Home Blog Page 1860

რუსეთმა „მარცველუელის შეთანხმება“ შეაჩერა

კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა „მარცველუელის შეთანხმება“ შეაჩერა.

პესკოვმა განაცხდა, რომ არ შესრულებულა შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება.

„ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილი შესრულდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადჰენლის მარია ზახარობას განცხადებით, რუსეთმა თურქეთი და უკრაინა, ასევე გაეროს ცნობა შეთანხმებსი შეცეების შესახებ შეაყუობინ.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი გამოცხადა

გამოცხადდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ახალგაზრდა მკვლევართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ – ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე

https://shorturl.at/quxY5

ომარ მხეიძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში   მისი შვილიშვილი, დეიკო მხეიძე ავრცელებს.

„მე ბაბუა აღარ მყავს, საქართველოს – დიდი ადამიანი“, – წერს დეიკო მხეიძე.

ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა.1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა 2014 წელს დაასახელა “საუკუნის მოცეკვავედ”, პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით კი, ფონდმა “ქართული გალობა“, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა “ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება“. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

“ჩვენ დავუწესეთ რუსეთს სანქციები”- პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ შემოვიღეთ სანქციები და ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა  და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი, არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შევზღუდოთ გადაადგილება, კონტაქტები. ამის გამო რეალურად ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის უკრაინაში საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩასვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალის აშენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, თბილისი-ნატახტრის მონაკვეთი ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და რუსეთთან დამაკავშირებელ გზას არ წარმოადგენს. მათივე ცნობით, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.

“პოლონელმა ექიმმა, ანტიპროფესიული ქმედებით, სააკაშვილთან დაკავშირებულ მანიპულაციებს წერტილი დაუსვა”-გურამ მაჭარაშვილი

პოლონელმა ექიმმა თავისი ანტიადამიანური, ანტიპროფესიული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით დიდი წერტილი დაუსვა პროვოკაციებსა და მანიპულაციებს, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება და ხდებოდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მამულად გატანის მცდელობას სხვა მიზანი ვერ ექნებოდა, გარდა გაყალბებისა.

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილთან მიმართებით არ არსებობს არც წამება, არც მოწამვლა. როცა დარწმუნდნენ, რომ ამ ადამიანს ვერ დაიხსნიდნენ, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა თქვა, სააკაშვილს მთლიანად აქედან ვერ ვიხსნით და ნაწილ-ნაწილ გამოვიყვანოთო. ნიმუში ისედაც ოფიციალურად გაჰქონდათ და შემდეგ შეეცადა, მალულად წინდებით გამოეტანა. ექიმმა ნიმუშის ამბავი აღიარა. გამოდის, რომ ეს ყველაფერი გაყალბებისთვის უნდოდა და თავისსავე კლინიკაში უნდოდა, ამ ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს, გაყალბების გარდა, სხვა მიზანი ვერ ექნებოდა. ოფიციალურად გატანილს ვერ გააყალბებდა, ამიტომ წინდით გატანილის გაყალბება უნდოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. პოლონელი ექიმის ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა. პოლონელ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

“ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რამაც მოგზაურთა რაოდენობის 2,8 მლნ-მდე ზრდას ხელი შეუწყო”

საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და პანდემიამდელ ნიშნულს ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც ამ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9%-ს შეადგენს. ამასთან, 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ია.

„დღეს საქართველოს ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 60-მდე პირდაპირი მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, ფაქტობრივად, ყოველთვიურად გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ, სამიზნე – ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100%-ით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

რაც შეეხება 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებს, საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლაიონსების თვალის კლინიკამ ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დვანში ჩაატარა

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. სამსახურის ბენეფიციარებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ ოპტიკური საშუალებები ( 160 სათვალე);

უფასო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 82-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 41 ვეტერანი, ხოლო 41 ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. განხორციელდა 110-ზე მეტი სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე,შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი,ზვიად საბაშვილი, სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა- საქართველომ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, დღეის ჩათვლით, უსასყიდლოდ გაუწია კვალიფიციური მომსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 723 ბენეფიციარს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 11 ივლისს, წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას უსაფრთხოების დასაცავად გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ არსებობდა, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო.

მისივე თქმით, ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

„წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას შაბათ დღეს რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კვირა დღეს სამუშაოები არ ჩატარებულა და ორშაბათს ეს უბედური შემთხვევა მოხდა.

ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდებოდა. გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ იყო, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო. მოსამზადებელი სამუშაოები ზუსტად იმისთვის მიმდინარეობდა, რომ უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული ყოფილიყო“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში, 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული მონაცემების გაყალბება – კახა კალაძე პოლონელ ექიმზე

„იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პოლონელი ექიმის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის თემის გარშემო ხდება, დიდი სიცრუე და ფარისევლობაა.

„ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა – მისი „მოწამვლიდან“ დაწყებული „სიკვდილით“ დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“პოლიტიკური ალღოს“ და „გამჭრიახობის“ ნიმუშია ოპოზიციის ლიდერად დანიშნულ Go Go Zhenia-ს ევროპაში კუბილიუსს, კრამონს და ფოტიგას რომ შეახვედრებ, კიევში კი არახამიას”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიერ ევროპაში გამართულ შეხვედრებს ეხმიანება.

