Home Blog Page 1861

“ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას”

ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას – ძველ რომში ამბობდნენ, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდ ქვეყანა დაიქცესო“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან უკრაინის რადას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს.

როგორც ღუდუშაური აცხადებს, ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „რეალობას, მათ შორის სტრასბურგის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობიერებს”. მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ვერ გაზომავს „ამ ქვეყნის მოსახლეობის პოზიციას და სამართლიან მართლმსაჯულებას დაუპირისპირდება“.

„რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღოს სააკაშვილზე უკრაინის რადამ, ამ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, ჰყავს ძალიან ამაყი, ღირსეული ხალხი და ღირსეული მთავრობა, რომელიც იცავს სუვერენიტეტს. ღმერთმა დაიფაროს უკრაინა ამისგან, მაგრამ სულ რომ რადას ყველა წევრი არახამია გახდეს ერთ მშვენიერ დღეს, მაინც ვერაფერს შეცვლიან, ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს, ღირსებას, კანონმდებლობას დავიცავთ. კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებით ქართულმა და ევროპულმა მართლმსაჯულებამ გასცა ყველაფერს პასუხი, ამიტომ ვურჩევდი, ნერვებს გაუფრთხილდნენ და მიხედონ თავიანთ საქმეს.

ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც სხვა მსგავსი ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას, ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდ ქვეყანა დაიქცეს“. იმ ჩანაწერში არსად არის ის, რომ მართლმსაჯულების აღსრულებას წინ შეიძლება აღუდგეს ვინმე არახამიები, სხვა პირები ან რაიმე რეზოლუციები. უკრაინამ რეზოლუცია კი არ უნდა მიიღოს, მარტივი დოკუმენტი უნდა გამოსცეს და საქართველოს უნდა გადმოსცეს კრიმინალი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ვინც თავს აფარებენ უკრაინას და ქართველი ხალხის შეურაცხყოფის ხარჯზე მათ ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე. როცა ქართველმა ხალხმა ის რეჟიმი გაისტუმრა უკრაინა ამ ჩამოწერილთა ნავსაყუდლად აქციეს იმ კრიმინალების, რომლებიც აქედან მართლმსაჯულებას გაექცნენ, ასეთი ადამიანების თავშეყრის ადგილად აქციეს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ქუჩებში იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ, რის შემდეგაც შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ.

მისივე თქმით, ზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

„ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რა თქმა უნდა, გვაქვს. ძირითადად, ეს უმსხვილეს ქალაქებში ხდება. დაბინძურება ორ ძირითად ნაწილად იყოფა – მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის პრობლემა. ამ უკანასკნელის მთავარი გამომწვევი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქალაქში, ავტოტრანსპორტია. მყარ ნაწილაკებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც სამრეწველო სექტორი კანონმდებლობით დავარეგულირეთ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. რაც კომპანიებმა თვითკონტროლი დაიწყეს, მყარი ნაწილაკებით დაბინძურება შემცირდა, განსაკუთრებით რუსთავში.

აზოტის დიოქსიდის პრობლემა გამოწვეულია მანქანების გაუმართაობით და არა საწვავის ხარისხით. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწვავის ხარისხს ყოველწლიურად ამოწმებს და ბენზინთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება, ხოლო დიზელის პრობლემა, ძირითადად, გოგირდთან დაკავშირებულია, რაც გამონაბოლქვზე გავლენას არ ახდენს.

ავტომობილების ტექნიკური გამართულობა მავნე ნივთიერებებთან პირდაპირ დაკავშირებულია. ამისთვის შემოვიღეთ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ გვყავს უპასუხისმგებლო მძღოლები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ინსპექტირების დღისთვის აწესრიგებენ მანქანას. ამ მავნე პრაქტიკის შესამცირებლად, საჭიროა, რომ გზებზე გამონაბოლქვი შევამოწმოთ და ამით უპასუხისმგებლო მძღოლები ვაიძულოთ, რომ მათი ავტომობილები მუდმივად მწყობრში იყოს.

ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ და შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ. ეს კანონი ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

ზღვრული ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში, ბუნებრივია, იარსებებს სანქციები. ფიზიკური პირებისთვის პირველ ჯერზე ეს 100 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში – 300 ლარი, ხოლო მესამე დაფიქსირებისას, ჯარიმა 600 ლარამდე გაიზრდება.

იურიდიული პირების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე იზრდება, – აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ტექ-ინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შედის, რათა მძღოლებმა ავტომობილების ტექნიკურ შემოწმების თავი აღარ აარიდონ.

„გარდა ამისა, ჩვენ ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შემოვიღეთ, რათა ის ადამიანები, რომლებსაც 40 ლარის გადახდით ინსპექტირებისთვის თავის არიდება ურჩევნიათ, ვაიძულოთ მანქანები შემოწმებაზე მიიყვანონ.

