ომარ მხეიძე გარდაიცვალა

193
spot_img

88 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში   მისი შვილიშვილი, დეიკო მხეიძე ავრცელებს.

„მე ბაბუა აღარ მყავს, საქართველოს – დიდი ადამიანი“, – წერს დეიკო მხეიძე.

ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა.1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა 2014 წელს დაასახელა “საუკუნის მოცეკვავედ”, პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით კი, ფონდმა “ქართული გალობა“, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა “ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება“. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.