“გიორგი ვაშაძე არის სააკაშვილის უბიდან გადმოვარდნილი ადამიანი და იმავე უბეში დაბრუნდა”-გიორგი ცაგარეიშვილი

106
spot_img

გიორგი ვაშაძე არის სააკაშვილის უბიდან გადმოვარდნილი ადამიანი და, რა თქმა უნდა, იმავე უბეში დაბრუნდა ისე, რომ მე ამაში ვერანაირ სიახლეს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„უბრალოდ, ერთი რამ მაინტერესებს, ასეთ „ძლევამოსილ” პარტიას, რომელიც მუდამ იმას ეუბნება საზოგადოებას, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, რომ ის არის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, რომ მისი რიგები ივსება ახალი მხარდამჭერებით, თურმე ასეთ ძლევამოსილი პარტია სამკაციანი პარტიის თავმჯდომარეს ლამობს პრემიერ-მინისტრად. ეს როგორ შეეფერება და შეესაბამება ერთმანეთს, მგონი, მართლა სამი კაცი არიან, დადიან ხოლმე პარლამენტიდან კორიდორებში ერთი, ორი, სამი – მე მეტი არავინ მინახავს. ახლა ასეთი ძლევამოსილი პარტია რომ ასეთ ადამიანს ჩაიყენებს სათავეში, ყვარყვარეს ჯარს არ დაემსგავსონ მერე – ყვარყვარე ალთას რომ მიდის და ჯარი – ბალთას, გზააბნეულები რომ არიან, რომ არ იციან, ერთმანეთის რა უნდათ და ამ ქვეყნისგან რა უნდათ კიდევ. ეს, ერთი მხრივ, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ბუნებრივია, საარჩევნო კონკურენციის თვალსაზრისით ვუყურებ ახლა ამ ამბავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან სევდიანი ისტორიაა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები როცა შემობრძანდებიან პარლამენტში ამ ბოლო ხანს, ბოლო 12 წლის განმავლობაში ოთხი წელი გვაძახებენ, რომ აუცილებლად დაგამარცხებთო არჩევნებში და ბოლოს სადღაც პოლიტიკურ ორღობეში ერთმანეთს გადაეყრებიან ხოლმე, ვითომ ერთმანეთისგან დაშორებული ადამიანები, არადა, თანაგუნდელები, თანამზრახველები და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ერთმანეთი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მანამდე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე საუბრობდა, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ „ვაშაძე არ იქნება ბოლო გაჩერება და კიდევ სხვა კანდიდატურას იპოვიან.“

„მე არ გამიკვირდება, რომ ვინმე სხვა იპოვონ კიდევ და ეს არ იყოს ბოლო გაჩერება მათი, აღმოაჩინონ ვინმე, გარე პარტიაში ან წარმომადგენლობაში, დიდი და ფართო არჩევანი აქვთ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში,“ რომელიმე ავაზაკს იპოვიან კიდევ და ჩაიყენებენ სათავეში. არავითარი აზრი არ აქვს, ვინ იქნება ამ ადამიანების სათავეში. მანამდე სააკაშვილი უნდოდათ, ახლა სააკაშვილი არ უნდათ და ვაშაძე უნდათ, სავარაუდოდ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მიხვდნენ, დამარცხდებიან სასტიკად მომავალ არჩევნებში და არ უნდათ ამხელა „ძლევამოსილი“, „მსოფლიო მასშტაბების“ ფიგურა, ისეთი, როგორიც სააკაშვილია (რა თქმა უნდა, ირონიით ნათქვამია), დამარცხებულ პარტიას ჩაუყენონ სათავეში, იპოვიან გარე ლუზერს, აბსოლუტურად ნოლს, ვაშაძის მსგავსს და მას ჩაიყენებენ სათავეში და ლუზერები ლუზერს ჩაიყენებენ სათავეში და შედეგიც ლუზერული იქნება. ნოლს რომ ნოლი მივუმატოთ, ნოლი იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, მანჯგალაძეც გახდეს მომავალი პრემიერ-მინისტრი ან ის მესამეც, შეიძლება, მასაც ჰქონდეს შანსი და არიან ადამიანები პოლიტიკური ლაზღანდარობით დაკავებულნი, ჩვენ არ გვინდა ამით დავკავდეთ, მაგრამ ასეთი არასერიოზული კომენტარები გვიწევს ხოლმე ასეთ სერიოზულ თემებზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.