თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება

128
spot_img

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ქუჩებში იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ, რის შემდეგაც შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ.

მისივე თქმით, ზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

„ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რა თქმა უნდა, გვაქვს. ძირითადად, ეს უმსხვილეს ქალაქებში ხდება. დაბინძურება ორ ძირითად ნაწილად იყოფა – მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის პრობლემა. ამ უკანასკნელის მთავარი გამომწვევი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქალაქში, ავტოტრანსპორტია. მყარ ნაწილაკებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც სამრეწველო სექტორი კანონმდებლობით დავარეგულირეთ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. რაც კომპანიებმა თვითკონტროლი დაიწყეს, მყარი ნაწილაკებით დაბინძურება შემცირდა, განსაკუთრებით რუსთავში.

აზოტის დიოქსიდის პრობლემა გამოწვეულია მანქანების გაუმართაობით და არა საწვავის ხარისხით. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწვავის ხარისხს ყოველწლიურად ამოწმებს და ბენზინთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება, ხოლო დიზელის პრობლემა, ძირითადად, გოგირდთან დაკავშირებულია, რაც გამონაბოლქვზე გავლენას არ ახდენს.

ავტომობილების ტექნიკური გამართულობა მავნე ნივთიერებებთან პირდაპირ დაკავშირებულია. ამისთვის შემოვიღეთ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ გვყავს უპასუხისმგებლო მძღოლები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ინსპექტირების დღისთვის აწესრიგებენ მანქანას. ამ მავნე პრაქტიკის შესამცირებლად, საჭიროა, რომ გზებზე გამონაბოლქვი შევამოწმოთ და ამით უპასუხისმგებლო მძღოლები ვაიძულოთ, რომ მათი ავტომობილები მუდმივად მწყობრში იყოს.

ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იმოძრავებენ და როდესაც ავტომობილის ზედმეტ გამონაბოლქვს ვიზუალურად შეამჩნევენ, მას გააჩერებენ და შესაბამისი ტექნიკით შეამოწმებენ. ეს კანონი ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

ზღვრული ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში, ბუნებრივია, იარსებებს სანქციები. ფიზიკური პირებისთვის პირველ ჯერზე ეს 100 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში – 300 ლარი, ხოლო მესამე დაფიქსირებისას, ჯარიმა 600 ლარამდე გაიზრდება.

იურიდიული პირების შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე იზრდება, – აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ტექ-ინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შედის, რათა მძღოლებმა ავტომობილების ტექნიკურ შემოწმების თავი აღარ აარიდონ.

„გარდა ამისა, ჩვენ ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო განმეორებითი ჯარიმებიც შემოვიღეთ, რათა ის ადამიანები, რომლებსაც 40 ლარის გადახდით ინსპექტირებისთვის თავის არიდება ურჩევნიათ, ვაიძულოთ მანქანები შემოწმებაზე მიიყვანონ.

ყველა ეს ქმედება, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მოგვცემს, თუმცა ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება 1 თვესა და თუნდაც 1 წელიწადში ვერ მოხდება. შედეგები მალევე გამოჩნდება, თუმცა ხელშესახებ, ალბათ, 5 წელიწადში გახდება“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.