სუპერ პაკ-ი გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, რას მოიტანს -არჩილ თალაკვაძე

28
spot_img

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ბევრ დროს ვერ დაუთმობენ, რადგან საზოგადოებას უფრო საინტერესო საკითხებზე აინტერესებს ხელისუფლების პოზიცია.

თალაკვაძის თქმით, მანიფესტმა უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და გამოჩნდება, რა შედეგი ექნება სუპერ პაკ-ს.

„მიხეილ სააკაშვილისა და მისი განცხადებების შეფასებას ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ. საზოგადოებას აქვს უფრო საინტერესო საკითხები, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ  სწორედ ამ საკითხებზე საუბარს უნდა დავუთმოთ დრო, მით უმეტეს, საარჩევნო წელი იწყება. მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნუ ექნებათ ილუზია, რომ მათ განცხადებებზე საუბარს ბევრ დროს დავუთმობთ. რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, ჯერ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა სუპერ პაკ-ს ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, სუპერ პაკ-ი რას მოიტანს. მანიფესტმაც უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. „ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი“, – განაცხადა სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.