Home Blog Page 1865

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6882 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6882 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6882 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9430 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9413 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

უკვე მესამედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2023-ის გამარჯვებულია

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები ცნობილია. უკვე მესამედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა.

აღნიშნული ჯილდო, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და გამჭირვალობის მაღალ ხარისხს

„BARTA-ს კონკურსი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან გამჭვირვალე ანგარიშგება მომხმარებელთა თუ ინვესტორთა ნდობის მოპოვებისა და გამყარებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე. გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, – თორნიკე ეგნატაშვილი, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით ოთხი წლის წინ შეიქმნა.

r

 

სუპერ პაკ-ი გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, რას მოიტანს -არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ბევრ დროს ვერ დაუთმობენ, რადგან საზოგადოებას უფრო საინტერესო საკითხებზე აინტერესებს ხელისუფლების პოზიცია.

თალაკვაძის თქმით, მანიფესტმა უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და გამოჩნდება, რა შედეგი ექნება სუპერ პაკ-ს.

„მიხეილ სააკაშვილისა და მისი განცხადებების შეფასებას ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ. საზოგადოებას აქვს უფრო საინტერესო საკითხები, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ  სწორედ ამ საკითხებზე საუბარს უნდა დავუთმოთ დრო, მით უმეტეს, საარჩევნო წელი იწყება. მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნუ ექნებათ ილუზია, რომ მათ განცხადებებზე საუბარს ბევრ დროს დავუთმობთ. რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, ჯერ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა სუპერ პაკ-ს ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, სუპერ პაკ-ი რას მოიტანს. მანიფესტმაც უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. „ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი“, – განაცხადა სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

“უკრაინის დაფინანსების თანხა ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ უნდა გამოიყოს” – ვიქტორ ორბანი

უკრაინის დაფინანსების თანხა ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ უნდა გამოიყოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„მათ სურთ უკრაინას თანხა ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოუყონ, უნგრეთს კი სურს, რომ ეს ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებს გარეთ მოხდეს. მათ აქვთ შესაძლებლობა, თუ ჩვენ ამის შესახებ ვერ შევთანხმდებით, რომ ეს ბიუჯეტს მიღმა გადაწყვიტონ, მაგრამ ამის გადაწყვეტა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში, უნგრეთის თანხმობის გარეშე, არ შეუძლიათ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა აღნიშნა, რომ 26 წევრს შეუძლია უკრაინის დახმარების თანხებთან დაკავშირებული პრობლემა ერთობლივი სესხით მოაგვარონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ხუთი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემა… ეს ცუდი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ევროკავშირის ქვეყნებმა, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფის შესახებ ორბანის წინააღმდეგობა ვერ გადალახეს.

ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი – 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა

ევროკავშირმა უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო ნაწილი, 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„ჩვენ ჩვენი მეზობლის, მეგობრისა და მომავალი წევრის მხარეს ვდგავართ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ევროკავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

მთლიანობაში, 2023 წლისთვის, ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური მხარდაჭერის 18 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი გამოუყო. დღევანდელ ტრანშთან ერთად ეს თანხები კიევში სრულად გადაირიცხა.

შსს მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით გვსურს განმარტება გავაკეთოთ მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.

გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.

შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.

შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო.

შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.

მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა” -საერთაშორის სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, ანდრეა რინალდის შეფასებით, ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს, ბაკურიანში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.

„ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებამ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ზრდისთვის. რაც შეეხება ბაკურიანს, ეს შესანიშნავი ადგილია, ყველასთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა“, – განაცხადა რინალდიმ.

2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები „სილქნეტი“ და „ბორჯომი“.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში გაიმართება.

ჩემი საქმე არ არის, სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოვითხოვო-იაგო ხვიჩია

ჩემი საქმე არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოვითხოვო. ეს არც არასდროს მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პოლიტიკოსების საქმე არ არის, პატიმრიდან ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა.

„აზრის გამოთქმას გახარიას ვერ დავუშლით, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი აზრით, სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება. იმის თქმა, რომ სააკაშვილი კარგად არის და ვინმეს მისი შურს, არადამაჯერებელია. ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, გაჭივრებულად მიიჩნევენ – უჭირს, თავისუფლება აკლია და გაჭივრებულზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ უარეს ციხეში უნდა იჯდე, სწორი არ მგონია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

“AUSTRIAN AIRLINES, Georgian Airways-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირებს”

2024 წლის 2 მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს და პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით დასრულებას.

,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელს მოგზაურებისთვის კიდევ ერთი პოზიტიური სიახლით ვასრულებთ. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავსტრიის ავიახაზებთან, რასაც ხელი შეუწყო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ. ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის. ავსტრია არის ერთ-ერთი მოთხოვნადი ბაზარი ჩვენთვის, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებმა პირდაპირი საჰაერო გზით ვენიდან 68,021 მგზავრი მიიღო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი აეროპორტების დივერსიფიკაციასა და მგზავრების სეგმენტაციაზე. AUSTRIAN AIRLINES-ი, Georgian Airways-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირებს. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) დღეიდან ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, ვენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და საინტერესო ბაზარს როგორც ტურისტული, ისე ბიზნეს მოგზაურობისთვის.

“როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები”-კახა კალაძე

როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან პარტიის ლიდერები. ყველაფერი ცხადი და ნათელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„თუმცა, ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პარტია, ვართ ქვეყნის ხელისუფლებაში, არის ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება და მთელი ჩვენი ძალისხმევა და ყურადღება მიმართულია ამისკენ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას, გაეცეს ღირსეული პასუხი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებითა და გაკეთებული საქმეებით“, – აღნიშნა კალაძემ.

საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერმა ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ვერ იკანონებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამით უკვე 3000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.

„ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და 3000-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რათა ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოწმობების გადაცემასთან ერთად, აღნიშნულ 66 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კახა კახიშვილი და კახა ლაბუჩიძე, ასევე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს -კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს, რადგან რეალურად შესანიშნავ ფორმაშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციების ნაწილი იყო და მას ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონია.

„სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი რაიმე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება ჰქონდა. რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და კარგად გამოიყურება“, – აღნიშნა კალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.