. საუბარია, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ონკოლოგიური მედიკამენტების ერთდროულად გაძვირებაზე. მოკვლევა ბოლო ეტაპზეა და შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

თუ ვინმეს არ ახსოვს იმპორტის ფასები, ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან შეუძლია გამოითხოვონ და ნახონ, თუ რა ფასად იყიდება ეს მედიკამენტები საცალო ქსელში.

ჩვენ რეფერენტული ფასების დაწესება ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტებით დავიწყეთ, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს.

ამ დროისთვის რეფერენტული ფასი დაახლოებით 5 000 მედიკამენტზე მოქმედებს, რაც ფარმაცევტული ბაზრის ნახევარზე მეტია.ეს ფასწარმოქმნას ნამდვილად მოაწესრიგებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფასები იყოს სამართლიანი და კონკურენტული. აღნიშნული ცვლილებით, წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს. ასევე, ძალიან დიდი შეღავათებია, ონკოლოგიური მედიკამენტების მიმართულებითაც“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ ჩვეული ხერხი აღარ ჭრის, ახლებურად მოქმედება უნდა სცადოთ. მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. ეცადეთ, მუშაობის დროს საყოფაცხოვრებო საქმეებზე ფიქრი თავიდან ამოიგდოთ – შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომელიც ძვირად დაგიჯდებათ. შორეული ქვეყნიდან სასიხარულო სიახლეები გელით.

კურო

თქვენი უმიზეზო ნერვიულობით შეიძლება ვიღაცას ხასიათი გაუფუჭოთ. ეცადეთ, ჯავრი იმ ადამიანებზე არ იყაროთ, რომლებსაც თქვენს ცუდ განწყობასთან საერთო არაფერი აქვთ. შესაძლოა, რომელიღაც მნიშვნელოვან საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ და ამის გამო შვება იგრძნოთ. ამ დღეს თქვენს ქმედებებს ინტუიცია განაპირობებს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ – ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ და ინფორმაციები გადაამოწმოთ.

ტყუპები

სამსახურში სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. მოსალოდნელია შეცდომები, რომლებიც შეიძლება თქვენს კარიერულ მდგომარეობაზე ცუდად აისახოს. შეიძლება ემოციების გავლენით შეიძინოთ ნივთები, რომლებიც არაფერში გჭირდებათ, თუმცა მოგვიანებით, თავადაც გაოცდებით ისინი იმდენად საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდება.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურში ცვლილებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. მეგობრებთან ურთიერთობამ შეიძლება, სიხარულის გარდა, სარგებელიც მოგიტანოთ. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ, ენერგია კი კამათის ნაცვლად, სიყვარულზე დახარჯოთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, მაგრამ ეცადეთ მისმა ხიბლმა თავბრუ არ დაგახვიოთ და სიფხიზლე არ დაგაკარგვინოთ – ის რაღაც საიდუმლოს მალავს. დაფიქრდით, გინდათ თუ არა ასეთ სარისკო ურთიერთობაში შესვლა. სამუშაო დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. შესაძლოა, მენეჯმენტის ქებაც კი დაიმსახუროთ

ქალწული

ზოგჯერ ჩვენი ოცნებები რეალობას მოწყვეტილია და ასრულება არ უწერიათ. ასეთი ოცნებების დევნას, ჯობია, რაღაც უფრო რეალური მოიფიქროთ. შეგიძლიათ, თქვენი დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ და საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. შესანიშნავი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

სასწორი

საქმეს, რომელიც არ გაინტერესებთ, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი დროით თაროზე შემოდებთ. სწორი გადაწყვეტილებაა – უინტერესო საქმის კეთების დროს უამრავ შეცდომას დაუშვებთ და ფინანსურად დაზარალდებით. ამასთან დაკავშირებით ორი გამოსავალი არსებობს: ან დაინტერესდეთ იმით, რისი კეთებაც გიწევთ, ან აკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.

მორიელი

თუ ადრე ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას ცდილობდით, ამ დღეს შეიძლება მოვალეობების სხვებისთვის განაწილება მოგინდეთ. მშვენიერი იდეაა. ჩართეთ თქვენს საქმიანობაში კოლეგები და ახლობლები და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ცდილობთ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვოთ და ამ იმპულსს არ უნდა შეეწინააღმდეგოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში წარმატება გელით. ნუ შეგეშინდეთ, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ის აკეთოთ, რაც გსურთ. შესაძლოა, ამ დღეს გარკვეული თანხა მიიღოთ, მაგრამ გირჩევთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

თხის რქა

ამ დღეს სამუშაო უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ოდესმე, ასე რომ, კოლეგებს უფლება არ მისცეთ, რომ საუბრით ყურადღება გაგიფანტონ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით, ამიტომ თავი შიკავეთ და ბედს მიენდეთ.

მერწყული

თუ გაურკვევლობა გაწუხებთ, პარტნიორთან ან კოლეგებთან გულწრფელად უნდა ისაუბროთ, თუნდაც საუბარი არასასიამოვნო იყოს. შეიძლება, მეგობარმა სწრაფი ფულის შოვნა შემოგთავაზოთ – არ დათანხმდეთ და არც ფული ასესხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ფულს ვეღარ დაიბრუნებთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ვისთანაც საერთო ინტერესები გაერთიანებთ. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა წარმატებული იქნება და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. პროფესიულ საქმიანობაში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.

,,ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის სწრაფად დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია”- ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია.

“ნათელია, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადავიდეს – გადავა – უფრო დაბალი ინტენსივობის ფაზაში. ჩვენ ველით, და გვინდა ვიხილოთ, გადასვლა უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც რეალურად არიან ფოკუსირებულნი “ჰამასის” ხელმძღვანელობაზე, გვირაბების ქსელსა და სხვა მიმართულებებზე. როგორც კი ეს მოხდება, თქვენ დაინახავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად შემცირდება”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა “უზრუნველყოს, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდება”.