მეამბოხე ჰუსიტები, რომლებიც იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ნებისმიერ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით ისრაელისკენ მიემართებიან.
ჯერ კიდევ ნოემბერში, ჰუსიტებმა წითელი ზღვის აკვატორიაში მცურავი, ისრაელის საკუთრებაში არსებული სატვირთო გემი დააკავეს. ამასთანავე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ისინი რამდენიმე სხვა კომერციულ ხომალდს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. რა უნდათ ჰუსიტებს, BBC-მ გაარკვია.
როგორ შეუტიეს ჰუსიტებმა ისრაელის ობიექტებს?
მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში საპასუხო ოპერაცია დაიწყო, ამბოხებულმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რამდენიმე მათგანი წითელ ზღვაში მცურავმა ამერიკულმა ხომალდმა გაანეიტრალა, ნაწილი კი წითელ ზღვაში ჩავარდა ან ეგვიპტის ტერიტორიაზე დაეცა. ჰუსიტების თქმით, 2023 წლის ნოემბერში მათ ისრაელის სატვირთო გემი წითელ ზღვაში გაიტაცეს და იემენის სანაპიროსკენ წაიყვანეს.
მაშინ ისრაელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხომალდი მას არ ეკუთვნოდა და ეკიპაჟში არცერთი ისრაელელი არ ირიცხებოდა. თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, გემს ისრაელელი მფლობელი ჰყავდა. 3 დეკემბრიდან მოყოლებული, წითელ ზღვაში მცურავ რამდენიმე კომერციულ ხომალდს ჰუსიტები მათ მიერ კონტროლირებადი იემენის საპიროდან უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხნენ. ამერიკულმა, ბრიტანულმა და ფრანგულმა სამხედრო ხომალდებმა ამ საბრძოლო მასალის დიდი ნაწილი გაანეიტრალეს, მაგრამ რამდენიმე ხომალდი მაინც დაზიანდა.
მსოფლიოს უდიდესმა გადამზიდავმა კომპანიამ, Mediterranean Shipping Company-მ განაცხადა, რომ თავის გემებს წითელი ზღვის გვერდის ავლით გზავნის. ანალოგიურად მოიქცნენ ფრანგული კომპანია CMA CGM-ი, დანიური გადამზიდავი კომპანია Maersk-ი, გერმანული კომპანია Hapag-Lloyd-ი და ნავთობკომპანია BP. ამერიკულმა სამხედრო სააგენტო Centcom-მა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს, განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ამ თავდასხმებს იემენელი ჰუსიტები ახორციელებენ, მათ სრულად უჭერს მხარს ირანი“. შეერთებული შტატები მომხრეა, რომ შეიქმნას საზღვაო-სამხედრო სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომერციულ გემებს ჰუსიტების შემდგომი თავდასხმებისგან დაიცავს. გარდა ამისა, ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჰუსიტების მოძრაობა ტერორისტულ დაჯგუფებად დასახელდეს.
ვინ არიან ჰუსიტები და რის მიღწევას ცდილობენ?
ჰუსიტები – იემენში მოქმედი შეიარაღებულ დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის შიიტურ მუსლიმურ უმცირესობას, ზეიდიტებს წარმოადგენს. აღნიშნული გაერთიანება შეიქმნა 1990-იან წლებში იმისათვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, იმდროინდელი პრეზიდენტის – ალი აბდულა სალეჰის კორუმპირებულ რეჟიმთან ებრძოლათ. დაჯგუფებამ სახელწოდება მოძრაობის დამფუძნებლის, ჰუსეინ ალ-ჰუსის საპატივცემულოდ მიიღო. ამასთანავე, ისინი საკუთარ თავს „ანსარ ალაჰს“ ან „ღმერთის პარტიზანებს“ უწოდებენ. 2003 წელს, აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ, ჰუსიტების სლოგანი ასეთია: „ალაჰი დიდია! სიკვდილი აშშ-ს! სიკვდილი ისრაელს! იუდეველებს წყევლა და ისლამს გამარჯვება!”. ისინი თავიანთ თავს, „ჰამასსა“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად, ისრაელის, აშშ-ისა და მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ირანის ხელმძღვანელობით დაწყებული მოძრაობის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ ესხმიან ისრაელის გემებს ჰუსიტები სპარსეთის ყურეში, – ამბობს ჰიშამ ალ-ომეისი, ევროპის მშვიდობის ინსტიტუტის ექსპერტი იემენის საკითხებში. „ახლა ისინი ნამდვილად ებრძვიან იმპერიალისტებს, ებრძვიან ისლამური ნაციის მტრებს. ეს მათ წრეში ძალიან რეზონანსული მოვლენაა“,- ამბობს ის.
როგორ დაიკავეს ჰუსიტებმა იემენის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი?
ჰუსიტებმა იემენში პოლიტიკური ძალაუფლება 2014 წლის დასაწყისში, პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მემკვიდრის, აბდრაბბუ მანსურ ჰადის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად მოიპოვეს. მათ ყოფილ მტერთან, სალეჰთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ჰუსიტებმა მისი ხელისუფლებაში დაბრუნება გადაწყვიტეს. მათ ჩრდილოეთ იემენში მდებარე საადას პროვინცია აიღეს და 2015 წლის დასაწყისში ქვეყნის დედაქალაქი სანა დაიკავეს, რის გამოც პრეზიდენტი ჰადი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ გაქცეულიყო. აღნიშნულ პროცესებში მეზობელი საუდის არაბეთი ჩაერია, რათა პრეზიდენტი ჰადის ხელისუფლებაში დაებრუნებინა. მას მხარი დაუჭირეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა. თუმცა ჰუსიტებმა გარეშე ძალების თავდასხმები მოიგერიეს და იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილის კონტროლი განაგრძეს. 2017 წელს ალი აბდულა სალეჰმა საუდიტების მხარეს გადასვლა სცადა, რის გამოს ის ჰუტისებმა მოკლეს.
ვინ უჭერს მხარს ჰუსიტებს?
ჰუსიტებმა მისაბაძ მაგალითად ლიბანის შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ დაისახეს. ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის – ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის თანახმად, 2014 წლიდან ჰუსიტებს მებრძოლების მომზადებაში „ჰეზბოლა“ ეხმარება. თავის მხრივ, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული დაჯგუფების წევრებს სწორედ ირანმა მიაწოდა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ჰუსიტებმა 2017 წელს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩამოაგდეს. მაშინ რაკეტების განეიტრალება მოხერხდა. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა დაადანაშაულა ირანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში, რომლებიც ჰუსიტებმა 2019 წელს, საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. მსგავს ფაქტებს ირანი კატეგორიულად უარყოფს.
რამდენად ძლიერები არიან ჰუსიტები და იემენის ტერიტორიის რა ნაწილს აკონტროლებენ ისინი?
ქვეყნის ოფიციალური მთავრობა არის საპრეზიდენტო მმართველი საბჭო, რომელსაც პრეზიდენტმა აბდრაბბუ მანსურ ჰადიმ თავისი უფლებამოსილება 2022 წლის აპრილში გადასცა. ის დაფუძნებულია საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. თუმცა იემენის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. აჯანყებულები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადასახადებს აგროვებენ და ფულსაც კი ბეჭდავენ.
გაეროს უშიშროების საბჭო ჰუტის ექსპერტ აჰმედ ალ-ბაჰრიზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ 2010 წლისთვის ჰუსიტებს ჰყავდათ 100 000-დან 120 000-მდე მხარდამჭერი, მათ შორის – შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. გაეროს ინფორმაციით, იემენელი მეამბოხეების „დავერბოვკების“ შედეგად, მხოლოდ 2020 წელს გამართულ საომარ მოქმედებებში, დაახლოებით, 1500 ბავშვი დაიღუპა. ჰუსიტები აკონტროლებენ წითელი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს, საიდანაც გემებს თავს ესხმიან. ეს მათ აძლევს საშუალებას, საუდის არაბეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში კოზირი ჰქონდეთ, – ამბობს ალ-ომეისი. „ამით ისინი საუდის არაბეთს აჩვენებენ, რომ წითელი ზღვის სრუტის – ბაბ-ელ-მანდაბის გადაკეტვა შეუძლიათ. მსგავსი ზეწოლას შედეგად, ჰუსიტები ერ-რიადს დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებენ“, – ასკვნის ის.