ყველა ეს ქმედება, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მოგვცემს, თუმცა ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება 1 თვესა და თუნდაც 1 წელიწადში ვერ მოხდება. შედეგები მალევე გამოჩნდება, თუმცა ხელშესახებ, ალბათ, 5 წელიწადში გახდება“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

“ახლა დაიწყეს კეზერაშვილის ქველმოქმედად წარმოჩენა” – ამირან სალუქვაძე

ახლა დაიწყეს კეზერაშვილის ქველმოქმედად წარმოჩენა. მედია მენეჯერად ხომ დაკანონდა?! წალენჯიხაში ჭადრაკის დარბაზი შეუკეთებია “ფორმულა ჯგუფის” სახელით და მისი წარმომადგენელი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის, – წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ის ხალხი, რომელიც ერთის მხრივ, აქილიკებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რამდენიმე შეკეთებული შენობის შემდეგ ცდილობს, კეზერაშვილი მეცენატად მოიხსენიოს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეს ნაბიჯი, ბიზნესის ტერორით, პენსიონერების მოტყუებით და ჯარის ბიუჯეტიდან მიღებული ფულის გათეთრების და შელახული იმიჯის აღდგენის მცდელობაა.

„ახლა დაიწყეს კეზერაშვილის ქველმოქმედად წარმოჩენა. მედია მენეჯერად ხომ დაკანონდა?!

წალენჯიხაში ჭადრაკის დარბაზი შეუკეთებია “ფორმულა ჯგუფის” სახელით და მისი წარმომადგენელი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის. სჯობდა მუნიციპალიტეტისთვის დაგეთმოთ დაფნის გვირგვინი.

ავიწყდებათ, რომ ქველმოქმედება, მეცენატობა თავდაცვის ბიუჯეტიდან, ან ბიზნესის დატერორებით ან პენსიონერების გადაგდებით მიღებული თანხებით შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ან ფულის, ან შებღალული სახელის, ან ორივეს ერთად გათეთრების მცდელობად და არა ქველმოქმედებად.

ესაა სასაცილო, რომ იგივე ხალხი ერთი მხრივ აქილიკებს ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლის ფინანსების წარმომავლობას და ქველმოქმედების სისწორეს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ ექსპერტიზას, მეორე მხრივ იგივე ხალხს მცდელობა აქვთ კეზერაშვილის პირველი “საქველმოქმედო” ნაბიჯი შემოგვაპარონ და რამდენიმე შეკეთებული შენობის შემდეგ უკვე მეცენატად მოიხსენიონ ხოლმე.

რა ქნა, ტელევიზიის აქციების ნახევარი უკვე გადაულოცა კოლექტივს? პასპორტმა შეუშალა ხელი. ვითომ არ იცოდა პასპორტი რომ არ ჰქონდა და ვერ გადააფორმებდა? ვისაც გჯერათ, მიჰყევით მაგ მატარებელს ბოლო გაჩერებამდე.

ანუ, ბი-ბი-სის ფილმის აღშფოთებამ გადაგიარათ? თუ რადგანაც პასპორტი არ ჰქონია, მისი უძრავი ქონება აღარაა ტოქსიკური და შეგიძლიათ გააგრძელოთ სარგებლობა?

ისიც გაუგებარია, რატომ დაგპირდათ წილის ნახევარი და არა მთლიანი ნაწილი? წილის მეოთხედს რომ შეინარჩუნებდა, ქონების 25%-ის ტოქსიკურობაზე თანახმა იყავით? ანუ პენსიონერების ფულით ნაყიდი 25% ქონება მოსულა და 50% არა? ისიც ხომ გასაგებია, რომ ეს გადმოცემა რომც მომხდარიყო, ფორმალური, ანუ ფიქტიური იქნებოდა?

დავუშვათ და პასპორტის პრობლემა არ ჰქონოდა და ნახევარი კი არა, მთელი წილი მოეცა კოლექტივისთვის, ხელფასებს ხომ იხდის, ეს არ გიქმნით პრობლემას? ნაღდი ფული არაა იგივე წარმომავლობის?

კიდევ ერთი კითხვა. მესმის, გადაგიარათ ბი-ბი-სის ფილმის სიმწვავემ. ჯარის და ქართული ბიზნესის ხარჯზე რომ გამდიდრდა, არ გადარდებთ. მხოლოდ ევროპელი პენსიონერები აგეწვათ. თუმცა ხანმოკლედ. მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ. შეგაშინათ ბი-ბი-სის გამოძიებამ და დავუშვათ, პირობითად, გადაიფორმეთ ტოქსიკური ფულით შეძენილი ტელევიზია. რა ჰქვია ამ პროცესს, ხომ ვერ მეტყვით? ჭუჭყიანის გარეცხვა ჰქვია? შემდეგ ვინც თქვენგან შეიძენს, “სუფთა” ქონება იქნება?