„პოლიტიკური ალღოს“ და „გამჭრიახობის“ ნიმუშია ოპოზიციის ლიდერად დანიშნულ Go Go Zhenia-ს ევროსპაში კუბილიუსს, კრამონს და ფოტიგას რომ შეახვედრებ, კიევში კი არახამიას!

რატომ ფიქრობთ Miss რომ აშშ-ის ელჩობა საკმარისია, თქვენი სიტყვა კიტრად იქცეს? ისე მიშასაც ეგონა ტრაილერში კიტრი ვარო“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

“პოლონელმა ექიმმა ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა”

ეს ფაქტი აუხსნელია, ამ ადამიანებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არავინ უკრძალავდა აეღოთ ეს ნიმუშები კანონის სრული დაცვით – როგორც კი ოფიციალურად მოითხოვეს, ოფიციალურადვე ჩვენ სრული პროტოკოლის შესაბამისად ეს ნიმუშები გადავეცით, – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონელმა მედიკოსმა ახსნა-განმარტებაში დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა მან ეს ნიმუში.

„პოლონელი კოლეგები კლინიკაში შემოვიდნენ დაახლოებით სამი საათისთვის, მე მათ შევხვდი და შემდეგ მათ პაციენტი მოინახულეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად მე მათთან ურთიერთობა მქონდა. თუმცა, მე არ ვიყავი იმ მომენტში, როცა ისინი უშუალოდ პაციენტს ესაუბრებოდნენ და მათ მიერ პაციენტის გასინჯვა ხდებოდა. ამ პერიოდში ისინი ოთახიდან გამოდიოდნენ, ეცნობოდნენ ისტორიას, ინსტრუმენტალური, თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. უნდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კოლეგიალურები და კომუნიკაბელურები იყვნენ. მათ ნახეს ყველა კვლევა, მათ დამატებითი არანაირი კვლევა არ მოუთხოვიათ.

მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანებთან ერთად გვიან საღამომდე ვიყავი. რამდენჯერმე ჩატარდა მათ მიერ კონსულტაციები და მერე, როგორც გავიგე, მათ აუღიათ ბიოლოგიური ნიმუშები, მაგრამ ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აქვს თავისი წესი. როდესაც ჩვენ ეს გავიგეთ, ამ ადამიანებს ავუხსენით, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს თანხმობა პენიტენციური დაწესებულების, პაციენტის და კლინიკის. ამის შემდეგ ოფიციალურად, როდესაც ნებართვა გაიცა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, ამას ჩვენი კლინიკის წარმომადგენლები ვესწრებოდით, ეს ნიმუშები აღებული იქნა, ჩაიდო კონვერტში, დაილუქა ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი დავიტოვეთ ჩვენ და მეორე ეგზემპლარი მათ გადავეცით.

ეს ფაქტი აუხსნელია, ამ ადამიანებს არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა და არავინ არ უკრძალავდა აეღოთ ეს ნიმუშები კანონის სრული დაცვით. როგორც კი ოფიციალურად მოითხოვეს, ოფიციალურადვე ჩვენ სრული პროტოკოლის შესაბამისად ეს ნიმუშები გადავეცით.

ამ ადამიანმა ამის შესახებ ახსნა-განმარტება დაწერა, თუ როგორ მოხდა მის მიერ ბიოლოგიური ნიმუშის არალეგალურად აღება და სად შეინახა ეს ნიმუში. მან დაწერა, რომ ეს ნიმუში აიღო, მაგრამ შემდეგ ოფიციალურად, როდესაც კანონიერად ნიმუშის აღება მოხდა, მას უნდა ჩაედო ჯიბეში, მაგრამ არ ჩაიდო ჯიბეში, მას ჩვევა აქვს, რომ ყველაფერს ინახავს ფეხსაცმელში. ყველას თავისი ჩვევა აქვს. ნამდვილად, ისინი არიან თავისი დარგის ცნობილი წარმომადგენლები თავიან ქვეყანაში და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, ეს ინციდენტი”, – განაცხადა ჩხაიძემ.

“როგორ წარდგებიან ისინი არჩევნებზე არ მაინტერესებს, რადგან მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ყველანი ერთნი არიან”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაყოფილები არიან, თუმცა მათ ერთი პატრონი ჰყავთ.კახა კალაძემ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეკრების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო გეგმები.

„რეალურად ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის. ერთი პარტია იყო თავის დროზე, შემდეგ დაიშალნენ და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ჰყავთ ერთი პატრონი. შეიძლება დღეს ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, მაგრამ ყველანი ერთნი არიან. როგორ წარდგებიან ისინი ან რა ფორმულირება ექნებათ, ეს მე არ მაინტერესებს.

ჩემთვის მთავარი არის ჩემი პარტია, თუ როგორ წარდგება, რა სიახლეებს შემოიტანს, რა ახალი პროექტები გვექნება. რაც შეეხება ამ ადამიანებს, საერთოდ არ არიან საინტერესო. მათ ყველას ერთი ხერხემალი აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.