Home Blog Page 1859

ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა თავდაცვით ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისათვის 800 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

2024 წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულ 886 მილიარდ დოლარს მოიცავს წლიური სამხედრო ხარჯებისთვის, ისევე როგორც სამხედრო ანაზღაურების ყველაზე დიდ ზრდას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

საბიუჯეტო კანონი ასევე ამტკიცებს 2023 ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნას შეკავების ევროპული ინიციატივისთვის და აგრძელებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ინიციატივას, რაც 800 მილიონ დოლარს შეადგენს.

გარდა ამისა, საბიუჯეტო კანონი მიზნად ისახავს უკრაინისათვის გრძელვადიანი დახმარების გაწევას.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მდებარეობათა ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს.  პროგრამა პრემიერის გადაწყვეტილებით 2023 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია ათი მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტია  და ყაზბეგი.  შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე ცხრა მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან  5-წლიანი პროგრამისთვის 1 მლრდ ლარი არის გამოყოფილი.

საუბრისას აღინიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას.

მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობათა შესახებ. საკითხის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ღონისძიება საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.

ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს გონიოს განვითარების გეგმა. წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით განხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით, რომელიც მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სარეკრეაციო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, ჭარბტენიან ლანდშაფტებს. პროექტის განხორციელების პერიოდში  რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რატომ ესხმიან ისინი თავს სავაჭრო გემებს?

მეამბოხე ჰუსიტები, რომლებიც იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ნებისმიერ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით ისრაელისკენ მიემართებიან.

ჯერ კიდევ ნოემბერში, ჰუსიტებმა წითელი ზღვის აკვატორიაში მცურავი, ისრაელის საკუთრებაში არსებული სატვირთო გემი დააკავეს. ამასთანავე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ისინი რამდენიმე სხვა კომერციულ ხომალდს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. რა უნდათ ჰუსიტებს, BBC-მ გაარკვია.

 

როგორ შეუტიეს ჰუსიტებმა ისრაელის ობიექტებს?

 

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში საპასუხო ოპერაცია დაიწყო, ამბოხებულმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რამდენიმე მათგანი წითელ ზღვაში მცურავმა ამერიკულმა ხომალდმა გაანეიტრალა, ნაწილი კი წითელ ზღვაში ჩავარდა ან ეგვიპტის ტერიტორიაზე დაეცა. ჰუსიტების თქმით, 2023 წლის ნოემბერში მათ ისრაელის სატვირთო გემი წითელ ზღვაში გაიტაცეს და იემენის სანაპიროსკენ წაიყვანეს.

მაშინ ისრაელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხომალდი მას არ ეკუთვნოდა და ეკიპაჟში არცერთი ისრაელელი არ ირიცხებოდა. თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, გემს ისრაელელი მფლობელი ჰყავდა. 3 დეკემბრიდან მოყოლებული, წითელ ზღვაში მცურავ რამდენიმე კომერციულ ხომალდს ჰუსიტები მათ მიერ კონტროლირებადი იემენის საპიროდან უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხნენ. ამერიკულმა, ბრიტანულმა და ფრანგულმა სამხედრო ხომალდებმა ამ საბრძოლო მასალის დიდი ნაწილი გაანეიტრალეს, მაგრამ რამდენიმე ხომალდი მაინც დაზიანდა.

მსოფლიოს უდიდესმა გადამზიდავმა კომპანიამ, Mediterranean Shipping Company-მ განაცხადა, რომ თავის გემებს წითელი ზღვის გვერდის ავლით გზავნის. ანალოგიურად მოიქცნენ ფრანგული კომპანია CMA CGM-ი, დანიური გადამზიდავი კომპანია Maersk-ი, გერმანული კომპანია Hapag-Lloyd-ი და ნავთობკომპანია BP. ამერიკულმა სამხედრო სააგენტო Centcom-მა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ამ თავდასხმებს იემენელი ჰუსიტები ახორციელებენ, მათ სრულად უჭერს მხარს ირანი“. შეერთებული შტატები მომხრეა, რომ შეიქმნას საზღვაო-სამხედრო სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომერციულ გემებს ჰუსიტების შემდგომი თავდასხმებისგან დაიცავს. გარდა ამისა, ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჰუსიტების მოძრაობა ტერორისტულ დაჯგუფებად დასახელდეს.

 

ვინ არიან ჰუსიტები და რის მიღწევას ცდილობენ?

