,,პოლონელ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნიმუში ოფიციალურად აეღოთ”- ზურაბ ჩხაიძე

186
spot_img

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას, მისი ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ეს ინციდენტი მაშინ, როცა პოლონელ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნიმუში ოფიციალურად აეღოთ.

„როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად რვა საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. თუმცა, იმ მომენტში, როცა მათივე ინიციატივით ნიმუშები აიღეს, ეს ფაქტი არ მინახავს. ამისთვის გარკვეული წესი არსებობს. პირველ რიგში, ამას უნდა ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც, სხვა თანამშრომლებიც, ეს უნდა მოხდეს სრული წესის დაცვით, უნდა დაილუქოს ყველას თანდასწრებით, ხელი უნდა იყოს ყველას თანდასწრებით მოწერილი, რაც შემდეგში გაკეთდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქამდე ეს მცდელობა იყო მათი მხრიდან, ამ ნიმუშის არალეგალურად აღების, თუ გატანის.

პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ნებართვა და მათ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და ასევე, წარბის ნიმუში, რომელიც ჩვენი თანდასწრებით, ლეგალურად იქნა აღებული და კონვერტში მოთავსებული, რაც მათ შემდგომ, პენიტენციური დაწესებულების თანხმობით გაიტანეს კლინიკიდან. ეს ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ. მიზანი რა იყო, ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად და ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა მათი მხრიდან“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა 360 გრადუსში სტუმრობისას.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს.