ადამიანს რაღაც, ფურცელი თუ ქაღალდი ედო წინდაში, ეს რა კანონდარღვევაა, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა მათ უპრობლემოდ შეეძლოთ გაეტანათ ნებისმიერი რამ, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
ბარამიძის თქმით, ადამიანი წინდაში რას ჩაიდებს და რას გაიტან-გამოიტანს, კანონდარღვევა არ არის.
„ამისთვის გამოვარდეს ქვეყნის იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, ადამიანს როგორ აქვს რაღაც წინდაში ჩადებული, სამარცხვინო ამბავია. რაღაც პროვოკაციაზე ლაპარაკობს, რა არის აქ პროვოკაციული, ამ ადამიანმა რა კანონი დაარღვია, რა პროვოკაცია ჩაიდინა, ჯერ არც ვიცით, რა ფურცელი იყო. თვითონ ამბობენ ნიმუშიაო, იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა, რამე გამოიკვლია, რა ქაღალდი ედო ადამიანს წინდაში, იქნებ მისი პირადი ნივთია, ვინმემ ეს გამოიკვლია? ეჭვებს რასთან დაკავშირებით შეიძლება იწვევდეს? რატომ დასჭირდა, ჰკითხონ და უპასუხებენ. ადამიანი, რომელსაც ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ჰქვია, ყოველგვარი შესწავლის გარეშე ამას ლაპარაკობს. იქნებ მისი პირადი ნივთია, მისი საქმეა მის წინდაში რა ექნება. ამ ადამიანს არც კანონი, არც პროცედურა დაურღვევია, რა პროვოკაციაზე ლაპარაკობენ და რა სკანდალს ტეხენ“, – განაცხადა ბარამიძემ.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, პოლონელი ექიმი თუ რამეს მალავდა, ნიშნავს, რომ ხელისუფლების ნდობა არ აქვთ.
„სჯობს იმაზე ილაპარაკონ, თვეების განმავლობაში, პოლონელ, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს აიძულებდნენ, საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონება არაკვალიფიციური ადამიანები იყვნენ. ეს მათი პრობლემაა, რომ ამ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნიდნენ. პოლონეთში თუ ადამიანი უმაღლესი კვალიფიკაციისაა, საქართველოში მას ვინმე კვალიფიკაციას უწუნებს? ოთხი თვე ეს ადამიანები აწვალეს, შეუშვებდნენ თუ არა. უმაღლეს ოფიციალურ დონეზე უთხრეს, რომ შეგიშვებთ, შემდეგ ათასგვარ სისულელეს ეუბნებოდნენ რომ დაემტკიცებინათ ექიმობა, რაც სამარცხვინოა. როგორი ფორმითაც მათ სურდათ, ისე გამოიტანეს ნიმუშები. თუკი ეს ადამიანი, დავუშვათ, რამეს მალავდა, ეს კიდევ უფრო საგანგაშოა. იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ხელისუფლების ნდობა არ აქვთ და რაღაცის ფარულად გამოტანა გადაწყვიტა. ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, იგივე პუტინის გაგრძელება და მის მიმართ არ აქვთ ნდობა. მისი საქმეა, ვის რა უდევს თავის წინდაში, ეს იუსტიციის მინისტრის საქმე არ არის. უცნაურობა შეიძლება იყოს, მაგრამ უცნაურობის გამო ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გამოხტეს და სკანდალი ატეხოს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს, ბარამიძის თქმით, „სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, მზად არიან ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მეგობარ ქვეყანას რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო შარი მოსდონ“.
„ეს რამე დიპლომატიური პრობლემაა? რამ უნდა იმოქმედოს ურთიერთობებზე, წინდაში რომ ედო ადამიანს ფურცელი? – აბსურდია. თავისთავად აბსურდი და სამარცხვინოა, თითქოს ამ ადამიანის ეს ქმედება რამე პრობლემას ქმნის. ამ ადამიანს არც კანონი დაურღვევია, არც საქართველოში ყოფნის წესი, ელჩს რის გამო უნდა იბარებდნენ, რა უნდა უთხრან, რატომ ედო ამ ადამიანს წინდაში ფურცელი? იქნებ მისი პირადი იყო, იქნებ ასეთი ახირება აქვს, ყველას გვაქვს რაღაც ჩვევა. სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, მზად არიან ერთ-ერთ მთავარ მეგობარ ქვეყანას რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო შარი მოსდონ, თურმე, მთლად უარესი, ელჩის დაბარებას აპირებენ. საზოგადოებას შეიძლება წარმოუჩინონ ათასი სისულელე, ატომური ბომბი ედო წინდაში“, – აღნიშნა ბარამიძემ.