 

ჰუსიტები – იემენში მოქმედი შეიარაღებულ დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის შიიტურ მუსლიმურ უმცირესობას, ზეიდიტებს  წარმოადგენს. აღნიშნული გაერთიანება შეიქმნა 1990-იან წლებში იმისათვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, იმდროინდელი პრეზიდენტის – ალი აბდულა სალეჰის კორუმპირებულ რეჟიმთან ებრძოლათ. დაჯგუფებამ სახელწოდება მოძრაობის დამფუძნებლის, ჰუსეინ ალ-ჰუსის საპატივცემულოდ მიიღო. ამასთანავე, ისინი საკუთარ თავს „ანსარ ალაჰს“ ან „ღმერთის პარტიზანებს“ უწოდებენ. 2003 წელს, აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ, ჰუსიტების სლოგანი ასეთია: „ალაჰი დიდია! სიკვდილი აშშ-ს! სიკვდილი ისრაელს! იუდეველებს წყევლა და ისლამს გამარჯვება!”. ისინი თავიანთ თავს, „ჰამასსა“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად, ისრაელის, აშშ-ისა და მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ირანის ხელმძღვანელობით დაწყებული მოძრაობის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ ესხმიან ისრაელის გემებს ჰუსიტები სპარსეთის ყურეში, – ამბობს ჰიშამ ალ-ომეისი, ევროპის მშვიდობის ინსტიტუტის ექსპერტი იემენის საკითხებში. „ახლა ისინი ნამდვილად ებრძვიან იმპერიალისტებს, ებრძვიან ისლამური ნაციის მტრებს. ეს მათ წრეში ძალიან რეზონანსული მოვლენაა“,- ამბობს ის.

 

როგორ დაიკავეს ჰუსიტებმა იემენის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი?

 

ჰუსიტებმა იემენში პოლიტიკური ძალაუფლება 2014 წლის დასაწყისში, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მემკვიდრის, აბდრაბბუ მანსურ ჰადის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად მოიპოვეს. მათ ყოფილ მტერთან, სალეჰთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ჰუსიტებმა მისი ხელისუფლებაში დაბრუნება გადაწყვიტეს. მათ ჩრდილოეთ იემენში მდებარე საადას პროვინცია აიღეს და 2015 წლის დასაწყისში ქვეყნის დედაქალაქი სანა დაიკავეს, რის გამოც პრეზიდენტი ჰადი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ გაქცეულიყო. აღნიშნულ პროცესებში მეზობელი საუდის არაბეთი ჩაერია, რათა პრეზიდენტი ჰადის ხელისუფლებაში დაებრუნებინა. მას მხარი დაუჭირეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა. თუმცა ჰუსიტებმა გარეშე ძალების თავდასხმები მოიგერიეს და იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილის კონტროლი განაგრძეს. 2017 წელს ალი აბდულა სალეჰმა საუდიტების მხარეს გადასვლა სცადა, რის გამოს ის ჰუტისებმა მოკლეს.

 

ვინ უჭერს მხარს ჰუსიტებს?

 

ჰუსიტებმა მისაბაძ მაგალითად ლიბანის შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ დაისახეს. ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის – ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის თანახმად, 2014 წლიდან ჰუსიტებს მებრძოლების მომზადებაში „ჰეზბოლა“ ეხმარება. თავის მხრივ, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული დაჯგუფების წევრებს სწორედ ირანმა მიაწოდა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ჰუსიტებმა 2017 წელს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩამოაგდეს. მაშინ რაკეტების განეიტრალება მოხერხდა. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა დაადანაშაულა ირანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში, რომლებიც ჰუსიტებმა 2019 წელს, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმისთვის  გამოიყენეს. მსგავს ფაქტებს ირანი კატეგორიულად უარყოფს.

 

რამდენად ძლიერები არიან ჰუსიტები და იემენის ტერიტორიის რა ნაწილს აკონტროლებენ ისინი?

 

ქვეყნის ოფიციალური მთავრობა არის საპრეზიდენტო მმართველი საბჭო, რომელსაც პრეზიდენტმა აბდრაბბუ მანსურ ჰადიმ თავისი უფლებამოსილება 2022 წლის აპრილში გადასცა. ის დაფუძნებულია საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. თუმცა იემენის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. აჯანყებულები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადასახადებს აგროვებენ და ფულსაც კი ბეჭდავენ.