მოკლედ, მასე შორს ვერ გაფრინდებით.” – წერს ამირან სალუქვაძე

6 თვეში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

“საქართველო და უკრაინა ადრე რომ მიეღოთ ნატოში, ამ ორი ქვეყნიდან არცერთში ომი არ იქნებოდა”- ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს ნატოსთან თავსებადობა ეჭვგარეშეა. ველოდებით ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უკან თუ მივიხედავთ, საქართველო და უკრაინა ადრე რომ მიეღოთ ნატოში, ამ ორი ქვეყნიდან არცერთში ომი არ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაიში ვიზიტისას ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთან, ინტერვიუში განაცხადა.

მან გამოცემასთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

„გვესმის, რომ ომის დასრულებამდე ნატოში გაწევრიანება არ მოხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ვილნიუსის სამიტზე რაიმე წინსვლას არ ველოდით. არ ვიტყოდი, რომ სამიტის შემდეგ უფრო შორს ვართ-მეთქი, მაგრამ არც უფრო ახლოს ვართ. ასეც კი, ხაზგასმით უნდა ითქვას, ნატოში ინტეგრაციის კუთხით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გვაქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის. ჩვენი შეიარაღებული ძალების 85%-ზე მეტი მსახურობდა ნატოს სხვადასხვა მისიაში ავღანეთში, ერაყში თუ სხვაგან.

საქართველოს ნატოსთან თავსებადობა ეჭვგარეშეა. ველოდებით ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უკან თუ მივიხედავთ, საქართველო და უკრაინა ადრე რომ მიეღოთ ნატოში, ამ ორი ქვეყნიდან არცერთში ომი არ იქნებოდა. მაგრამ ახლა, კონფლიქტების გამო, პრაქტიკულად არ ვართ წევრები. ჩვენ ორლესულ ხმალზე ვართ: ერთი მხრივ, გვინდა წევრობა, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ამისათვის ხელის შეშლას“, – აცხადებს სამხარაძე.

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, უწყებაში საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები)  ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 4 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ცეცხლი ტყის მასივში უკვე ორი დღეა მძვინვარებს, რომლის ლოკალიზებას სამაშველო ავიაცია და 300 ერთეული სახანძრო ბრიგადა ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

სტიქიასთან გამკლავებას ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. ხანძარმა უკვე 5 000-მდე ჰექტარი ფართობი მოიცვა.

სტიქიის ზონასთან ახლომდებარე დასახლებებში, 13 სახლი განადგურდა.

საქართველოს დღეს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

დღეს, 17 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

წერეთლის ქუჩაზე წყალი სახლებში ღამით 04:00 საათისთვის შევარდა. დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

წყალმა პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. დაიტბორა გზები და ტროტუარები.

“ზელენსკის ვეტყოდი, კმარა – პუტინს ვეტყოდი – თუ შეთანხმებას არ დადებ, უკრაინას უფრო მეტად დავეხმარებით”

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში კონფლიქტს 24 საათში დაასრულებს.

მისი თქმით, ძალიან კარგად იცნობს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკისთან საუბარში კონფლიქტს ერთი ფრაზით დაასრულებს: „მე ვეტყოდი ზელენსკის: “კმარა, შეთანხმება უნდა დადო”.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ეტყოდა, რომ თუ მოსკოვი შეთანხმების გაფორმებას არ დასთანხმდება, მაშინ ვაშინგტონი კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს კიევს.

„მე ვეტყოდი პუტინს, თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მას ბევრს მივცემთ. მივცეთ უკრაინას იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე მიუღია. შეთანხმებას ერთ დღეში დავდებ, ერთ დღეში“, – აღნიშნა ტრამპმა.

ომის 509-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

რუსულმა ძალებმა ხარკოვს ერთ დღეში მესამედ შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ოკუპანტები კვლავ დარტყმას ახორციელებენ ხარკოვის ოლქზე. იყავით თავშესაფრებში!”- წერს სინეგუბოვი „ტელეგრამზე“.

მანამდე რუსებმა ხარკოვს С-300 ტიპის რაკეტებით ორჯერ დაარტყეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ყველა მათგანი ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თანამშრომელია.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს.

ამასთან, გენშტაბის რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, რის შედეგადაც დაშავებული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, კომუნალური და ადმინისტრაციული შენობები, ასევე კერძო ავტომობილები.

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 48-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალი რჩება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ყირიმის ხიდის მალის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა “საგანგებო ინციდენტის” გამო შეჩერებულია. მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და ყველა პასუხისმგებელი სამსახური მუშაობს.

აქსიონოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევთან განიხილა.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხიდზე ორი აფეთქება მოხდა.

ყირიმის ხიდს ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალების მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

“ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს “

ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს. პროვოკაციების მოწყობა ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების და რუსეთისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა, – ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

„ასეთი პროვოკაციების შექმნა, რომელსაც ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს, ყირიმის ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა“, – განაცხადა გუმენიუკმა.

შეგახსენებთ, ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა „საგანგებო ინციდენტის“ გამო შეჩერებულია. ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი, დედა და მამა, დაიღუპა, მათი ქალიშვილი კი – დაშავდა.