“ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას”

112
spot_img

ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას – ძველ რომში ამბობდნენ, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდ ქვეყანა დაიქცესო“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან უკრაინის რადას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს.

როგორც ღუდუშაური აცხადებს, ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „რეალობას, მათ შორის სტრასბურგის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობიერებს”. მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ვერ გაზომავს „ამ ქვეყნის მოსახლეობის პოზიციას და სამართლიან მართლმსაჯულებას დაუპირისპირდება“.

„რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღოს სააკაშვილზე უკრაინის რადამ, ამ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, ჰყავს ძალიან ამაყი, ღირსეული ხალხი და ღირსეული მთავრობა, რომელიც იცავს სუვერენიტეტს. ღმერთმა დაიფაროს უკრაინა ამისგან, მაგრამ სულ რომ რადას ყველა წევრი არახამია გახდეს ერთ მშვენიერ დღეს, მაინც ვერაფერს შეცვლიან, ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს, ღირსებას, კანონმდებლობას დავიცავთ. კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებით ქართულმა და ევროპულმა მართლმსაჯულებამ გასცა ყველაფერს პასუხი, ამიტომ ვურჩევდი, ნერვებს გაუფრთხილდნენ და მიხედონ თავიანთ საქმეს.

ვერანაირი რეზოლუციები, ვერანაირი არახამიები, ვერც სხვა მსგავსი ცრუ აქტივობები ვერ დაძლევს მართლმსაჯულებას, ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდ ქვეყანა დაიქცეს“. იმ ჩანაწერში არსად არის ის, რომ მართლმსაჯულების აღსრულებას წინ შეიძლება აღუდგეს ვინმე არახამიები, სხვა პირები ან რაიმე რეზოლუციები. უკრაინამ რეზოლუცია კი არ უნდა მიიღოს, მარტივი დოკუმენტი უნდა გამოსცეს და საქართველოს უნდა გადმოსცეს კრიმინალი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ვინც თავს აფარებენ უკრაინას და ქართველი ხალხის შეურაცხყოფის ხარჯზე მათ ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე. როცა ქართველმა ხალხმა ის რეჟიმი გაისტუმრა უკრაინა ამ ჩამოწერილთა ნავსაყუდლად აქციეს იმ კრიმინალების, რომლებიც აქედან მართლმსაჯულებას გაექცნენ, ასეთი ადამიანების თავშეყრის ადგილად აქციეს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.