გაეროს უშიშროების საბჭო ჰუტის ექსპერტ აჰმედ ალ-ბაჰრიზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ 2010 წლისთვის ჰუსიტებს ჰყავდათ 100 000-დან 120 000-მდე მხარდამჭერი, მათ შორის – შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. გაეროს ინფორმაციით, იემენელი მეამბოხეების „დავერბოვკების“ შედეგად, მხოლოდ 2020 წელს გამართულ საომარ მოქმედებებში, დაახლოებით, 1500 ბავშვი დაიღუპა. ჰუსიტები აკონტროლებენ წითელი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს, საიდანაც გემებს თავს ესხმიან. ეს მათ აძლევს საშუალებას, საუდის არაბეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში კოზირი ჰქონდეთ, – ამბობს ალ-ომეისი. „ამით ისინი საუდის არაბეთს აჩვენებენ, რომ წითელი ზღვის სრუტის – ბაბ-ელ-მანდაბის გადაკეტვა შეუძლიათ. მსგავსი ზეწოლას შედეგად, ჰუსიტები ერ-რიადს დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებენ“, – ასკვნის ის.

სად იზღუდება მოძრაობა 23 დეკემბრიდან 4 იანვრამდე – დეტალები

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან  მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე),  ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება  ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.

აგრეთვე, შეზღუდვის პერიოდში, ალექსანდრე ინაშვილისა და  შოთა მესხიას ქუჩებიდან, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რევაზ ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი  სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი შენგელაიას, თამარ ჭოველიძის, ბესარიონ ბელინსკის, კოტე მაყაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო ვასილ ბარნოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308  გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით მოზომილი სიტყვებსა და ქმედებებში. დაგეგმეთ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც დაგეხმარებათ განტვირთვაში, ასევე ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას.

კურო

განიტვირთეთ მაქსიმალურად, ასიამოვნეთ საკუთარ თავს, მოიწყვეთ ჰარმონიული დღე. ამასთან ნუ ჩაიკეტებით, იყავით გახსნილი ურთიერთობებისთვის.

ტყუპები

იყავით მეტად ლმობიერი, როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების მიმართ. ზედმეტი კრიტიკულობა დღეს არ გამოგადგებათ. გაისეირნეთ, მოინახულეთ საინტერესო ადგილები.

კირჩხიბი

იყავით მეტად თავდაჯერებული, თუმცა კომუნიკაციებში ინიციატივას ნუ გამოიჩენთ. უმჯობესია, მეტი დრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

ლომი

კინო, თეატრი, მეგობრების გარემოცვაში სასიამოვნო დღის გატარება…. ალტერნატივა, შესაძლოა, იყოს სახლში საინტერესო, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

ქალწული

იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე, მიიღეთ ნოყიერი საკვები, აღიდგინეთ ძალები. ეცადეთ, დღე ისეთ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, რომელთა გარემოცვაც თქვენზე სასიკეთოდ აისახება.

სასწორი

მეტად დაისვენეთ, გაერიდეთ რთულ სამუშაოსა და რთულ ადამიანებთან ურთიერთობებს. გაისეირნეთ, აღიდგინეთ ძალები.

მორიელი

აკონტროლეთ სიტყვები, ეცადეთ მეტად თავდაჭერილი იყოთ. განიტვირთეთ, დაგეგმეთ კულტურული ღონისძიებები.

მშვილდოსანი

შემოიფარგლეთ ჩვეული საქმიანობით. ნუ იქნებით სულსწრაფი, გამოიჩინეთ თქვენი საფირმო იუმორი და პოზიტიური განწყობა.

თხის რქა

ეცადეთ, თქვენს ცხოვრებაში პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანოთ. მეტად გახალისდით, დრო მეგობრებს დაუთმეთ, ჩაერთეთ სოციალურ ცხოვრებაში.

მერწყული

დაკავდით მხოლოდ ყოფითი საკითხებით, დრო მეტად დაუთმეთ თვითანალიზს, გარკვეული საკითხების გარკვევას. საღამოს კი, ეცადეთ, დრო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

თევზები

იყავით მეტად სოციალური, გაერთეთ, ჩაერთეთ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, გამართეთ მეგობრული შეკრება, მთავარია, არ ჩაიკეტოთ სახლში. მიიღეთ სამყაროსგან გამოგზავნილი სიახლეები.

“ადამიანის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი იმის მორიგი დასტურია, თუ რა უფსკრულში იმყოფებიან „ნაცებთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები”

იმის მორიგი დასტური თუ რა უფსკრულში იმყოფებიან „ნაცებთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს დამახინჯებული შეფასებებისას, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023″-ს, რომლის მიხედვითაც, „ადამიანის თავისუფლების ხარისხით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას“

„იმის მორიგი დასტური თუ რა უფსკრულში იმყოფებიან “ნაცებთან” დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს დამახინჯებული შეფასებებისას. შედეგიც სახეზეა – „ნაცენჯეო“ სალანძღავ სიტყვად იქცა ხალხში.

