“ჩვენ დავუწესეთ რუსეთს სანქციები”- პაველ ჰერჩინსკი

108
spot_img

ჩვენ შემოვიღეთ სანქციები და ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა  და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი, არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შევზღუდოთ გადაადგილება, კონტაქტები. ამის გამო რეალურად ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის უკრაინაში საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩასვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალის აშენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, თბილისი-ნატახტრის მონაკვეთი ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და რუსეთთან დამაკავშირებელ გზას არ წარმოადგენს. მათივე ცნობით, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.