გამოქვეყნდა „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023″, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ადამიანის თავისუფლების ხარისხს სწავლობს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით.
რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს მონტენეგროსთან ერთად თანაბარი ქულით, ამასთან უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. გამოცემის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ რეიტინგმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო და ქვეყანა უკვე 27 ადგილით არის დაწინაურებული.

ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს ფაიზერის ინსტიტუტი და კატონის ინსტიტუტი ერთობლივად აწარმოებენ“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ადამიანის თავისუფლების ინდექსში, 2012 წლის შემდეგ რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო ევრაზიაში ლიდერია და მსოფლიო ხუთეულშია.

საგზაო დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება  გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა. აშშ-მა და რუსეთმა თავი შეიკავეს.

რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა შექმნან პირობები საბრძოლო მოქმედებების მდგრადი შეწყვეტისთვის.

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2024 წელი იღბლიანი

2024 წელი გვიახლოვდება. დრაკონი, მომდევნო წლის მთავარი სიმბოლო, ბევრ ადამიანს გამართლებას, შრომის დაფასებასა და მიზანდასახულობის აღიარებას ჰპირდება. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2024 წელს ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებთ და შემოსავალი გაეზრდებათ:

ვერძი

2024 წელი თქვენთვის პიროვნული თუ კარიერული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება. შეძლებთ, არაერთი იდეა, პროექტი განახორციელოთ, საჭირო მოტივაცია იპოვოთ და შემართებით შეუდგეთ საქმეს. ეს კი ფინანსურ სარგებელსაც მოგიტანთ. თქვენი შემოსავალი გაიზრდება. გექნებათ შესაძლებლობა, თანხა შეაგროვოთ და საოცნებო საქმეებისთვის დახარჯოთ.

კურო

2024 წლის განმავლობაში ფინანსური წარმატება თქვენთან ერთად იქნება და შემოსავალი მნიშვნელოვნად გაგეზრდებათ. ახლა დროა, თქვენი შრომისმოყვარეობის, მიზანდასახულობის შედეგი სრულად დაინახოთ და შესაბამისი ჯილდოც მიიღოთ. დაგროვილი კაპიტალით კი, სტაბილურ გარემოს შექმნით და სამომავლო გამოწვევების აღარ შეგეშინდებათ.

ქალწული

კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ასტროლოგები 2024 წელს სერიოზულ ეკონომიკურ წინსვლასა და შემოსავლის გაზრდას უწინასწარმეტყველებენ, ქალწულია. ძალიან მოწესრიგებული ადამიანები ხართ, რომლებსაც ყოველთვის აქვთ გეგმა, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. დრაკონი, რომელიც ადამიანების შრომისმოყვარეობას განსაკუთრებით აფასებს, ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ და მოტივაციას მოგცემთ.

„ფაიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ოთხ და ნატო-ს რვა წევრ ქვეყანას”

„ფაიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ოთხ და ნატო-ს რვა წევრ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ინარჩუნებს ტრადიციულ პოზიციას.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას და ინარჩუნებს ტრადიციულ პოზიციას პირველ ადგილზე ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. „ფაიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 4 და ნატო-ს 8 წევრს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის”

არ მესმის რა შუაშია „სუპერ პაკის“ იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია – სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან „პაკი“ და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან. ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროა ფართო საზოგადოებამ ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით აიღოს.

„საერთოდ არ მესმის რა შუაშია „სუპერ პაკის“ იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია.

ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, რესპუბლიკელების „პაკის“ თემას არავინ არ ეკითხება დემოკრატებს და პირიქით, მე ვისაუბრე „ნაციონალური მოძრაობის” „პაკზე“ და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი.

ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და უკრაინაშიც.

სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან „პაკი“ და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან.

ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს”,-წერს სააკაშვილი.

“თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ლაზარე გრიგორიადისს, გამოვა, რომ ისიც ამაყი იქნება, ცოცხლად დაწვას პოლიციელი”

თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ლაზარე გრიგორიადისს, გამოვა, რომ ისიც ამაყი იქნება, ცოცხლად დაწვას პოლიციელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს ადამიანი [გრიგორიადისი], როგორც თვითონ თქვა, ამაყობს, რომ პოლიციელს ცოცხლად წვავდა. ვინც მას მხარს უჭერს, ისინიც ამბობენ, რომ არიან ამაყები, ცოცხლად დაწვან პოლიციელი. ეს არის ყველაზე მთავარი ამ საკითხში. თუ თეორიულად ვერაფერს გამოვრიცხავთ, მითუმეტეს ზურაბიშვილისგან, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილიც ასევე, ამაყი იქნება, რომ ცოცხლად დაწვას პოლიციელი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანების სასახლეში  გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, თუ ლაზარეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების შესახებ აუცილებლად მიმართავენ.